Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ მინსკს ბოდიში მოუხადა


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
გაერომ ჯერ ვერ დაადასტურა, შემდეგ კი ოფიციალურად მოუხადა ბოდიში მინსკს შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის. საუბარია 28 თებერვალს გაეროს საიტზე გამოქვეყნებულ სკანდალურ ინფორმაციაზე, თითქოს ბელორუსიის ხელისუფლება საერთაშორისო ემბარგოს დარღვევით ცდილობდა საბრძოლო იარაღის მიწოდებას კოტ დ’ივუარის რეჟიმისათვის. კოფი ანანმა ამ ფაქტის გამოძიება მოითხოვა, თუმცა ბელორუსია იარაღის სკანდალში უდანაშაულო აღმოჩნდა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელსაც ყოველი მხრიდან აკრიტიკებენ 19 დეკემბრის დემონსტრაციის დარბევისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო, სერიოზულ საერთაშორისო სკანდალს გადაურჩა და ბოდიშის მოხდის რეჟიმში - არც მეტი, არც ნაკლები - გაერო ჩააყენა.

2 მარტს ცნობილი გახდა, რომ გაერომ უკან წაიღო ბრალდება ბელორუსიის მისამართით, თითქოს მინსკმა სამი საბრძოლო ვერტმფრენი მიაწოდა კოტ დ’ივუარის მმართველის, ლორან გბარგოს ერთგულ სამხედრო ძალებს, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. ამ ქვეყნის დიქტატორი ლორან გბაგბო საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგაც უარს ამბობს პოსტის დატოვებაზე, რასაც თან ახლავს შეტაკებები ქვეყნის მასშტაბით.

კოტ დ’ივუარისათვის საბრძოლო შვეულმფრენების შესაძლო მიწოდების ცნობამ შეაშფოთა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რომელმაც 28 თებერვალს მოუწოდა უშიშროების საბჭოს, საგანგებოდ განეხილა ემბარგოს გვერდის ავლით კოტ დ’ივუარისათვის მინსკის მიერ საბრძოლო იარაღის მიყიდვის ფაქტი.

თუმცა ბელორუსიის მიერ საბრძოლო შვეულმფრენების მიწოდება არ დადასტურდა. 2 მარტს გაერომ ბელორუსიას ოფიციალურად მოუხადა ბოდიში. პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცომაზე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ალენ ლაურიამ იტვირთა. ასეთი შეცდომის მიზეზად კი, ლაურიას თქმით, იქცა აფრიკულ ქვეყნებში გაეროს მისიის არაზუსტი მოხსენება. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, რომელმაც პირადად მოუხადა ბოდიში ბელორუსიის ელჩს ზოია კოლონტაიას, მომხდარს უწოდა „უკიდურესად ცუდი“ მოვლენა მთელი ორგანიზაციისათვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG