Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნარკოტრანზიტის დერეფანი?


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2011 წელს ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლს შეეხება.

ანგარიშის ავტორები ვრცელ ქვეთავს უძღვნიან საქართველოს და პირდაპირ მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის ერთ-ერთი დერეფანია, მიზეზად კი მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიები სახელდება. ერთ-ერთ საფრთხედ ანგარიშის ავტორები საქართველოსა და ირანს შორის გაფორმებულ გამარტივებულ სავიზო რეჟიმსაც ასახელებენ.

თუ შესაბამისი შემოწმება და დათვალიერება არ იქნება უზრუნველყოფილი, ამ შეთანხმებამ, შესაძლოა, საქართველოში შემავალი ნარკოტიკების რაოდენობა გაზარდოს ...
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლს შეეხება, გარდა საქართველოში არსებული ზოგადი სიტუაციის მიმოხილვისა, ავტორები კონკრეტულ საფრთხეებზე, უფრო ზუსტად კი, ერთ დერეფანზე მიუთითებენ, რომელიც, მათი ვარაუდით, ნარკოტრანზიტის ეფექტური გზაა. ეს დერეფანი თურქეთიდან და საბერძნეთიდან საქართველოზე გადის და დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში მიემართება. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიას, რომელსაც ანგარიშის ავტორები სეპარატისტულ ტერიტორიებად მოიხსენიებენ, ქართველი სამართალდამცავები ვერ აკონტროლებენ. შესაძლოა სწორედ აქ გადის ნარკოტრანზიტის გზა, აღნიშნულია ანგარიშში, რომლის ავტორებიც იქვე მიუთითებენ: ”ამ ინფორმაციის შემოწმება შეუძლებელია, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები და აღნიშნული ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას არ აწვდის ინფორმაციას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ.”

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნარკოტრანზიტის აღმოსაფხვრელად აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მონიტორების შეშვება, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, ოფიციალურ დოკუმენტში ნარკოტრეფიკთან დაკავშირებული წუხილის გამოხატვა კარგი და მართებულია იმისათვის, რომ პრობლემის გადაჭრის გზები დაისახოს: ”საფრთხე წლების მანძილზე იყო გაცნობიერებული. უბრალოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობის ლოგიკიდან, ამაზე ასე ხმამაღლა არასდროს ამახვილებდნენ ყურადღებას. თუმცა, ქართული მხარე მუდმივად აცხადებდა, რომ ეს არის შავი ხვრელი, რომ ამ ტერიტორიებზე ნარკოტრეფიკის საინტერესო ბაზები შეიძლება არსებობდეს. რაც მეტად ისაუბრებენ გავლენიანი ტრიბუნებიდან აღნიშნული პრობლემის შესახებ, მით უფრო ეფექტური იქნება, მისი გადაჭრის გზების ძიება. პრობლემის სისტემური გადაწყვეტა არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის გავრცელება აღნიშნულ ტერიტორიებზე. ეს ნიშნავს დეოკუპაციას”, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

აქ შეიძლება სხვა მიზეზია, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, დასავლეთში ბევრს გულზე ნამდვილად არ ეხატება ...
ანგარიშის ავტორები კიდევ ერთ გზაზე მიუთითებენ, საიდანაც ისინი საქართველოში ნარკოტიკების შემოსვლის საფრთხეს ხედავენ. ეს არის 2010 წელს ირანსა და საქართველოს შორის გაფორმებული გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულება. ანგარიშში ვკითხულობთ ”თუ შესაბამისი შემოწმება და დათვალიერება არ იქნება უზრუნველყოფილი, ამ შეთანხმებამ, შესაძლოა, საქართველოში შემავალი ნარკოტიკების რაოდენობა გაზარდოს, რადგან ავღანური ოპიატების 40% ირანის გავლით გადის. არის სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ირანსა და საქართველოს შორის გამარტივებული მიმოსვლის გამო, ნარკომოვაჭრეები ახალ მარშრუტს აუცილებლად მოსინჯავენ."

ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივება ნარკოტრეფიკთან კავშირში არ უნდა იყოსო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. მისი თქმით, მხოლოდ საზღვრების დაცვის გამკაცრებით პრობლემები არ გვარდება. ოკეანის გაღმიდან წამოსულ მსგავს დასკვნებს, საქართველო ცოტა მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოსო, ამბობს ის: ”თუკი ამ პასეანსს გადავხედავთ, აქ ვერსად ვერ ვნახავთ იმის რეალურ საშიშროებას, რომ საქართველო შეიძლება იქცეს რაიმე სახის დერეფნად. აქ შეიძლება სხვა მიზეზია, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, დასავლეთში ბევრს გულზე ნამდვილად არ ეხატება. ძირითადი შემკავებელი ის კი არ არის, თუ როგორ იქნება საზღვარი ჩაკეტილი, მთავარია ის, თუ როგორ მუშაობენ ადგილობრივი სპეცსამსახურები, ადგილობრივი პოლიციაა”, - აღნიშნავს სოსო ცინცაძე.

ნარკოტიკები ომის, კონფლიქტის შუაგულში ტრიალებს, გვეუბნება ჯემალ ჯანაშია, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო. ის სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი გზა იყოს: ”მსოფლიო ისტორია მიუთითებს, რომ საერთაშორისო ნარკობიზნესი ყოველთვის იყენებდა პირველი - უკონტროლო ტერიტორიებს, სადაც ცენტრის იურისდიქცია არ ხორციელდება, და ასევე იმ ტერიტორიებს, სადაც კონფლიქტებია. ჩვენ გვაქვს უკონტროლო, გამჭოლი საზღვრები ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ამ ტერიტორიებს ფორმალურად ვაკონტროლებთ. აქ ყოველთვის მიმდინარეობს გადაადგილებები. ავიღოთ აფხაზეთი, რომელსაც აქვს საზღვაო აკვატორია, საიდანაც თავისუფლად შეუძლია გადააადგილოს ნარკოტიკები”, - ამბობს ჯემალ ჯანაშია.

რაც შეეხება საფრთხეს ირანთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამო, ჯემალ ჯანაშიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯმა საქართველოს ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ბევრი სიკეთე მოუტანოს, აუცილებლად შექმნის პრობლემასაც, რომელსაც უკანონო, კონტრაბანდული ტვირთები ჰქვია: ”ირანი დაახლოებით 1000 კილომეტრის პერიმეტრზე ესაზღვრება ავღანეთს, სადაც დაგროვილია უდიდესი რაოდენობა ოპიუმისა, წლიური მარაგი 4000 ტონას შეადგენს. უამრავი ტვირთი შემოდის საქართველოში და ყველას ვერ გააკონტროლებ”, - ამბობს ჯემალ ჯანაშია.
XS
SM
MD
LG