Accessibility links

logo-print
მოსკოვის ჩრდილოდასავლეთით გადაშლილია ხიმკის ტყე, რომელიც ათასამდე ჰექტარს მოიცავს და რუსეთის დედაქალაქის გარშემო ე.წ. მწვანე სარტყელის შემადგენელი ნაწილია. გასულ წელს მან უჩვეულოდ დიდი ყურადღება მიიპყრო აქციებით, რომელთა მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ ხიმკის ტყეზე საავატომობილო ტრასის გაყვანის გეგმის გამო. პროტესტს გეგმის შეცვლა არ მოჰყოლია, სამაგიეროდ მოჰყვა რეპრესიები ხიმკის ტყის დამცველთა წინააღმდეგ. ბოლო ინფორმაციით, აქტივისტებს შვილების წართმევით ემუქრებიან.

ევგენია ჩირიკოვა სათავეში უდგას მოძრაობას, რომლის მიზანიც ხიმკის ტყის დაცვაა: ხელის შეშლა გეგმისთვის, რომ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს შორის საავტომობილო ტრასა ხიმკიზე გაიყვანონ. გასულ თვეში ჩირიკოვას სახლში მიაკითხეს უცნობმა პირებმა, მაგრამ მან კარი არ გააღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ უცნობები ბავშვთა დაცვის ფედერალური სამსახურიდან იყვნენ. მათ მეზობლები გამოუკითხავთ - უთქვამთ, რომ უწყებაში შესულია საჩივარი შვილებთან (4 და 9 წლის გოგონებთან) ჩირიკოვას უხეში მოპყრობის შესახებ და რომ ინფორმაცია ანონიმურია. ყველა მეზობელი ირწმუნება, რომ არანაირი საჩივრით არ მიუმართავს ბავშვთა დაცვის სამსახურისთვის.

ოთხნახევარი საათი ჰყავდათ ბავშვები იქ - სიგარეტის კვამლიან ოთახში, სამხრეებიან, უაღრესად უსიამოვნო ხალხთან ერთად ...
როგორც ჩირიკოვა ვარაუდობს, საქმე ეხება მორიგ ზომას, მის და ხიმკის ტყის დამცველი სხვა აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული კამპანიდან. „მე არ მიკვირს იმიტომ, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით ძალიან სერიოზულ კორუპციულ ინტერესებს. და ეს კორუფციული ინტერესები იმდენად დიდია, რომ მათ ვერაფერი შეაჩერებს... უკან არ დაიხევენ არც ყველაზე ბინძურ მეთოდებზე, რადგან არაფერია იმაზე უფრო დიდი სიბინძურე, ვიდრე შვილებთან დედის დაშორება! ეს, უბრალოდ, ყველაზე ბინძური მეთოდია, რომელიც შეიძლება მოგაფიქრდეს“, - ამბობს ჩირიკოვა, რომელსაც ბავშვთა დაცვის ფედერალურმა სამსახურმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა მისი ბინის შემოწმებისა და ანგარიშის მილიციისთვის წარდგენის განზრახვა.

ჩირიკოვას ეჭვი ეპარება, რომ ანგარიში ობიექტური იქნება: „არ გამიკვირდება, თუ უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ ყველა ბავშვს ვურტყამ, საკუთარი შვილების ჩათვლით. არ გამიკვირდება, თუ ეს უკვე მილიციასაც უთხრეს“, ამბობს ჩირიკოვა და იმეორებს, მე არაფერი მიკვირსო...

33 წლის ევგენია ჩირიკოვას ორგანიზაციამ სახელწოდებით „ხიმკის ტყის დამცველები“ მსოფლიოს მედიის ყურადღება მიიპყრო გასული წლის ზაფხულში, როცა ბანაკი აღმართა ტყეში მისი გაჩეხვისთვის ხელის შესაშლელად. საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შეაჩერა ავტოტრასის პროექტის განხორციელება, მაგრამ დეკემბერში გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთის მთავრობამ საკითხის შესწავლის საფუძველზე გადაწყვიტა, ააშენოს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის საავტომობილო ტრასა და ის ხიმკის ტყეზე გაიყვანოს - გარემოს დამცველთა პროტესტის მიუხედავად.

გარემოს ამ, აქტიურ დამცველებს შორისაა ალა ჩერნიშოვაც, რომელიც გასულ თვეში შვილებთან ერთად დააკავეს მისი მონაწილეობით ორგანიზებული დემონსტრაციისთვის ყალბი ბომბის მომზადების ბრალდებით. ჩერნიშოვას შვილები ცალკე ოთახში ჰყავდათ დაკავებული და დედას არ აძლევდნენ უფლებას, რომ ახლობლისთვის დაერეკა ბავშვების სახლში წასაყვანად.

მათ არ იციან, რა მოგვიხერხონ, თავიდან როგორ მოგვიცილონ. და, როგორც ჩანს, მართლა უნდათ ციხეში ჩვენი ჩასმა ან, რამენაირად, შანტაჟის მოწყობა, რომ ბავშვებს წაგვართმევენ ...
„ბავშვები სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ, მეზობელ ოთახში ისხდნენ. თან უმცროსი გოგო გაციებული იყო, მაგრად ახველებდა. ოთხნახევარი საათი ჰყავდათ ბავშვები იქ - სიგარეტის კვამლიან ოთახში, სამხრეებიან, უაღრესად უსიამოვნო ხალხთან ერთად“, ამბობს ჩერნიშოვა. მისივე თქმით, მილიციელებმა სცადეს, მისთვის ხელი მოეწერინებინათ დოკუმენტზე, რომლითაც დანაშაულს აღიარებდა.

„ისინი მემუქრებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ბავშვებს წამართმევენ, რომ ციხეში ჩამსვამენ, რომ არა მარტო მე, არამედ ევგენია ჩირიკოვასაც დაიჭერენ - „ხიმკის ტყის დაცვის მოძრაობის“ ლიდერს. კიდევ იმას ამბობდნენ, რომ ხიმკის ადმინისტრაციაში ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვეღარ გვიტანენ და, შესაბამისად, მალე შეიძლება, ყველანი ციხეში ჩაგვსვან“, ჰყვება
ჩერნიშოვა.

ის ვარაუდობს, რომ სამიზნეში ამოიღეს ხიმკის ტყის დამცველი აქტივისტების გაზეთ „ხიმკინსკაია პრავდა ჟივას“ გამო: ჩერნიშოვა მისი რედაქტორია. გამოცემა, როგორც მისი სახელწოდება მიანიშნებს, ადგილობრივ გაზეთ „ხიმკინსკაიას პრავდას“ ტრადიციას აგრძელებს. ეს კი ის გაზეთია, რომლის რედაქტორსაც, მიხაილ ბეკეტოვს, სასტიკად გაუსწორდნენ, სავარაუდოდ, სწორედ ავტოტრასის პროექტისადმი კრიტიკის გამო. მას ჯერ მანქანა დაუწვეს, მერე ძაღლი მოუკლეს, 2008 წლის ნოემბერში კი ისე სცემეს, რომ თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო და დღემდე ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული. გასული წლის ნოემბერში თავს დაესხნენ კიდევ ერთ ჟურნალისტს, რომელიც ხიმკის ტყეზე წერდა, ოლეგ კაშინს.

ასე რომ, თემა სახიფათოა. ხიმკის ტყის დამცველები რისკზე მიდიან მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ავტომაგისტრალის პროექტის კრიტიკულად შეფასებით და, მითუმეტეს, საპროტესტო აქციის გამართვით.

„მათ არ იციან, რა მოგვიხერხონ, თავიდან როგორ მოგვიცილონ. და, როგორც ჩანს, მართლა უნდათ ციხეში ჩვენი ჩასმა ან, რამენაირად, შანტაჟის მოწყობა, რომ ბავშვებს წაგვართმევენ. მაგრამ არაფერი გამოუვათ! ყველანი მხარში ვედგებით ევგენია ჩირიკოვას და არავის დავაჩაგვრინებთ ხიმკის, ეკოლოგიურ ორგანიზაციას და ჩვენს საზოგადოებას“, ამბობს ალა ჩერნიშოვა.

ორიოდე დღის წინ ხიმკის ტყის დამცველებმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართეს თხოვნით, გამოიძიოს ვითარება ეკოლოგების ლიდერ, ევგენი ჩირიკოვასა და მისი შვილების დევნასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG