Accessibility links

logo-print
გამოცემა „უიკლი სტანდარტი“ აქვეყნებს ჯონ ნუნენის ბლოგს, რომელიც ასეა დასათაურებული: „როგორ არ უნდა გავიგოთ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი“. მისი ავტორი ამერიკული პროგრესის ცენტრის ანგარიშის თაობაზე წერს. ის ფიქრობს, რომ საქართველოს შესახებ ანგარიშის ავტორების ვრცელი ტექსტი ღრმად მცდარი ბუნებისაა და მასში, მემარცხენეობაზე მისი გავლენის გამო, შესწორების შეტანა ღირს. სტატიის ავტორს რამდენიმე პუნქტად აქვთ ჩამოყალიბებული ეს ცდომილებები. პირველი ისაა, რომ ამერიკული პროგრესის ცენტრი ამტკიცებს, რომ არა რუსეთმა, არამედ აშშ-მა გაამწვავა კონფლიქტი თავისი მცდარი პოლიტიკური ნაბიჯებით, და აცხადებს, რომ რუსეთის ოკუპაცია სტაბილიზების ფაქტორია.

რუსული მზარდი სამხედრო ყოფნის სტაბილიზების ფაქტორად შეფასებას წერილის ავტორი სისულელედ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები აქტიურად უჭერდა მხარს მედიის თავისუფლებას, სწორ მართვას, არჩევნების ღია სისტემის შექმნას და ქართველებმა ეს ძალისხმევა გულღიად მიიღეს.

ბლოგერი მოუწოდებს მკითხველებს, იხილონ „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ ბოლო ანგარიში, რომელიც აშკარად მიჯნავს აშშ-ისა და ევროკავშირის არსებით დახმარებას რუსეთის სამხედრო ობსტრუქციონიზმისგან. მეორე შეცდომა, „უიკლი სტანდარტის“ ბლოგის თანახმად, ისაა, რომ ანგარიში აშკარად იზიარებს რუსეთის პოზიციას, რომ მოსკოვი კონფლიქტის მონაწილე არ არის და საქართველოში კრიზისის მოგვარებაზე ერთობლივი მუშაობის პასუხისგებლობისგან თავისუფლდება. ამის მიუხედავად, მოსკოვს სურს, საქართველო დაიშალოს, სუსტი იყოს და ოკუპირებული. რომ რუსეთის ოკუპაციის გაგრძელება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევით, აბრკოლებს ნამდვილ დიალოგს, არაა სადავო, ეს ფაქტია. ამასთან, „უიკლი სტანდარტის“ ბლოგერი თვლის, რომ რუსეთის „სამშვიდობო როლი“ რეგიონში ფარსი იყო. როგორც ინტერვენციამ ცხადყო, 2008 წლის ჩათვლით, სამშვიდობო ძალები კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ და არა ნეიტრალური ძალა. გამოცემის აზრით, ამერიკული პროგრესის ცენტრი ამას არ ამჩნევს და ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარება პირდაპირ ამერიკას ეკისრება.

ამ წერილში შემდეგ ლაპარაკია იმაზე, რასაც გვერდს უვლის ამერიკის პროგრესის ცენტრი თავის ანგარიშში, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტზე წერს. ბოლოს კი ნათქვამია, რომ საქართველოს თავისუფალი და წარმატებული დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაში სურს გაწევრიანება, ის არშემდგარი ქვეყნიდან სწრაფად განვითარებად ღია რესპუბლიკად გარდაიქმნა რამდენიმე წელიწადში. ღია დემოკრატიულ საზოგადოებებს რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს. მან უკვე აჩვენა, რომ ასეთ საფრთხეს ძალის და ოკუპაციის საშუალებით აღუდგება წინ, ხოლო, ამერიკული პროგრესის ცენტრის აზრით, დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ეს გაკიცხვის ღირსი ხელის შეშლა კანონიერია, დაასკვნის თავის ბლოგში ჯონ ნუნენი.

ყოველკვირეული „მონდ დიპლომატიკი“ აქვეყნებს ვრცელ წერილს, რეპორტაჟს, საქართველოში ადგილნაცვალი პირების შესახებ. მისი ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის დროს იძულებით ადგილნაცვალი 192 ათასი ადამიანიდან 26-მა ათასმა ვერ მოახერხა შინ დაბრუნება. სტატიაში, რომლის სათაურია „ქართველები, რომლებსაც შინ დაბრუნება არ შეუძლიათ“, ის აღწერს კერძო შემთხვევებს, წერს უმუშევრობაზე და იმაზე, რომ ადრე სამხრეთ ოსეთის რეგიონში მუშაობის საშუალების მქონეთ ახლა საქართველოს მთავრობა არ უსრულებს დანაპირებს, დააბრუნოს ისინი შინ ან უკეთესი პირობები შეუქმნას.

ანჯელა რობსონის, წერილის ავტორის მიერ მოხმობილი სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ექვსი პროცენტია იძულებით ადგილნაცვალი პირი. მათი 42 პროცენტი კი, ამავე ინფორმაციით, ცხოვრობს არეალებში, რომლებიც არ არის მუდმივ საცხოვრებლად განსაზღვრული. რობსონისთვის ცნობილია ასევე შემთხვევები, როცა იძულებით ადგილნაცვალი პირები მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან ძალის გამოყენებით გაასახლეს, რის გამოც ბევრს ქონება დაეკარგა. წერილში ნახსენებია ასევე ფოცხოეწერი, ადგილი, სადაც ჩაასახლეს ლტოლვილები. ამ სოფელში, მოჰყავს ერთი რესპონდენტის შეფასება გამოცემას, არაა სათანადო საცხოვრებელი სტანდარტი, ბევრ ადგილნაცვალ პირს არა აქვს ელექტროდენი და წყალი.

ანჯელა რობსონი ესაუბრა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის ნაწილის ხელმძღვანელს, ლოურენს სკოტ შიტს და მისი ნათქვამიდან შეიტყო ვითარების - ომისა და მისი მომდევნო მოვლენების - შესახებ. შიტსის ნათქვამი მოჰყავს გამოცემას, რომ საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთელ ოსთა ნაწილები - ყველა არღვევდა კანონს, მაგრამ, „ჯგუფის“ თანახმად, განსაკუთრებული იყო ქმედება ოსთა შეიარაღებული რაზმებისა, რომლებმაც გაძარცვეს, გადაწვეს და ბულდოზერით გაანადგურეს ქართული სოფლები. შიტსისვე ნათქვამია იქვე მოყვანილი, რომ რუსეთის არმიის ყოფნა არეალში, საქართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის არსებით ნაწილებში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დედაქალაქს და აღმოსავლეთის და დასავლეთის შემაკავშირებელ ავტომაგისტრალს, რომელიც რუსეთის ძალებმა დაიკავეს 2008 წელს.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ, განაგრძობს შიტსი „მონდ დიპლომატიკის“ რეპორტიორთან საუბარში, „რუსეთმა განამტკიცა თავისი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რასაც შედარებით მცირე საერთაშორისო კრიტიკა შეეხო. აქედან ჩანს, რომ მას ყველაფერი შეუძლია აკეთოს ისე, რომ ამას რეაქცია არ მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG