Accessibility links

logo-print

ობამა: კადაფიმ ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა წავიდეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დღეს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ, ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა გადადგეს „ჩვენ გავაგრძელებთ მკაფიო მესიჯის გაგზავნას - რომ ძალადობა უნდა შეწყდეს და რომ მუამარ კადაფიმ ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა წავიდეს. მათ, ვინც ლიბიის ხალხის წინააღმდეგ ძალადობას მიმართავს, პასუხი მოეთხოვებათ. თავისუფლების, დემოკრატიისა და ღირსების მიმართ ლიბიელი ხალხის მისწრაფება უნდა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა ობამამ. დღეს უფრო ადრე ჰააგაში განთავსებულმა სისხლის სამართლის სასამართლომ განაცხადა, რომ ჩატარდება გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისა და მასთან დაახლოებული პირების - მათ შორის, კადაფის ვაჟების - ეჭვმიტანის საფუძველზე. სასამართლოს მთავარი პროკურორის, ლუის მორენო-ოკამპოს, განცხადებით, 15 თებერვლის შემდეგ კადაფის უშიშროების ძალებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იერიშები აქვთ განხორციელებული ლიბიის რამდენიმე ქალაქში. მოსამართლის თქმით, ლიბიაში დაუსჯელი არავინ დარჩება. სასამართლოს განცხადების ფონია კადაფის ძალების მორიგი საჰაერო იერიშები მეამბოხეების პოზიციებზე აღმოსავლეთ ლიბიაში. თვითმხილველების ცნობით, საჰაერო დარტყმები მიმართული იყო ქალაქ ბრეგის აეროპორტისა და ახლოს მდებარე ქალაქ აჯდაბიაში მეამბოხეთა პოზიციების წინააღმდეგ. ამასობაში დაიწყო ლიბია-ტუნისის საზღვარზე მყოფი პირების ევაკუაცია. სასაზღვრო რეგიონში ათიათასობით ადამიანი იმყოფება, უმეტესწილად ეგვიპტელი გასტარბაიტერები, რომლებიც ლიბიაში ძალადობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG