Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრიპოლიში ისევ გაიმართა ანტისამთავრობო აქცია


საპროტესტო აქცია ტრიპოლიში
საპროტესტო აქცია ტრიპოლიში
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში პარასკევს ოპოზიციის აქციები კვლავ გაიმართა - პარალელურად, ქვეყნის აღმოსავლეთში ოპოზიციასა და მთავრობის ძალებს შორის ბრძოლა გრძელდება.

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ასობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა დედაქალაქ ტრიპოლიში პარასკევის ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ. ხალხი მეჩეთებიდან გავიდა ტრიპოლის ტაჯურის რაიონში, კადაფის გადადგომის მოთხოვნით. გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს აქციის დასაშლელად. დემონსტრანტებმა ისევ მოახერხეს შეკრება, რის შემდეგაც უშიშროების ძალები უკვე სროლას შეუდგნენ და ისევ დაშალეს აქცია. საპროტესტო აქციის დაწყებამდე კადაფის მომხრე ძალებმა ბლოკ-პოსტები აღმართეს.

ინტერპოლმა კადაფის და კიდევ 15 ლიბიელის - მათ შორის, კადაფის ოჯახის წევრების და ახლობლების - წინააღმდეგ საგანგებო მოწოდება გაავრცელა. მოწოდების ადრესატი ინტერპოლის წევრი ქვეყნები არიან. ინტერპოლი მათ მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ლიბიის წინააღმდეგ გაეროს მიერ დაწესებული სანქციების განხორციელებას და დახმარება აღმოუჩინონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რათა გამოძიებულ იქნეს ბრალდება, რომ კადაფის რეჟიმმა საპროტესტო გამოსვლებზე ზეწოლით კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული.

ოპოზიციის შეიარაღებული მომხრეები ლიბიაში
პარალელურად, ვრცელდება ცნობები რომ ლიბიის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქების აჯდაბიას და ბრეგას წინააღმდეგ ისევ განახორციელეს საჰაერო დარტყმები. ქვეყნის აღმოსავლეთში, სანაპირო გზაზე და ნავთობის საექსპორტო ტერმინალზე კონტროლის დასამყარებლად ბრძოლა გრძელდება.

ოპოზიციის ძალები, რომლებიც ამ ადგილებს გასულ კვირაში დაეპატრონნენ, აცხადებენ, რომ დაბობმვას ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ საჰაერო თავდასხმის შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთში გამაგრებულ კადაფის მოწინააღმდეგეებში დაძაბულობამ იმატა.

მთავრობის ძალები ამ ადგილებზე კონტროლის აღდგენას ოთხშაბათის შემდეგ ცდილობენ. მაგრამ საჰაერო თავდასხმების დაწყების შემდეგ იქ ასობით მებრძოლი ჩავიდა ოპოზიციის რიგების გასაძლიერებლად. როგორც იუწყებიან, ლიბიის ნავთობის საექსპორტო ობიექტების დაახლოებით 80 პროცენტი ახლა ანტისამთავრობო ძალების ხელშია.

თუმცა სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერებს დედაქალაქ ტრიპოლიზე იერიშის მიტანისთვის საკმარისი ძალა არა აქვთ.

პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მთავრობის ძალებმა დანაღმეს. ბოლო ორი კვირის მანძილზე აქედან დაახლოებით 100,000 ადამიანი გადავიდა ტუნისში. გაერო შიშობს, რომ ახლა ლტოლვილები ვეღარ შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას.

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, გამოთქვა შეშფოთება, რომ ლიბიაში შესაძლოა ხანგრძლივი და სისხლიანი სამოქალაქო ომი დაიწყოს:

„ჩიხური ვითარება შეიძლება ხანგრძლივ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ს უნდა შეეძლოს სწრაფად იმოქმედოს სიტუაციის კიდევ უფრო გართულების და ჰუმანიტარული კრიზისის შექმნის პირობებში.“

ობამამ კადაფის კიდევ ერთხელ მოუწოდა დაუყოვნებლივ გადადგეს, სამხედრო მეთაურებს კი შეახსენა, რომ თუ ჯარი სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს გააგრძელებს, მაშინ, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდონ ბრალი:

„ჩვენ გავაგრძელებთ მკაფიო მესიჯის გაგზავნას, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს და რომ მუამარ კადაფიმ ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა წავიდეს. მათ, ვინც ლიბიის ხალხის წინააღმდეგ ძალადობას მიმართავს, პასუხი მოეთხოვებათ. თავისუფლების, დემოკრატიისა და ღირსების მიმართ ლიბიელი ხალხის მისწრაფება უნდა დაკმაყოფილდეს.“

ტრიპოლის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ კადაფის მომხრე შეიარაღებული ძალები ფოტოსურათების მიხედვით ეძებენ ახალგაზრდებს, ვინც ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობს.

ბევრი ახალგაზრდა კაცი დაკარგულია, რასაც ქალაქის მცხოვრებნი უშიშროების ძალებს მიაწერენ.

პარასკევს ტრიპოლიში მთავრობის ძალებმა უცხოელ ჟურნალისტებს საშუალება არ მისცეს სასტუმრო დაეტოვებინათ და ლოცვის შემდეგ გამართული ანტისამთავრობო აქცია გადაეღოთ.
XS
SM
MD
LG