Accessibility links

logo-print
თუ „ვოლ სტრიტ ჯორნალს“ დავუჯერებთ, შემდეგი ადგილი, სადაც რევოლუცია უნდა მოხდეს, კენიაა. ამ ქვეყანაში რევოლუციური მუხტი გაზეთმა ასი პროცენტით შეაფასა. საუბარია სტატისტიკურ აჯანყების ინდექსზე, რომელიც გაზეთის ჟურნალისტმა ალენ მატიჩმა შექმნა. სტატისტიკის მიხედვით, მაგალითად, საქართველოში რევოლუციის მოხდენის შანსი 73,4 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო მეთვრამეტე ადგილს იკავებს იმ 85 ქვეყანას შორის, რომლებიც მატიჩმა გამოიკვლია.

ვინ არის შემდეგი?

ალენ მატიჩ. „ვოლ სტრიტ ჯორნალი“, აჯანყების ინდექსი.

გამოყენებული მეთოდოლოგია

აჯანყების ინდექსის დასათვლელად მატიჩმა სამი ძირითადი კომპონენტი გამოიყენა. 1) სამართლიანობის დონე ქვეყანაში, 2) აჯანყებისკენ მიდრეკილება და 3)აჯანყების საწყისი წერტილი. მოდით, სამივე ეს საინტერესო პარამეტრი ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ. ჯერ უნდა ითქვას, რომ ინდექსის გაცნობამდე მატიჩი სკეპტიკოსებს მიმართავს:

„მცირე გაფრთხილება ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ეს რკინის, აკადემიურად სერტიფიცირებული დიაგნოსტიკური მექანიზმია. არა, ასე არ არის. ეს, უბრალოდ, პატარა ინტელექტუალური სავარჯიშოა, რომელიც მე შევქმენი“.

I) სამართლიანობის დონე ქვეყანაში:
მატიჩმა ეს სამი ქვეპარამეტრით დაადგინა. პირველი პარამეტრი „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ 2010 წლის კორუფციის მაჩვენებელია. როგორც მატიჩი ამბობს. „რაც უფრო კორუმპირებულია საზოგადოება, მით ნაკლებად სამართლიანია იგი“. თავად „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალი“ საინტერესო ინტერაქტიულ რუკას გვთავაზობს. გავატაროთ რუკაზე კურსორი, რაც უფრო წითელია ქვეყანა, მით მაღალია კორუფციის დონე. ყვითელი ქვეყნები კარგ მდგომარეობაში არიან. ყველაზე წითელ ფერს სომალი აჩვენებს, ყველაზე ყვითელს - დანია. საქართველო წითელია, თუმცა არც ისე ცუდი მაჩვენებელი აქვს. მაგალითად, რუმინეთს, საბერძნეთს, ინდოეთს უსწრებს, მაგრამ, მოგეხსენებათ, სტატისტიკით თამაში ადვილია. მაგალითად, მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ აფრიკული ქვეყნები - მაგალითად, განა ან სამოა, რუანდა - საქართველოზე ყვითლები არიან. საქართველო 68-ე ადგილს იკავებს 178 ქვეყანას შორის, თუმცა, როგორც გითხარით, წითელია და არა ყვითელი. პოპულარული შედარება: რუსეთივით წითელი არაა, რომელიც 154-ე პოზიციას ინაწილებს.

ადამიანის ინდივიდუალური განვითარების პარამეტრი: სამართლიანობის დადგენის მეორე ქვეპარამეტრი ეს არის გაეროს ადამიანური განვითარების რეპორტი, ანუ რანგირება ქვეყნებისა ადამიანის ინდივიდუალური განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნის მიხედვით. როგორც მატიჩი წერს,„რანგირება ქვეყნებისა იმის მიხედვით, თუ რამდენად აძლევენ საზოგადოებები ინდივიდებს განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის მიღწევის საშუალებას“.

ესეც სტატისტიკაა, ბუნებრივია. ქვეყნები აქ ოთხ სვეტად არიან გაყოფილნი: ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი ინდივიდუალური განვითარების პირობების მქონე. ძალიან მაღალი განვითარების სიაში 42 ქვეყანაა. მაღალი განვითარების სიაში მოწინავე პოზიციებს ინაწილებენ ლიტვა, ჩილე, არგენტინა, კუვეიტი, ლატვია, ურუგვაი, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა. საქართველო მხოლოდ 74 -ე ადგილზეა. უკვე დაბალი განვითარების სიას აღარ ჩავიკითხავთ. არავის არ უნდა უნდოდეს, ამ სიის მიხედვით, ცხოვრება ზიმბაბვეში, რომელიც საპატიო 169-ე, ბოლო ადგილს იკავებს.

სამართლიანობის ბოლო ქვეპარამეტრი ჯინის ინდექსია, რაც საზოგადოებაში ფენებს შორის კეთილდღეობის გადანაწილებას ასახავს, ანუ რაც უფრო მაღალია ჯინი, მით უფრო მეტია ქვეყანაში სხვაობა მდიდარსა და ღარიბს შორის. თვითონ სიაეის რეპორტი, რომელსაც მიუთითებს მატიჩი როგორც წყაროს, ინტერნეტში დალუქულია, თუმცა ჯინის კოეფიციენტს, როგორც ჩანს, მარტო სიაიეი არ ითვლის. მაგალითად, „ნეიშენ მასტერის“მიხედვით, პირველ ადგილზე ნამიბიაა, ანუ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდია სხვაობა მდიდარსა და ღარიბს შორის. შემდეგ მოდის ბოლივია, ჰაიტი, პარაგვაი. საქართველო და რუსეთი, ამ მხრივ, თითქმის ერთ დონეზე არიან და 54-ე და 57-ე ადგილებს ინაწილებენ. ყველაზე დაბალი ჯინის კოეფიციენტი, ანუ სხვაობა მდიდარსა და ღარიბს შორის, არის დანიაში, ისლანდიასა და შვედეთში.

II) აჯანყებისკენ მიდრეკილება

ალენ მატიჩი: „ამის დასადგენად მე გამოვიყენე სამი ინდიკატორი. პირველი, მოსახლეობის საშუალო ასაკი; მეორე, უმუშევრობის საშუალო დონე და, ბოლოს, ჯიდიპი საშუალო მოსახლეზე. იდეა აქ ასეთი იყო: ახალგაზრდები და უმუშევრები, სავარაუდოდ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი აჯანყებისკენ, ვიდრე ხნიერი ხალხი და ხალხი, ვინც მუშაობს და რაღაც აქვს დასაკარგი. ახალგაზრდების როლი ცალსახად გამოიკვეთა უკანასკნელ რევოლუციებში -ტუნისში, ლიბიასა და ეგვიპტეში.

III) აჯანყების საწყისი წერტილი- შიმშილი. მატიჩი საზოგადოებებში საკვების განაწილებას ითვლის. მონაცემები 2008 წლისაა ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისგან. როგორც მატიჩი წერს,“მართლაც, საკვების ფასების ინფლაცია იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი უკანასკნელ რევოლუციურ ტალღაში“

რევოლუციის ინდექსი ქვეყნების მიხედვით


ბოლოს, თავად სია და შეკითხვა, რომელიც დასაწყისში დავსვით: ვინ არის შემდეგი? პირველი, როგორც უკვე ვთქვით, რიგში არის კენია, სადაც რევოლუციის ინდექსი ასპროცენტიან ნიშნულს აღწევს. მას მოჰყვება კამერუნი, პაკისტანი, ინდონეზია. აზერბაიჯანი მეათე ადგილზეა. რევოლუციის ინდექსი ამ ქვეყანაში 78,6-ია. საქართველო მეორე ათეულშია, მეთვრამეტე ადგილზე, 73,4 -ით. ამ ათეულში არიან: ალჟირი, ლიბია, ინდოეთი, ეგვიპტე, რომელიც საქართველომდე ორი ადგილით ადრე ჯანყდება სტატისტიკურად. მესამე ათეულში ხვდებიან ჩინეთი და უკრაინა. მეოთხე ათეულს ხსნის ყაზახეთი და ასრულებს რუსეთი, მეორმოცე ადგილით. აქ აჯანყების ინდექსი 58,0-ია. ბოლო ათეულს ხსნის ამერიკის შეერთებული შტატები(32,3), იაპონია, და ასრულებს კანადა, ავსტრია და შვედეთი (26,7), ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან აჯანყებისა და პროტესტისკენ მიდრეკილნი.

ეს რანგირების ახალი სისტემა ინტერნეტს უმალვე მოედო - ის დევს ბლოგებზე, მედია გამოცემების ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებში. თუმცა ეს ერთადერთი სტატისტიკა არ არის, ამ რევოლუციურ ფონზე მსგავსი სტატისტიკა „ვოლ სტრიტ ჯორნალამდე“ ერთი დღით ადრე, 24 თებერვალს, „ნიუ იორკ ტაიმსმაც“ შეეადგინა. ”გავზომოთ რევოლუცია“ ჰქვია სტატიას. სტატიაში ერთი საინტერესო დეტალია. მოგეხსენებათ, ხშირია მასმედიის მეშვეობით სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით გამოწვეული ეიფორია თუნდაც საქართველოში: საქართველო ამა თუ იმ რეიტინგში ლიდერობს, და ასე შემდეგ. პირდაპირი შედარება, ბუნებრივია, არ არის და არც არაფრის თქმა მინდა, გარდა იმისა, რომ შეფასებები მდგომარეობის და დინამიკისა ქვეყანაში შესაძლოა უცნაურ ცდომილებებს იძლეოდეს. მაგალითად, „ნიუ იორკ ტაიმსის“, მიხედვით, ეგვიპტე საერთაშორისო სავალუტო ფონდს 2010 წელს შეუქია:

”მისი თანმიმდევრული და მრავლის მომცველი რეფორმებისთვის 2004 წლის შემდეგ. ”

ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2010 წელს ეგვიპტეზე ამბობს, ქვეყანაზე, რომელიც ერთი წლის შემდეგ რევოლუციას აწყობს. „ნიუ იორკ ტაიმსი“ კი ამბობს, რომ დიდი ფინანსური ორგანიზაციები, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ექსპერტები საკუთარ ციფრებში იბნევიან, საკუთარი დაბანდებების ტყვე ხდებიან, მათი შეფასებები იმ ელიტების გავლენის ქვეშ ექცევიან, რომელზე დაყრდნობითაც ადგენენ ისინი ძირითადად ამ შეფასებებს. მოკლედ, „ტაიმსი“ ასკვნის, რომ დიდი ორგანიზაციების დიდი შეფასებები სურათს ვერ ქმნის და ამიტომ გაზეთი ზუსტად იმ გზით მიდის, რა გზითაც „ვოლ სტრიტ ჯორნალი“ წავიდა, ანუ ითვლის თავად მოსახლეობის პროტესტისკენ მიდრეკილებას და არა იმას, რამდენად სტაბილურნი არიან ელიტები ან როგორაა მოწყობილი პოლიტიკური სისტემა. „ვოლ სტრიტ ჯორნალის“ სერიოზული სტატისტიკური ანალიზისგან განსხვავებით, „ტაიმსი“ სულ ორ ძირითად პარამეტრს დაეყრდნო. ესენია ინტერნეტის წვდომა და კორუფციის ხარისხი. სტატიაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი დარენ აკემოგლუ ამბობს:

„მაგალითად, ბევრი კორუფცია ინტერნეტის წვდომის გარეშე ან ბევრი ინტერნეტი კორუფციის მაღალი ხარისხის გარეშე ვერ შექმნის აჯანყების ტალღას, მაგრამ როცა ორივე ფაქტორი მაღალია, აჯანყების შანსი დიდია“.

როგორც სტატიიდან ჩანს, გათვლა ინტერნეტზე და არა ტრადიციულ მედიაზე კეთდება. ეს მეორე დეტალია, რომელიც ამ კვლევებს სხვა კვლევებისგან გამოარჩევს. თუმცა „ტაიმსი“ მთლიან რანგირებას ქვეყნების მიხედვით არ გვთავაზობს, ამბობს, რომ დათვალა 24 პროტესტის მიმართ მგრძნობიარე ქვეყანა და დაასკვნა, რომ ერთ-ერთი პირველი, სადაც რევოლუციური სცენარები შესაძლოა განვითარდეს, არის რუსეთი, აზერბაიჯანი და ვენესუელა.

მეთოლოგიის კრიტიკა


ინტერნეტი არა მარტო პროტესტისკენ მიდრეკილების სტატისტიკით გაივსო, არამედ გადააწყდებით კრიტიკასაც იმ მეთოდოლოგიებისა, რომლებიც დიდმა გაზეთებმა გამოიყენეს. „ტაიმსს“ აკრიტიკებენ ზედაპირულობაში და ასევე იდეოლოგიურ და პოლიტიკურ გავლენებში, რადგან ამერიკულმა „ტაიმსმა“ რუსეთი პირველ ათეულში ჩასვა. ამ მხრივ, შედარებით დადებითი რეპუტაციით, შეიძლება ითქვას, სარგებლობს „ვოლ სტრიტ ჯორნალი“, თუმცა აქ მეორე საკითხია, არსებითად ეს ტაიმსსაც ეხება, მაგალითად, ვებსაიტ „გლობალ ვოისის“ ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ბლოგერი წერს, რომ გაზეთებმა არ გაითვალისწინეს ის, თუ რას აპირებენ ამ დროს ხელისუფლებები, როგორი იქნება მათი რეაქცია, თუ ქვეყანაში პროტესტისა და აჯანყებისკენ მიდრეკილება მაღალია.

„მსგავსი ინდექსი უფრო სასარგებლო იქნებოდა, თუ მას განვიხილავდით როგორც ინდიკატორს იმისა, თუ სად შეიძლება მოხდეს არეულობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობები რეალურ მეთოდებს არ გამოიყენებენ არეულობის წინააღმდეგ..

ბოლოს, უნდა ითქვას, რომ სტატისტიკის სანდოობა ჩვეულებრივი მათემატიკური ფორმულით ითვლება. ეს არის ციფრების კომბინაცია, ციფრებისა, რომლის მიხედვითაც 2010-ში სავალუტო ფონდმა ეგვიპტეში რეფორმების წარმატეტებზე ისაუბრა ამ ქვეყანაში რევოლუციამდე ერთი წლით ადრე. რამდენად დააღწიეს პოლიტიკურ-იდეოლოგიურ თუ სტატისტიკურ გავლენებს თავად გაზეთებმა თავი? ამას დრო გვაჩვენებს. მთავარი, ალბათ, აქ არის მიდგომის ცვლა,რომ დათვლა და გათვლა მოხდა არა ზევიდან, არამედ ქვევიდან. როგორც ითქვა, არც ერთმა დიდმა გამოცემამ არ გაითვალისწინა, რას აპირებენ ელიტები. მათ, უბრალოდ, დათვალეს, რას აპირებს ხალხი.
XS
SM
MD
LG