Accessibility links

რუსეთის ლიბერალური ოპოზიციის ახალი სახე: ვლადიმირ მილოვი


ვლადიმირ მილოვი

ვლადიმირ მილოვი

პოლიტიკური ოპოზიციის სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით, რუსეთს ძალიან ბევრი აშორებს ეგვიპტეს და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს, სადაც ვეტერანი ავტორიტარი მმართველების წინააღმდეგ მასშტაბური ამბოხებაა. თუმცა გარკვეული სიახლეები რუსეთშიც არის: ოპოზიციის ლიდერების ერთმა ჯგუფმა ქვეყანაში ახალი ლიბერალური პარტია ჩამოაყალიბა. ჩვენი სიუჟეტი ამ პარტიის ერთ-ერთ წევრს ეძღვნება, რომელიც იმედოვნებს, რომ დიდი წინაღობების დაძლევას შეძლებს და შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დაუპირისპირდება.

რუსეთში ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა აცხადებს, რომ დანაწევრებული ოპოზიციის გაერთიანებას შეძლებს და კრემლს ერთიანი ძალებით დაუპირისპირდება.

მას, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ვლადიმირ პუტინის ძალაუფლებაში მოსვლის შემდგომი რუსეთის პოლიტიკურ ვითარებას,
ასეთი განცხადებები უკვე ძალიან ეცნობა და გაცვეთილად ეჩვენება. მეტიც, პუტინის პოპულარობის ზრდის შეჩერების ნაცვლად, ოპოზიცია სულ უფრო და უფრო მარგინალური გახდა, მთავრობის მხრიდან განცდილი ზეწოლის გამო.

თუმცა კრემლის კრიტიკოსების ნაწილი მაინც იმედიანად არის, რის ერთ-ერთ საფუძველსაც მათ მოსახლეობაში არსებული განწყობების შეცვლა აძლევს.

გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებთან არასაკმარისი ბრძოლა, ავტორიტარული სტილის მმართველობა და მასშტაბური კორუფცია სულ უფრო მეტ მოქალაქეს უბიძგებს მთავრობის კრიტიკისკენ, თუმცა მათი მთლიანი რიცხვი ჯერ კვლავაც მცირეა. დამოუკიდებელი, ლევადა ცენტრის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებში თანაბრად იკვეთება განწყობა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და რომ ის არასწორი გზით მიდის. ორივე ჯგუფმა გამოკითხულთა 42 პროცენტი შეადგინა.

ასეთ ფონზე, 39 წლის სიმპათიური და ლამაზად მოსაუბრე კაცი - ვლადიმირ მილოვი - აცხადებს, რომ ის და მისი პარტია მოსახლეობაში მზარდი უკმაყოფილების გამოყენებას შეეცდებიან. მილოვი ერთ-ერთი დამაარსებელია გასულ წელს შექმნილი ლიბერალური „ხალხის თავისუფლების პარტიისა“, რომელიც ქვეყნის ოპოზიციური ძალების უკვე ცნობილ ფიგურებთან თანამშრომლობს. თუმცა მილოვს და მის თანამოაზრეებს ისიც კარგად ესმით, რომ ეს პარტია ვერ შეძლებს სერიოზული საფრთხე შეუქმნას პუტინის ავტორიტარულ მმართველობას, რადგან რუსეთში, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მიუხედავად, ოპოზიციის ფიგურები დიდწილად მარგინალურ ძალებად რჩებიან.

ერთ დროს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, შემდგომში კი ბევრი ანტისამთავრობო დემონსტრაციის აქტივისტი, მილოვი ახლა რუსეთის ლიბერალური ოპოზიციის ახალი სახე გახდა. მან კარგად იცის, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გასავლელადაც კი დიდი ბრძოლის გადალახვა მოუწევს - კრემლის ძალისხმევით, ნამდვილი ოპოზიციისთვის თითქმის შეუძლებელია კენჭისყრაში მონაწილეობა.

სახელმწიფო მედიას მათი ჩვენება აკრძალული აქვს, რეგისტრაცია უკიდურესად გართულებულია, არჩევნები კი ყალბდება - ყოველივე ამის შედეგად, ლიბერალურმა პარტიებმა პარლამენტში ყველა ადგილი დაკარგეს. მათ ლიდერებზე გამუდმებით ქილიკობენ მთავრობის წარმომადგენლები - აცხადებენ, ოპოზიცია იმიტომ არის ასე არაპოპულარული, რომ ხალხს ვერაფერს სთავაზობსო.

პასუხისმგებლობის დიდი წილი თავად ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. მუდმივი უთანხმოების გამო, პოლიტიკოსებმა ვერაფრით შეძლეს განსხვავებების გადალახვა და ერთ კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმება, ამის თაობაზე ბევრი დაპირების თუ ბევრი მცდელობის მიუხედავად.

და მაინც, მილოვი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოვალეობაა, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციის გავლა სცადოს: „დიდი ხნის განმავლობაში ეს ბოლო შანსი იქნება ქვეყნის დიალოგის შესახებ პატიოსანი დიალოგის გამართვისთვის, რათა ცივილიზებული გზით გადაიჭრას ის პრობლემები, რომლებიც რუსეთის წინაშე დგას.“

საპარლამენტო არჩევნები დეკემბერშია დანიშნული, საპრეზიდენტო კი რამდენიმე თვის შემდეგ - 2012 წლის მარტში გაიმართება. ამის შემდეგ, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელზე მოდის.

„ხალხის თავისუფლების პარტიის“ სხვა დამაარსებლები ცნობილია - ელცინის პერიოდის რეფორმატორი და მილოვის ახლობელი ბორის ნემცოვი, ყოფილი პარლამენტარი ვლადიმირ რიჟკოვი და ყოვილი პრემიერ-მინისტრი მიხეილ კასიანოვი.

მილოვი აღიარებს, რომ პარტიას, ალბათ, არ დაუკმაყოფილებენ არჩევნებში რეგისტრაციაზე განაცხადს. თუმცა უმოქმედობა მაინც შეცდომად მიაჩნია: „იმ ხალხის უმრავლესობას, რომელიც რუსეთში ცვლილებას ითხოვს, სურს იხილოს, რომ ახალი პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას ცდილობს. მათ სურთ ჰქონდეთ შანსი ხმა დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიას მისცენ.“

მილოვი სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ძალებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი პარტია მათგან განსხვავებული იქნება. ტრადიციულ ოპოზიციას - მაგალითად, „იაბლოკოს“ – მილოვი ორმაგ თამაშს უწუნებს - ამბობს, ისინი არაეფექტიანები იყვნენ, რადგან თან რუსეთის დემოკრატიზაციის მოწოდებებით გამოდიოდნენ, თან კი კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავდნენ საპარლამენტო მანდატებზეო.

შედარებით ახალ მოძრაობებზე საუბრისას - მაგალითად, „სხვა რუსეთზე“, რომელსაც სათავეში ცნობილი მოჭადრაკე გარი კასპაროვი და მწერალი ედუარდ ლიმონოვი უდგანან, მილოვი ამბობს, მათ ფერადი რევოლუციის სტილში უნდოდათ ცვლილება, ქუჩის აქციების გზით, ელექტორატისთვის სათანადო „განათლების“ მიცემის გარეშეო: „ოპოზიციისთვის მთავარი ხალხთან საუბარია, პირდაპირი კავშირები, ისეთი იდეების და ენის პოვნა, რომელიც მისაღები იქნება რუსეთის მოსახლეობისთვის და მეტ მხარდამჭერს მოიზიდავს. სწორედ ამას ეხება „ხალხის თავისუფლების პარტია“, როგორც პროექტი“, - ამბობს ის.

შეკითხვას, თუ რატომ არჩევს ელექტორატი ხმა მილოვს მისცეს და არა რომელიმე სხვა, უფრო კარგად ნაცნობ ოპოზიციურ ფიგურას, მილოვი უპასუხებს, ხალხს ახალი სახეები უნდაო. ოპოზიციას განახლება სჭირდება და ეს არის ჩემი მისიაო, აცხადებს ის.

პოლიტიკის ანალიტიკოსის, კირილ როგოვის აზრით, მილოვი რუსულ პოლიტიკაში მართლაც „ახალ თაობას“ წარმოადგენს: „ვალოდიამ კარიერა ექსპერტობიდან დაიწყო - ეს არის ადამიანი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტექნოკრატობიდან მივიდა, შემდეგ კი გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკაში წავიდა. ეს, არსებითად, არ არის მოდური ან ჩვეულებრივი კარიერული გზა“, - ამბობს ექსპერტი.

პოლიტიკაზე დაფიქრება მილოვს ადრეულ ასაკში მოუხდა. 1970-იან წლებში, როცა მილოვი 7 წლის იყო, მამამისი - პროფესიით ინჟინერი - ინდოეთში გაგზავნეს სამუშაოდ. ბავშვი ძალიან გააკვირვა არჩევნების დროს ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიების ლოზუნგების ხილვამ. ჩემი ოჯახი ოპოზიციურად განწყობილი არ ყოფილა, თუმცა ინდოეთში ცხოვრებამ თვალი მაინც ამიხილა საბჭოთა მმართველობის რეპრესიულ ბუნებაზეო, იხსენებს.

მოსკოვის მეტალურგიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მილოვი ნემცოვის წინადადებას დასთანხმდა და 1997 წელს მთავრობას შეუერთდა. ნემცოვი იმ დროს პირველი ვიცე-პრემიერი იყო და მას ბევრი ელცინის შემცვლელად მიიჩნევდა.

შემდეგ მილოვი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გახდა. პუტინის გაპრეზიდენტების პირველ ხანებში ის სახელმწიფო მონოპოლიის, „გაზპრომის“ რეფორმაზე მუშაობდა. თუმცა პუტინმა მალე „გაზპრომის“ რესტრუქტურიზაციის მისეულ გეგმას ვეტო დაადო და მილოვი მთავრობიდან წამოვიდა.

ამის შემდეგ მან ანალიტიკური ცენტრი - ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტი - დააარსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რიგებს შეუერთდა.

იმას, თუ რის მიღწევას შეძლებს დღეს უკვე ლიბერალური ოპოზიციის ახალ სახედ ქცეული ვლადიმირ მილოვი, ახლო მომავალი აჩვენებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მის პარტიას, თეორიულად, აქვს შანსი, რომ 7-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს და პარლამენტში მოხვდეს.

საპრეზიდენტო იმედებს რაც შეეხება, პოლიტიკის ანალიტიკოსის, როგოვის თქმით, პუტინის ეპოქაში ისინი იმედებად რჩება. „ეს ჟესტია და არა რეალური პოლიტიკური შესაძლებლობაო“, - ამბობს ექსპერტი.
XS
SM
MD
LG