Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმიის გაუზიარებელი სიხარული და ტკივილი


ქართველი ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
ქართველი ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
როცა ჯარს დანაკარგები აქვს, მას საზოგადოების დახმარება, თანადგომა და გამხნევება სჭირდება. ქართულმა არმიამ ბოლო ორი თვის განმავლობაში 4 მეომარი დაკარგა, დაიჭრა ათზე მეტი... მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებისათვის არმია უცხო სხეული ხდება. არმიის ხელმძღვანელობის მკაცრად კარჩაკეტილმა პოლიტიკამ ის შედეგი გამოიღო, რომ საზოგადოებას არც ჯარის სიხარული ანაღვლებს და არც მისი ტკივილი.

საპატიო ყარაული, კუბოზე გადაფარებული საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, სამი გასროლა ჰაერში და სახელმწიფო ჰიმნი, - ასე დაკრძალეს 1 მარტს მშობლიურ სოფელ ციხესულორში კაპრალი გიორგი ავალიანი, რომელიც ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს 22 თებერვალს დაიღუპა. ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში ქართველ კაპრალს უამრავი ადამიანი გამოეთხოვა. მათ შორის იყო სამხედრო ჟურნალისტი ზვიად თხელიძე, რომელიც დაკრძალვის დროს რადიო თავისუფლების მსმენელებს პირდაპირ ეთერში ელაპარაკებოდა:

„ჩვენ ახლა, ამწუთას, ციხესულორის სასაფლოზე ვართ. ამწუთას მოასვენეს გიორგი ავალიანის ცხედარი. თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრი, საპატიო ყარაული დგას მის ცხედართან. აქ არიან ადამიანები, რომლებიც საპატიო გასროლას მოახდენენ. აი, უნდა გესმოდეთ უკვე ხმა.“

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ცენტრალურ არხებს, რომლებიც, ტრადიციულად, დიდ ადგილს უთმობენ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ საზარელ მკვლელობებსა თუ მსხვერპლით დასრულებულ არასწორ მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში, არ უჩვენებიათ არც ჯარისკაცის ჩამოსვენება ავღანეთიდან და არც მისი მხედრული პატივით დაკრძალვა, რის ჩვენება არც შიდა კანონით იკრძალება და არც საერთაშორისო ვალდებულებით. პარადოქსულია, რომ კაპრალ გიორგი ავალიანის დაკრძალვის კადრები და ინფორმაცია არ დევს სამხედრო უწყების ოფიციალურ საიტზე, რომელიც ვალდებულია ქრონოლოგიურად აღნუსხოს და ისტორიას შემოუნახოს ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენა. სამაგიეროდ, ზუსტად მეორე დღეს ფართოდ გაშუქდა საქართველოს პრეზიდენტის ვარჯიში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილში, დახურულ სამხედრო ობიექტზე, სადაც მოგვიანებით, ჯარისკაცული ტრაპეზის დროს, ქვეყნის მთავარსარდალმა პირველი კომენტარი გააკეთა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვაზე:

„ჩვენ გვყავდა მსხვერპლი ავღანეთში. ბოლო ჩვენი მებრძოლი ვანში გუშინ დავასაფლავეთ, როგორც იცით, ვინც იქ [ავღანეთში] ბოლოს დაიღუპა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალებისათვის ყველა ასეთი დანაკარგი - და ეს არის დანაკარგი ქვეყნისთვის და შეიარაღებული ძალებისათვის - უნდა იყო საწინდარი უფრო მეტი გაძლირების, უფრო მეტი სულისკვეთების. და, საბოლოოდ, ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით.“

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. მას არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია დაათვალიეროს სამხედრო ნაწილები, შეხვდეს პირად შემადგენლობას, უშუალოდ დაელაპარაკოს მათ და გაამხნევოს სამხედროფორმიანი ადამიანები, რომლებსაც ძალიან რთულ პერიოდში უწევთ საკუთარი მისიის შესრულება. მაგრამ პრეზიდენტის გამხნევება სჭირდებათ არა მხოლოდ მწყობრში მყოფ ჯარისკაცებს, არამედ დაღუპული ჯარისკაცების მშობლებსაც, სჭირდებოდა გიორგი ავალიანის დედას, რომელმაც დიდი დარდისაგან თქვა ის, რის გამოც არის კიდეც აკრძალული ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიის გადაღება:

„ქართველი ჯარისკაცი უნდა ემსახუროს თავის ქვეყანას, დედიკო. არა, შვილო, ყველამ დაიცვას თავისი ქვეყანა.“

სტუდია „ჯი-ენ-ესის“ საშუალებით კაპრალ გიორგი ავალიანის დედის ეს სიტყვები ბევრმა ადამიანმა მოისმინა საქართველოში. სავარაუდოდ, იმავე სიტყვებს ეტყოდა გამწარებული დედა ქვეყნის მთავარსარდალსაც და შესაძლოა ეთხოვა კიდეც სააკაშვილისათვის, მალე გამოეყვანა ქართული დანაყოფი ავღანეთიდან, რათა მისი ტკივილი სხვა ქართველმა დედებმაც არ გაიზიარონ. თუმცა საქართველოს ხელისუფლება სხვანაირად ფიქრობს. „არ უნდა შევდრკეთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეშვათ ამ ყველაფერს. ჩვენი საქმე არის სამართლიანი, ეს ყველამ იცით, ალბათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2 მარტს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ნაწილში ყოფნის დროს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG