Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მე-15 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა


გაეროს ოფისი ჟენევაში
გაეროს ოფისი ჟენევაში
რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს ამბობს ხელი მოაწეროს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხერეთ ოსეთის ტერიტორიაზე, - განაცხადა ჟენევის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს დელეგაციის წევრმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ.



მოლაპარაკების მე-15 რაუნდი ჟენევაში 4 მარტს გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის, მოსკოვის, სოხუმის, ცხინვალის, ასევე ვაშინგტონის, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეები უსაფრთხოების დამატებით მექანიზმებს - თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, დევნილების დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მეთვალყურეთა დაშვების საკითხებს განიხილავდნენ. სერგი კაპანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებმა უარი თქვეს საქართველოს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე“, საერთაშორისო მოლაპარაკებები გაგრძელდება. მისი თქმით, ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები გამოვიდნენ წინადადებით, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა საოკუპაციო ხაზზე. ასევე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „იმედი მაქვს, რომ ამ თემებზე მომდევნო რაუნდებზე იქნება მეტი პროგრესი“, - დასძინა სერგი კაპანაძემ.
XS
SM
MD
LG