Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 3 მარტი 2011


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს პირველ გვერდზე კითხულობს, ხომ არ დაიწუნეს ბურებმა საქართველოო. გაზეთი ტელეკომპანია „ბიბისის“ რეპორტაჟს ეყრდნობა, სადაც უჩვენებიათ საქართველოთი იმედგაცრუებული ბური ფერმერები, რომლებსაც უთქვამთ, აქ ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები და მთავრობასაც ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ შეთავაზება რეალური გახდესო. საპირისპიროს ამბობს გაზეთთან საუბარში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკა ავალიანი, რომელიც ამტკიცებს, მათ აქ დიდი პოტენციალი აღმოაჩინეს და დაბრუნებას კარგ დროს - ზაფხულში ან შემოდგომაზე -აპირებენო. ეკონომიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა კი ”რეზონანსს” უთხრა, ბურების იმედგაცრუება ლოგიკურია, ისინი კომფორტს არიან მიჩვეულნი, სოფლებში კი აქ არც ნორმალური გზებია და წყლისა და გაზის გაყვანილობასთანაც არის დაკავშირებული პრობლემებიო.

”ყველა სიახლე” კი დღეს ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში განქორწინებათა რიცხვი საქართველოში გაორმაგდა. თან, წერს გაზეთი, ეს ოფიციალურ განქორწინებებს ეხება, რეალური სურათი კი, სავარაუდოდ, უფრო მძიმეაო. ფსიქოლოგმა ნანა შუბითიძემ ”ყველა სიახლეს” ასეთი რამე უთხრა:”მოსწონთ თუ არა ეს მამაკაცებს, ქვეყანაში მატრიარქატი დამყარდა. ჩვენ უფრო ვიმტკიცებთ პოზიციებს, ქალი აღარ არის დამოკიდებული ქმარზე და უფრო ადვილად ანგრევს ოჯახსო.“ ინტერვიუს სრულად ”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ.

”ალია” დღეს გამოთვლებს აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა შეიძლება გახდეს სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება. ჟურნალისტმა ჯერ რამდენიმე სამარშრუტო ხაზის სავარაუდო შემოსავალი დათვალა, შემდეგ ხარჯები, რომლის გაწევაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს მოუწევთ და, ბოლოს, მიღებული დასკვნა სათაურში გამოიტანა. სათაური კი ასეთია: ”ტყუილია! „მარშრუტკით“ მგზავრობა 70 თეთრი კი არა, ლარნახევარზე ნაკლები ვერ ეღირება”.

დაბოლოს, პოლიტიკაც რომ ვახსენოთ, ”ახალი თაობა” წერს დღეს, დევნილთა კონგრესი ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თენგიზ ლომიამ, დატოვაო. მიზეზი კი, მისივე თქმით, ისაა, რომ დევნილთა კონგრესი მხოლოდ სახალხო კრებას ემსახურება. ისინი მხოლოდ იმ პრინციპს იცავენ, რასაც გააჟღერებს ნინო ბურჯანაძე, ე.ი., ფაქტობრივად, დევნილთა კონგრესი ამ პოლიტიკური ძალის შემადგენელ ნაწილად აქციესო. გაზეთთან საუბარში ლომიამ თქვა, რომ ბურჯანაძე მისთვის პიროვნულად მიუღებელია მოსკოვში ვოიაჟებისა და პუტინთან ერთად პარადის მიღების გამო. სტატიას ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG