Accessibility links

logo-print
რუსთაველის პოემის ზიჩისეული 34 ილუსტრაცია, რომლებიც მხატვარმა უსასყიდლოდ დაუტოვა საქართველოს, ეროვნული წიგნის მხატვრობის კლასიკად ითვლება. თუმცა ჩვენში ნაკლებადაა ცნობილი ზიჩის მოღვაწეობა საქართველოს საზღვრებს გარეთ.

თავის დროზე, მაგალითად, უნგრელი მხატვრის ქართველმა ბიოგრაფებმა დაუმალეს მკითხველს ის ფაქტი, რომ ზიჩი ეროტიკულ სურათებსაც ქმნიდა. სწორედ ეს გახდა სკანდალის მიზეზი 2003 წელს, ზიჩის ეროტიკული ტილოების გამოფენის დროს, თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში. ზიჩის ეროტიკული ტილოების გამოფენამ შოკივით იმოქმედა იმ ხალხზე, ვისაც უნგრელი მხატვარი მხოლოდ და მხოლოდ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორი ეგონა.
თავიდან ზიჩის შეუკვეთეს 14 ილუსტრაცია, მაგრამ მან შეასრულა 34. ყველა ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში...

ზიჩი, რომელსაც თავის დროზე საქართველომ ძეგლი დაუდგა, ირონიით აღსავსე სექსუალური შარჟების ავტორი აღმოჩნდა. გოეთეს ინსტიტუტში ექსპოზიცია კინაღამ ჩაიშალა. გამოფენის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე შენობაში ანონიმური ზარი გაისმა – უცნობი მამაკაცი ირწმუნებოდა, საგამოფენო დარბაზში ნაღმიაო.

ამასობაში საქართველოში ”ვარდების რევოლუცია” მოხდა, მერე უნგრეთის საელჩოც გაიხსნა და ახლა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიხაი ზიჩის ახალი გამოფენა მოეწყო - საგანგებოდ ამ გამოფენისთვის ნამუშევრები თავისი პირადი კოლექციიდან თბილისში მიხაი ზიჩის შვილთაშვილმა, ელიზაბეთ მარია ჩიჩერი-რონაი-სმიტმა ჩამოიტანა. იგი თბილისს უკვე მეოთხედ ესტუმრა. გამოფენაზე ორი ნამუშევარი ჩამოიტანა ”კავკასიურ თემაზე”.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ირინა გოგონაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს:

”ამ გამოფენაზე მხოლოდ ორიგინალებია წარმოდგენილი. თავიდან ზიჩის შეუკვეთეს 14 ილუსტრაცია, მაგრამ მან შეასრულა 34. ყველა ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ჩვენ წარვადგენთ ამ გამოფენაზე 19 ილუსტრაციას”.
მიხაი ზიჩი, როცა ჩამოვიდა საქართველოში მას ნინო წერეთელი გააცნეს. ნინო გახდა თამარ მეფისა და ნესტან დარეჯანის პროტოტიპი...

გამოფენაზე აგრეთვე უნიკალური ფოტოებია წარმოდგენილი - ეგრეთ წოდებული ”ცოცხალი სურათები”, რომელთაც ზიჩი დგამდა - ფოტოები ქართველი თავადებისა, რომლებიც ”ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟებს ანსახიერებდნენ... აქაა ბაბო ბაგრატიონ-დავითაშვილი, ნინო წერეთელი და სხვები... ნინო წერეთელი განსაკუთრებით გამოირჩევა - იგი ხომ ლამის ზიჩის თანაავტორად ითვლება. ნინო წერეთლის როლზე მარინა ელიოზიშვილი გვესაუბრა:

”მიხაი ზიჩი, როცა ჩამოვიდა საქართველოში მას ნინო წერეთელი გააცნეს. ნინო გახდა თამარ მეფისა და ნესტან დარეჯანის პროტოტიპი... ეხმარებოდა კიდეც ზიჩის სურათების შექმნაში - აუშენა სახელოსნო ქუთაისში, მოყავდა ნათესავები, რომლებიც განასახიერებდნენ ცოცხალ სურათებს... და როდესაც 1888 წელს გამოვიდა ”ვეფხისტყაოსნის” პირველი გამოცემა, პირველი ეგზემპლარი მიართვეს ნინოს დიდი პატივისცემის ნიშნად.”

მიხაი ზიჩი “რუსული რევოლუციამდელი” მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაც იყო. ხელოვანი, რომელმაც მოასწრო და რუსეთის ოთხ მეფეს გაუწია სამსახური, რომელიც გარდაცვალებამდე, ე.ი. 1906 წლამდე, ოფიციალურად ყოველთვის კარის მხატვრად ითვლებოდა, ერთდროულად ემსახურებოდა იმპერატორებს, მათ შორის რუსეთის იმპერატორს, ალექსანდრე მეორეს და მათი ცხოვრების წესზეც ქილიკობდა.
მიხაი ზიჩის გამოფენა

ეს ირონია ზიჩის თითქმის ყველა სურათში წარმოჩნდება. სწორედ ფარული ირონია ეხმარება მას შეინარჩუნოს დისტანცია იმასთან, რასაც ხატავს და ეს “სალონური ფერწერა” უხამს სანახაობად არ აქციოს. თუმცა რუსეთის მეფის კარზე, როგორც ჩანს, ამას ან ვერ ხედავდნენ, ან, უბრალოდ არ იმჩნევდნენ. ბოლოს და ბოლოს, მხატვარს, ეტყობა, მობეზრდა ეს სამსახური და მეფეს ევროპაში დროებით გამგზავრების უფლება სთხოვა. 1878 წელს გაათავისუფლეს. პარიზში მან ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ნამუშევარი შექმნა ფერწერის ისტორიაში - “დამანგრეველი ძალის ტრიუმფი" - სურათი, სადაც ბოროტებას განასახიერებენ ევროპის იმპერატორები: ფრანც იოსები, ნიკოლოზ პირველი და ნაპოლეონ მესამე, აგრეთვე, რომის პაპი. ეს ფერწერული ტილო მსოფლიო გამოფენისთვის შეიქმნა, მაგრამ მხატვარმა, მას შემდეგ, რაც მისი შემოქმედებით ადგილობრივი ცენზურა დაინტერესდა, “დამანგრეველი ძალის ტრიუმფი” ერთ კერძო გალერეაში გამოფინა. 5 წლის შემდეგ ზიჩი ისევ თანხმდება გახდეს რუსეთის მეფის, ამჯერად ალექსანდრე მესამის, კარის მხატვარი. 1896 წელს კი მან უკვე ნიკოლოზ მეორის კორონაცია გამოხატა.

საბჭოთა ეპოქაში მიხაი ზიჩის რუსი და ქართველი ბიოგრაფები თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას ერთგვარ გაორებას უნგრელი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. მეცხრამეტე საუკუნის სხვა რუსი მხატვრებისგან განსხვავებით, ზიჩი არასდროს აღიქვამს ფერწერას ”ცხოვრების სარკედ” - მის დეკორატიულ აკვარელებში ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტადაა ასახული, მაგრამ ეს მაინც უფრო სიცოცხლის იმიტაციაა, ვიდრე სიცოცხლე; ერთგვარი თეატრია, რომელსაც ჩვენგან, მაყურებლისგან, რამპა გამოყოფს. უხეშად რომ ვთქვათ, ზიჩი მეცხრამეტე საუკუნის მოდების ჟურნალს ქმნის, დიზაინერი უფროა, ვიდრე ფერმწერი. ”დადგმული სცენები”, მერე ამ სცენების ფოტოგადაღება და მერე უკვე ფერწერულ სურათებში ასახვა - ყველაფერი ეს ერთგვარი ნაზავია განსხვავებული ხელოვნების დარგების... ამიტომაც დღეს, როცა ზიჩის სურათებს ათვალიერებ, ხვდები, რომ ამ ნამუშევრებს როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული ღირებულება აქვთ.
მიხაი ზიჩის გამოფენა

მიხაი ზიჩი თავისუფლებაზე ოცნებობდა და ახერხებდა კიდეც ყოფილიყო თავისუფალი. იმხანად საფრანგეთი რუსეთისთვის ეროტიკისა და გარყვნილების კერად ითვლებოდა. რუსეთის არისტოკრატია ფრანგულ რომანებს დიდი გატაცებით კითხულობდა. მიხაი ზიჩი ამჩნევს რუსების ამ ფარულ მისწრაფებებს და პარიზიდან დაბრუნების შემდეგ მეფის კარისთვის ეროტიკული სერიის შექმნას იწყებს. რევოლუციის შემდეგ ეს ნახატები დასავლეთში ხვდება. საბჭოთა კავშირი ინგრევა, მაგრამ ზიჩის ამ სურათების შესახებ აქ არაფერი იციან. “ვარდების რევოლუციამდე” სულ ცოტა ხანი რჩება და “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორის ეს ნახატები თბილისში ჩამოაქვთ. ვიღაც ყუმბარის აფეთქებით იმუქრება. თბილისი რევოლუციამდელ შოკშია.

დღეს უკვე ეს აფეთქებაც წარსულს ჩაბარდა. აღარც სკანდალის მოთხოვნილებაა ისეთი, რომ ზიჩის შემოქმედებაში მაინც და მაინც ეროტიკულმა სურათებით დაინტერესდეს ქართველი მაყურებელი... ახლა უკვე შესაძლებელი ხდება ”ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორის უფრო ახლოს გაცნობა და იმ ეპოქის გაცნობა, რომელიც მიხაი ზიჩიმ ჩვენამდე მოიტანა. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ უნგრელი მხატვრის გამოფენა ფაქტობრივად მხოლოდ ერთი კვირით იყო გახსნილი.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG