Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის მთავრობა აცხადებს რამდენიმე ქალაქში მეამბოხეების დამარცხების შესახებ


ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში კვირას დილით სროლა ისმოდა რამდენიმე რაიონში, მათ შორის ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეზიდენციის მახლობლად. ოფიციალური პირების განცხადებით, ისროდნენ კადაფის მომხრეები, რომლებიც ზეიმობდნენ, მათი განცხადებით, მთავრობის ჯარების მიერ ქალაქ რას ლანუფზე კონტროლის აღდგენას. რას ლანუფს, რომელიც ცენტრალურ ლიბიაში მდებარეობს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, როგორც ნავთობმრეწველობის ერთ-ერთ ცენტრს. მაგრამ მეამბოხეები ირწმუნებიან, რომ ისინი აკონტროლებენ ქალაქს. ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს რას ლანუფის მახლობლად მდებარე ბინ ჯავადში, რომელსაც მეამბოხეები განიხილავენ სტრატეგიულ პოზიციად კადაფის მომხრეებისთვის მნიშვნელოვან ქალაქ სირტეზე იერიშის განსახორციელებლად. ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია როგორც იუწყება, კადაფის ძალებმა მეამბოხეები უკუაგდეს აღმოსავლეთ ლიბიაში მათს მთავარ დასაყრდენ ქალაქ ბენღაზიმდე. ამ ინფორმაციას დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ, ხოლო ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ბენღაზი და რას ლანუფი მათს ხელში რჩება. ასობით ადამიანია დაიღუპული მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ლიბიაში დაპირისპირება დაიწყო. შიშობენ, რომ ბრძოლები გადაიზრდება სამოქალაქო ომში, რომელმაც შესაძლოა, თვეები გასტანოს.
XS
SM
MD
LG