Accessibility links

logo-print

კოლია ლუკაშენკოს უჩვეულო ბავშვობა


ილჰამ ალიევთან შევედრისას ალექსანდრ ლუკაშენკო და მიკალაი ლუკაშენკო

ილჰამ ალიევთან შევედრისას ალექსანდრ ლუკაშენკო და მიკალაი ლუკაშენკო

სტუმრობდა რომის პაპს, მონაწილეობდა სახელმწიფო არმიის ინსპექციაში, რუსეთის პრეზიდენტს თავის მოოქროვილ პისტოლეტს უჩვენებდა... არადა, ჯერ მხოლოდ სულ რაღაც ექვსი წლის არის. ოღონდ საქმე ისაა, რომ მამამისი პრეზიდენტია, „ევროპის ბოლო დიქტატორი“, როგორც ერთხელ უწოდეს.

ოფიციალურად მიკალაი ლუკაშენკო ჰქვია, მაგრამ მაინც უფრო კოლიას სახელით იცნობენ. მას ხშირად იხილავთ ბელორუსიის ტელევიზიით - მამას ახლავს ხოლმე. და მამას ის თან დაჰყავს თავისი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებისას არამხოლოდ გასართობად და სალაღობოდ. კოლია მამასთან ერთად იყო შარშან დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაზეც, საარჩევნო უბანში. ეს არჩევნები ერთობ სადავო შედეგით დასრულდა, მაგრამ არა ლუკაშენკოს აზრით. ასე სხვებს მიაჩნიათ. ახლა, უკვე კვლავ პრეზიდენტი, თავად ასე ჰყვება თავის არჩევაზე:

„შევდივართ ჯიხურში. ხელში იღებს კანდიდატების სიას და კითხულობს. რატომღაც ქვემოდან დაიწყო კითხვა ამ გრძელი სიისა. „მამა, მამა, შეხედე, აქ წერია ალიაქსანდ ლუკაშენკა!“. ვკითხე, ვის მისცემდი ხმას-მეთქი. „კარგი, შენ თავს მიეცი ხმაო“. ამიტომ მეც, პირველად ჩემს ცხოვრებაში, საკუთარ თავს მივეცი ხმა, და ამას მხოლოდ ბავშვს ვუმადლი.“

ეს გულწრფელი ნათქვამი, ალბათ, გააღიზიანებდა მათ, ვინც შეესწრო არჩევნების შემდგომ ამბებს, როცა უშიშროების ძალებმა ოპოზიციის ასეულობით მომხრე დააპატიმრეს და სცემეს. დაკავებულებს შორის იყვნენ ლუკაშენკოს კონკურენტები. მაგრამ ლუკაშენკოსთვის, რომელსაც ხალხი „ბატკას“, ანუ„მამილოს“ უწოდებს, კოლია ძვირფასი განძია და მიმომხილველებიც ფიქრობენ, რომ მათ მართლაც ნამდვილი მამაშვილური ურთიერთობა აქვთ. ბელორუსიის 56 წლის პრეზიდენტს ორი ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, ვიქტორი და დმიტრი. კოლია ქორწინების გარეშე გაუჩნდა, როგორც ბოლო ხანს გავრცელდა ცნობა, თავის ყოფილ პირად ექიმ ირინა აბელსკაიასთან. ამ ურთიერთობას პოლიტიკური ანალიტიკოსი ვლადიმირ პადჰოლი „ლუკაშენკოს ცხოვრებაში პირველ ჭეშმარიტ სასიყვარულო კავშირს უწოდებს:

„ლუკაშენკა ძალიან მარტოა, უკიდურესად მარტოა. ის ყველას დაშორდა, რადგან ყველასი ეშინია, არავისი სჯერა. თვით თავის უფროს ვაჟებშიც კი მეტოქეებს ხედავს, რომლებსაც შეუძლიათ მისი ხელისუფლებისგან ჩამოშორება. და კოლია მისი მარტოობის ფსიქოლოგიური გამაწონასწორებელია, იმიტომ რომ ის უყვარს, ენდობა... მათ ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს ენდობიან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ლუკაშენკო ენდობა, კოლიაა, რადგან ის პატარაა და მისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.“

ტრადიციულად, ბელორუსი პოლიტიკოსები საოჯახო და პირად ამბებზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ. კოლიას არსებობაც გვიან გაირკვა. ის ორი წლისა იყო, როცა საზოგადოებამ მის შესახებ შეიტყო. შემდეგ კოლიას დღის წესრიგი ისე გართულდა, რომ გამოცდილ დიპლომატსაც კი დაღლიდა. ლუკაშენკოს მცირეწლოვანი ვაჟი მიჰყავს სომხეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე, ბელორუსიის არმიის ინსპექტირებაზე, ასევე ვატიკანში, სადაც მამა-შვილი რომის პაპმა მიიღო. კოლია, როცა მას ტელევიზიით უჩვენებენ, არ თამაშობს თანატოლებთან და არც ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ მის შესახებ ზოგიერთი რამ მაინც ცნობილი გახდა. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოფირზე ჩანს, როგორ ერთობა ის აიფონით, მეორე ჩანაწერიდან შეიტყობთ, რომ ალერგია აქვს შოკოლადის მიმართ. სხვა ვიდეოკადრები გვიჩვენებენ, როგორ ეუბნება მამა კოლიას, მადლობა უთხრას რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს, მოოქროვილი პისტოლეტისთვის. ამ კადრების მიხედვით, კოლია წყნარი ბიჭუნაა, კარგად იქცევა, შეიძლება ოდნავ დუნე, ფლეგმატურის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდეს. ალიქსანდრა დინკო რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის ჟურნალისტია. ის ბავშვების კეთილდღეობის თემატიკითა დაკავებული. მისი დაკვირვებით, კოლიაზე ნაკლებია ცნობილი:

„კაცი პატარა ბავშვის გვერდით დიდი და ძლიერი ჩანს. როგორც მამა კი, კეთილის შთაბეჭდილებას ახდენს და პატივისცემას იმსახურებს. როგორც პრეზიდენტი ის, ადამიანურობის თვალსაზრისით, თავისი ვაჟის საშუალებით იხსნებოდა. თავის ვაჟს მოიხსენიებს, როგორც ბიჭუნას, ჰყვება, როგორ შეხვდნენ ერთად ახალ წელს, როგორ უყურეს ერთად ტელევიზიით წინასაარჩევნო დებატებს. ეს არის მისთვის საშუალება საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის ნათელი და უბრალო ადამიანია. მაგრამ ბიჭს მაინც ვერ ამჩნევენ და მის მიმართ გამოკვეთილი დამოკიდებულება არ არსებობს.“

დასავლეთში ფიქრობენ, რომ ლუკაშენკო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თანამდებობაზე დარჩეს რამდენ ხანსაც შეძლებს. ამას ადასტურებს მისი მოქმედება არჩევნების წინ, კენჭისყრის დროს, ასევე შემდგომ. აშშ-ის დიპლომატიური საიდუმლო ფოსტა, რომლის წაკითხვის საშუალებას იძლევა ვიკილიკსი, ადასტურებს, რომ მინსკში მომუშავე ამერიკელი დიპლომატების აზრით, ლუკაშენკო ის კაცია, რომელიც განუსაზღვრელი ვადით აპირებს დარჩეს ხელისუფლებაში და კურსის შეცვლაზე არც კი ფიქრობს. წარმოუდგენელია, რომ ლუკაშენკო ფიქრობდეს შვილისთვის პრეზიდენტობის გადაბარებაზე. ასაკობრივი სხვაობაა, ალბათ, მთავარი მიზეზი, მაგრამ ბელორუსიაში ასეთი რამ მაინც წარმოუდგენელია, განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან, თუნდაც საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანისაგან. მიმომხილველების თანახმად, ლუკაშენკოს ურჩიეს ვიდეც, კოლიასთან ერთად ასე ხშირად არ გამოჩნდეს. ვალერი კარბალევიჩი, ლუკაშენკოს ბიოგრაფიის ავტორი, ამბობს:

„ტელეეკრანებზე მამასთან ერთად მისი გამოჩენა, განსაკუთრებით, როცა მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწევს, ბელორუსიის საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას იწვევს. ამ „პიარმა“უარყოფითი შედეგი უფრო მოიტანა, ვიდრე დადებითი. თავიდან ვაჟთან ერთად უფრო ხშირად ჩნდებოდა, შემდგომ ასეთი გამოსვლები შემცირდა. ალბათ, აუხსნეს, რომ მას და მის რეიტინგს ეს არ წაადგება.“

ბელორუსიის პრეზიდენტის სიყვარული თავისი პატარა ვაჟის მიმართ სულაც არ ნიშნავს ყველა ბელორუსი ბავშვის მიმართ მის სიყვარულს. ლუკაშენკოს მთავრობის გაზრახვამ, საპატიმროში მოეთავსებინათ საპრეზიდენტო კანდიდატ ანდრეი სარიკაუსა და მისი ცოლის, ჟურნალისტ ირინა ხალიპის ვაჟი, რადგან მშობლები დააკავეს, საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. ბავშვთა დაცვის უწყების ჩარევას მოჰყვა გადაწყვეტილება, რომ ბავშვი ბებიასთან დაეტოვებინათ და შემდგომ დედაც გამოეშვათ. მთავრობის მუქარამ სამი წლის ბავშვის ციხეში ჩასმის შესახებ ბელორუს ოპოზიციონერებს ძრწოლა მოჰგვარა - ისინი მიხვდნენ, რომ ლუკაშენკო მზად იყო დემოკრატიასთან ბრძოლაში იარაღად ბავშვებიც კი გამოეყენებინა. ამიტომ არის, რომ ვაჟთან მის ურთიერთობაში გარკვევა ძნელია.

ბავშვთა დაცვის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად, სანდრა სმით-ედკოკი, აშშ-ის ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის ბავშვთა საკითხებში კონსულტაციების სპეციალისტი, შეშფოთებულიც კია ამ ურთიერთობის გამო. მისი დაკვირვებით, კადრებიდან ჩანს, რომ კოლია მარტოა, ნორმალურ ბავშვურ ცხოვრებას მოწყვეტილი. მეტიც, სმით ედკოკი არ გამორიცხავს, რომ ის იარაღიც კი იყოს მამის ხელში, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად:

„ამ ბავშვს თითქოს ფარად იყენებენ. ლუკაშენკო, ალბათ, ფიქრობდა, რომ ამ ლამაზ ბავშვთან ერთად თუ გამოჩნდებოდა, როგორც მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, ხალხი მას უფრო მიემხრობოდა. ჩემთვის ძალიან სევდიანი ამბავია ბავშვის ფარად გამოყენება, ანუ როცა ბავშვი მამის სამყაროში ძალიან ღრმად შეჰყავთ და მას ამ დროს სხვა ურთიერთობების საშუალება აღარ აქვს. ასე მგონია, რომ ბავშვს იყენებს საკუთარი თავის დასაცავად და თვითონაც ისევეა შეშინებული, როგორც ბავშვი.“
XS
SM
MD
LG