Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლისღვრა ფრანკფურტის აეროპორტში


აშშ-ის სამხედრო ავტობუსი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა
აშშ-ის სამხედრო ავტობუსი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა
საქმე ეხება ორ მოკლულ და ორ დაჭრილ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს. ისინი, ამხანაგებთან ერთად, ბრიტანეთიდან გერმანიაში ჩამოიყვანეს, საიდანაც ავღანეთსა და ერაყში უნდა გადაესროლათ. მაინის ფრანკფურტის აეროპორტში მათ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა გერმანიაში მცხოვრებმა კოსოვოელმა, 21 წლის კაცმა, რომელიც მალევე დააკავეს.

ფრანკფურტის აეროპორტში აშშ-ის არმიის ავტობუსზე ერთი პირის მიერ თავდასხმის განხორციელებას ორგანიზება სჭირდება. ამ ეტაპზე ნაკლებადაა ცნობილი, მართლა მუშაობდა თუ არა ბრალდებული აეროპორტში, რის შესახებაც ხმები გავრცელდა. გერმანიის მედია წერდა, რომ შეიარაღებული პირი ავტობუსში ავიდა და იქ ატეხა სროლა. გამომძიებლებს აინტერესებთ, იცოდა თუ არა ამერიკელი სამხედროების ჩამოსვლისა და მოძრაობის განრიგი, დაგეგმა მან თავდასხმა? ამორჩეული ჰყავდა სამიზნე? რაც ცნობილი გახდა, ისაა, რომ 21 წლის არიდ უკა 1990 წელს კოსოვოში, მიტროვიცის მახლობლად დაიბადა, მაგრამ მალევე იქნა წაყვანილი გერმანიაში, საფიქრებელია, მშობლების მიერ, და უკვე 1991 წელს გერმანიაშია რეგისტრირებული. არიდი ფრანკფურტში - ზოსენჰაიმში - ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ბინა პოლიციამ უკვე გაჩხრიკა. გერმანიის პოლიციას ამ ეტაპზე იმის თქმა შეუძლია, რომ საქმე გვაქვს მარტო მოქმედ პირთან. არიდ უკა არც საშიშ ისლამისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი გერმანიის უშიშროების სამსახურს, თუმცა გერმანიის პროკურატურა ისლამისტურ მოტივზე მაინც ლაპარაკობს. უშიშროების წრეებში ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, „ფანატიზებულ ცალკე მოქმედ პირს“ ეხება საქმე. პოლიციამ არ დაადასტურა ჭორი, თითქოს არიდ უკა, როცა სროლა ატეხა, გაჰყვიროდა, „დიდ არს ალაჰიო“. ის ტერორისტად არც თავისი მშობლების სამშობლოში, კოსოვოშია ცნობილი. პრიშტინის პოლიციის წარმომადგენლის, ბრაჰიმ სადრიუს თქმით, გერმანიის სამართალდამცველების შეკითხვაზე, არის თუ არა არიდ უკა ანტიტერორისტული უწყების მიერ რეგისტრირებული, მან უარყოფითად უპასუხა.

სარდიუ ამბობს, რომ ოჯახის შესახებ ცნობების შესაგროვებლად გერმანიის შესაბამისი უწყებების მიმართვა სჭირდებათ, რადგან შემთხვევა იქ მოხდა.

არიდი თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი აღარ ითვლება ლტოლვილად, რადგან უკვე ათეული წლებია ის გერმანიაში იმყოფება. როგორც გერმანიის ჰესენის მიწის, რომელშიც შედის ფრანკფურტი, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორის რაინმა განაცხადა, ეჭვმიტანილმა პირველი დაკითხვისას დანაშაული აღიარა. მისივე თქმით, ის „რაკილიზებული ისლამისტი“ უნდა იყოს.

მომხდარის გამო შედგა სატელეფონო საუბარი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შორის. ვესტერველე დაჰპირდა კოლეგას, რომ საქმეს სწრაფად და ბოლომდე გამოიძიებენ. ვესტერველეს უთქვამს კლინტონისთვის, იუწყება გერმანიის საინფორმაციო სააგენტო „დე-პე-ა“, რომ ამერიკელ სამხედროებს გერმანიაში მიესალმებიან და რომ გერმანია ყველაფერს გააკეთებს მათი უსაფრთხოებისთვის.

კოსოვო, საიდანაცაა, როგორც ითქვა, წარმოშობით ეჭვმიტანილი, მომხდარმა აღაშფოთა. მიტროვიცაში ასობით ადამიანი მივიდა ქალაქის ცენტრში და ანთებული სანთლებით დახოცილთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

ილბერ მულადემი, რომელიც მათ შორის იყო, ამბობს: „ღრმად ვარ დამწუხრებული. აქ ჩვენ ვიცით, რომ ამერიკამ ჩვენს განთავისუფლებაში მთავარი როლი ითამაშა. დარწმუნებული ვარ, კერძო პირი მოქმედებდა და ასევე უნდა იქნეს საქმე გამოძიებული.“

თავისუფლებაზე როცა ლაპარაკობს, ეს მიტროვიცელი კაცი გულისხმობს სერბიის არმიის განდევნას კოსოვოს ოლქიდან, რასაც მოგვიანებით რეგიონის სერბიისგან ცალმხრივი გამოყოფა და მსოფლიოს ქვეყნების ერთი ნაწილის მიერ მისი აღიარება მოჰყვა. იქვე მყოფი აფერდიტა ლოქსა კი მომხდარს ასეთ შეფასებას აძლევს: „საშინელი ამბავია. უარესი რა უნდა იყოს. ორი სამხედროს მოკვლა ლაჩრული საქციელია.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG