Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა ბრეგვაძის "ბოლო წლების ჩანაწერები"


გამომცემლობა "ინტელექტმა" თავის ტრადიციულ სერიაში ბაჩანა ბრეგვაძის ბოლო წლების ჩანაწერები გამოსცა ცალკე წიგნად.

სოკრატემდელი ფილოსოფოსები, თითქმის სრული პლატონი, არისტოტელე, პლოტინე, სახარება, მარკუს ავრელიუსი, ნეტარი ავგუსტინე, დანტე, სერვანტესი, პასკალი, შოპენჰაუერი, იბსენი, პოლ ვალერი, ანრი ბერგსონი, ორტეგა ი-გასეტი, სენტ-ეგზიუპერი, ლორკა... ეს ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი ავტორების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფილოსოფოსებიც არიან და პოეტებიც, დრამატურგებიც და დიდი პროზაიკოსებიც. ბაჩანა ბრეგვაძე ყველა ამ ავტორს თანაბარი პასუხისმგებლობით თარგმნიდა, თუმცა მისი უმთავრესი დამსახურება მაინც სხვადასხვა ფილოსოფიური დისკურსის ქართული შესატყვისის მოძებნაა, რომელსაც იგი ათწლეულების მანძილზე ხვეწდა. ბევრმა სწორედ ბაჩანა ბრეგვაძის ქართულით წაიკითხა ეს მოაზროვნეები, ახლა კი ჩვენ შანსი მოგვეცა თავად ბაჩანა ბრეგვაძის ნაწერი წავიკითხოთ, ფრაგმენტული თუ გაბმული ტექსტები, რომლებიც ძალიან ზუსტად გვიხასიათებს მწერალს, მოაზროვნეს, მთარგმნელს, მის თვალსაწიერს.
ვინც მართლა სამართლიანობისათვის იბრძვის, თუ სურს ცოტა ხანს მაინც გაუძლოს მტრებს, ბოლომდე კერძო პირად უნდა დარჩეს: საზოგადოებრივი ასპარეზი მისი სარბიელი არ არის...

პირადი ცხოვრება აქ ძალიან ცოტაა, აქ მოაზროვნეს ვხედავთ, რომელიც საკუთარ აზრებს საყვარელი ავტორების აზრებით კმაზავს. აქ ჩვენს თანამედროვეებსაც იშვიათად შეხვდებით. ფილოლოგმა დავით პაიჭაძემაც ჩემთან საუბრისას სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება:

"კონკრეტიკის მოლოდინი თუ გაქვს, ამ ჟანრის წინა ქართული წიგნებიდან გამომდინარე, შეიძლება ცოტა გაგიწბილდეს მოლოდინი, იმიტომ რომ, თუკი ავტორი აქ კონკრეტულია და კონკრეტულ სახელებს ამბობს, ეს სახელები დიდი ხნის წინათ გავიდნენ ამ სოფლიდან. იგი არ ლაპარაკობს თავის თანამედროვეებზე სახელდებით. ამ მხრივ ის ინდობს მათ, განსხვავებით, მაგალითად, გივი ალხაზიშვილისგან, რომელმაც ძალიან მწარე და ბრაზიანი წიგნი გამოსცა, მე თუ მკითხავთ, და, ალბათ, ბევრი განაწყენდა კიდეც."

დათო პაიჭაძემ სიტყვა ინტელიგენტურიც გამოიყენა ბაჩანა ბრეგვაძის ჩანაწერების დახასიათებისას:

"მე არ მინდა ვიხმარო სიტყვა ინტელიგენტი. არ მიყვარს ეს სიტყვა და ბაჩანა ბრეგვაძე სხვა არის. არ ვიტყვი მეტი ან რაღაც. ეს არ არის ინტელიგენტის ჩანაწერები. მაგრამ, აი, ეს მომენტი: არგამხელა, დანდობა, სათქმელის მორბილება, როცა საქმე ეხება მის თანამედროვეობას და თან მწვავე საკითხებსაც, ეს არის ინტელიგენტური, ამ სიტყვის სტერეოტიპული გაგებით."

მახსოვს, დაახლოებით 8 წლის წინ წავიკითხე ბაჩანა ბრეგვაძის ჩანაწერების პირველი პუბლიკაციები გაზეთ "ჩვენ მწერლობაში". მაშინვე ძალიან გამიხარდა, როდესაც არაერთ პროფესიულ, ფილოლოგიურ დაკვირვებას გადავაწყდი და ახლაც ჩემთვის სწორედ ამითაა ეს წიგნი მნიშვნელოვანი, და ლიტერატურის მოყვარულებს, ასევე მათ, ვისაც მნიშვნელობათა ლაბირინთებში ძრომა უყვარს, ეს წიგნი დიდ სიამოვნებას ჰპირდება:

"ერთი სიამოვნებაა მისი ფილოლოგიური წიაღსვლების კითხვა აქ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრაზა სახარებიდან, რაც მთელ ჩვენს სინამდვილეს მოჰყვება შემდეგ ფრთიან ფრაზებად, არამარტო ქართულს, არამედ საერთოდ, რომ "როგორც ნემსის ყუნწში ვერ გაძვრება აქლემი, ისე ვერ შევა მდიდარი სასუფეველში", და თურმე აქლემი კი არ არის, ბაგირია, და ლაპარაკია სქელ თოკზე და გადამწერის შეცდომის გამო მოხდა ეს. ანუ "კამილოს - ბაგირი" და "კამელოს - აქლემი" აერია გადამწერს და შექმნა ფრაზა, რომელიც გგონია, რომ არის მახარებლების დაწერილი და ამ დროს ვიღაცა უცნობი მთარგმნელის შეცდომაა. და ეს არ გასწორდება არასოდეს, როგორც ჩანს, იმიტომ რომ დამკვიდრებულია..."

წიგნში ძალიან ბევრი საინტერესო ამბავია მოთხრობილი, გაგონილიც და ამოკითხულიც, და, რაც მთავარია, ამას ახლავს ავტორის ხან იმპრესიონისტული, ხანაც ძალიან დაკვირვებული და ზედმიწევნით ანალიტიკური კომენტარები:
ეს არ არის მხოლოდ კლასიკური სამყაროს ფრაგმენტების მოტანის სურვილი მკითხველთან. არა, ეს, პრინციპში, არის სევდიანი წიგნი კაცისა, რომელსაც უკვე ხნიერება შემოეპარა...

"ეს პატარა ანეკდოტები, ანეკდოტები არა სასაცილო აზრით, არამედ სწორედ ჟანრობრივად, ანუ ის, რაც არასოდეს გამოცემულა, უბრალოდ, თაობებმა შემოინახეს და ძალიან ბევრ, ჯერ კიდევ ძველბერძნულ წიგნშია თავმოყრილი, გაცოცხლებულია აქ და კი გამოიცა ახლა ელიანეს ჭრელ-ჭრელი ამბები, მაგრამ ის ელიანეა, ორიგინალიდან თარგმანია და ის სხვა საკითხია, ხოლო აქ მნიშვნელობა აქვს რატომ ცოცხლდება და ვის ხელში ცოცხლდება ეს ჩანაწერები."

დათო პაიჭაძე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ წიგნს, ისევე როგორც ამ ჟანრის სხვა წიგნებსაც, გარკვეული სევდიანი ინტონაცია ახასიათებს და რომ მას მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა არა აქვს. იგი არაა მხოლოდ გონების სავარჯიშო:

"ეს არ არის მხოლოდ კლასიკური სამყაროს ფრაგმენტების მოტანის სურვილი მკითხველთან. არა, ეს, პრინციპში, არის სევდიანი წიგნი კაცისა, რომელსაც უკვე ხნიერება შემოეპარა. და ეს არის პროეცირება ხან ძალიან ღრმა, ხანაც არცთუ ისე ღრმა, მისი ასაკიდან გამომდინარე, მის გარემოზე და ადამიანის არსზე. მე ვერ ვიტყვი, რომ ის თავის თავში იჩხრიკება. არა, ეს არ არის Ad Se Ipsum (იგულისხმება მარკუს ავრელიუსის "ფიქრები"), რომელიც მან ბრწყინვალედ თარგმნა და გამოსცა."

სწორედ ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ბაჩანა ბრეგვაძის ის იშვიათი ავტობიოგრაფიული ფრაგმენტები და დაკვირვებები, რომლებიც წიგნშია გაფანტული:
ის ენდობა მკითხველს მთლიანად და ენდობა არა ხაზგასმით. მოკლედ, შენ წაიკითხე - როგორც გინდა, ისე გაიგე. თუ გინდა, სულ ნუ გაიგებ...

"ხანდახან აცოცხლებს ხოლმე - მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც - პირდაპირ გულისამაჩუყებელ, გულწრფელად სენტიმენტალურ სიუჟეტებს და ამბებს თავისი ყოფიდან, ბავშვობიდან. ის იხსენებს ეპიზოდს თავისი ბავშვობიდან, როცა მისი სახლის წინ, რაჭის სოფელში, ზამთარში, ერთი ღარიბი ოჯახის შვილები ჩაივლიდნენ ხოლმე სკოლიდან მიმავალნი და ერთსა და იმავე ადგილას ერთი ბავშვი იწყებდა ხოლმე ტირილს სულ. და ბაჩანას, რომელიც მაშინ თავადაც ბავშვი იყო, მოზარდი, ეგონა, რომ ეს ბავშვი სიცივის გამო ტიროდა, იმიტომ რომ დახეული წინდა ჰქონდა და ფეხი უშავდებოდა. ამას ხედავდა და უკვიდრა: "ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, რაღა მაინცდამაინც აქ მორთავ ტირილს-მეთქი. მჭადი მითავდებაო, მითხრა. გული ჩამწყდა. არა, სიცივე როდი იყო ამის მიზეზი. დედის მომჭირნე ხელით მკაცრად მოზომილი ნატეხი მხოლოდ აქამდე ჰყოფნიდა, მაგრამ შიმშილს კი ვერ უკლავდა...". მერე კი წერს ავტორი, რომ ეს ბიჭი დავაჟკაცდა, პატიოსანი კაცი გახდა და ა.შ... კი, მაგრამ, ეს ეპიზოდი არის ერთი პატარა ნოველა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ გვერდზე ეტევა, იგი არ გავიწყდება და მეტი ზემოქმედება ტექსტს რა უნდა მოსთხოვო!"

ბაჩანა ბრეგვაძის ამ წიგნში ბევრ მახვილგონივრულ მიგნებას ნახავთ. მაგალითად, ერთ-ერთ ფრაგმენტში ავტორი უშვებს, რომ შესაძლოა ფარსმან II, თავისი სტუმრობის დროს ჰადრიანესა და ანტონინუს პიუსის კარზე მარკუს ავრელიუსსაც შეხვდა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელიც ანტონინუს პიუსს ჰყავდა ნაშვილები. წიგნში, ასეთი ისტორიულ-ფილოლოგიურ-დეტექტიური დაშვებების გარდა, აურება პარადოქსია მოყვანილი ფიზიკიდან, ფილოლოგიიდან, ისტორიიდან, ფილოსოფიიდან. ჰერაკლიტედან მოყოლებული, თანამედროვე პოლიტიკით დამთავრებული, ავტორი ბევრ რამეს ეხება. ერთგან ასეთი ფრაზაც გვხვდება: "პოლიტიკამ პროგრესი არ იცის".
ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის ინტონაციაც და ავტორის ინტენციაც:
წიგნი მოსაწყენი არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საინტერესო კაცია, მეორე იმიტომ, რომ მხოლოდ თავის სულში არ იყურება...

"ის ენდობა მკითხველს მთლიანად და ენდობა არა ხაზგასმით. მოკლედ, შენ წაიკითხე - როგორც გინდა, ისე გაიგე. თუ გინდა, სულ ნუ გაიგებ... და, აი, ამ დამოკიდებულებითაც, ვფიქრობ, რომ ძალიან მომხიბვლელი წიგნია მკითხველისთვის. იგი არაფერს არ გახვევს თავს. წიგნი მოსაწყენი არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საინტერესო კაცია, მეორე იმიტომ, რომ მხოლოდ თავის სულში არ იყურება, და კიდევ იმიტომ, რომ შენ, როგორც მკითხველს, გაძლევს სრულ თავისუფლებას, რომ როგორც გინდა, ისე გაიგო მისი ტექსტები."

დაბოლოს, ბაჩანა ბრეგვაძის ერთი ფრაგმენტით მინდა დავამთავრო, რომელსაც "პატიოსანი კაცის კრედო" ჰქვია და სადაც ავტორი თავის მიერვე თარგმნილი ტექსტიდან იმოწმებს სოკრატეს სიტყვებს. პლატონის "აპოლოგიაში" სოკრატე ამბობს:

"ვინც მართლა სამართლიანობისათვის იბრძვის, თუ სურს ცოტა ხანს მაინც გაუძლოს მტრებს, ბოლომდე კერძო პირად უნდა დარჩეს: საზოგადოებრივი ასპარეზი მისი სარბიელი არ არის."
XS
SM
MD
LG