Accessibility links

logo-print

რა კავშირი აქვს ლიბიასთან ბრიტანეთის პრესტიჟულ სასწავლებელს?


ჰაუარდ დევისი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის ყოფილი დირექტორი

ჰაუარდ დევისი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის ყოფილი დირექტორი

ლონდონიდან გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის - ლონდონის ეკონომიკის სკოლის დირექტორი, ჰაუარდ დევისი. ასეთი ცნობა, ჩვეულებრივ, მსოფლიო მედიის ინტერესს არ იწვევს ხოლმე, მაგრამ დევისის გადადგომის შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის დირექტორი გადადგა ამ სასწავლებელთან ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ოჯახის კავშირის გამო. ჰაუარდ დევისმა ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა სასწავლებელმა გააფორმა 3,5 მილიონი დოლარის შეთანხმება ლიბიასთან, იქაური ახალგაზრდებისთვის განათლების მისაცემად. თუმცა, ეს ინფორმაცია დევისის გადაწყვეტილების არც ერთადერთი და არც მთავარი მიზეზი არ ყოფილა.

”ლონდონის ეკონომიკის სკოლის” გარშემო ჯერ კიდევ მანამდე იყო დაწყებული მითქმა-მოთქმა მასთან კადაფის ვაჟიშვილის, საიფ ალ-ისლამის კავშირის გამო. საიფ ალ-ისლამ კადაფი ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულია და არ გაუწყვეტია ურთიერთობა იქაურ ელიტასთან.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში, ჰაუარდ დევისმა ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება ლონდონის ეკონომიკის სკოლის დირექტორის პოსტიდან გადადგომის შესახებ: „გადავწყვიტე, რომ არ დავრჩები, რადგან სასწავლების რეპუტაციაზე ზრუნვა ჩემი პასუხისმგებლობაა. რეპუტაცია კი შეილახა და ვფიქრობ, ამის გამო მე უნდა ვიკისრო პასუხისმგებლობა“.

დევისი ამბობს, რომ „შეცდომა” დაუშვა, როცა ლონდონის ეკონომიკის სკოლას ურჩია, დათანხმებოდა ლიბიისაგან მილიონობით დოლარის მიღებას. კიდევ ერთი შეცდომა იყო, მისი აზრით, დათანხმება ეკონომიკის საკითხებში ლიბიაში ბრიტანეთის წარმომადგენლის პოსტზე, რომელიც მას ბრიტანეთის მთავრობამ შესთავაზა. პოსტი შეიქმნა მცდელობისას, მომხდარიყო კადაფის რეჟიმის ერთგვარი რეაბილიტაცია, დასავლეთთან მისი დაახლოების ხელშესაწყობად. თუმცა, ამაზე ახლა აღარავინ ფიქრობს: კადაფის „რეაბილიტაციის“ პროექტი ჩავარდა, ლიბიაში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ზომების გამოყენების შემდეგ.

„არ უნდა დავთანხმებულიყავი ბრიტანეთის მთავრობის შემოთავაზებას, გავმხდარიყავი წარგზავნილი ეკონომიკის საკითხებში, რადგან ამით აირია ჩემი პოზიცია და საფინანსო სექტორში ჩემი ძველი გამოცდილება ჩემს, როგორც ლონდონის ეკონომიკის სკოლის დირექტორის როლთან“, -ამბობს დევისი, წარსულში ინგლისის ბანკის თავმჯდომარის მოადგილე.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის გარშემო მითქმა-მოთქმა არც მისი დირექტორის გადადგობის შემდეგ დამთავრდება. დღის წესრიგში რჩება შეკითხვა, როგორ შეძლო დიქტატურამ მჭიდრო ურთიერთობა დაემყარებინა დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელთან. ამ ურთიერთობაში გასარკვევად ახლა დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყება. გამოიძიებენ ფინანსურ გარიგებებს, რომელთა შორისაც არის კადაფის საქველმოქმედო ორგანიზაციისაგან 2,4 მილიონი დოლარის მიღება 2009 წელს. გამოიძიებენ აგრეთვე ჰაუარდ დევისის მიერ ლიბიის მთავრობისთვის გაწეული კონსულტაციისთვის 50 000 დოლარის მიღების საკითხს. და დაგეგმილია კადაფის შვილისთვის 2008 წელს დოქტორის ხარისხის მინიჭების მართებულობის საკითხის შესწავლა.
XS
SM
MD
LG