Accessibility links

9 მარტს ბერნში განახლდება მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გაავრცელა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების განახლების ინიციატივა რუსეთს ეკუთვნის. მხარეების ყველა წინა მცდელობა შეეჯერებინათ პოზიციები, უშედეგოდ დასრულდა. რა შეიცვალა ბოლო შეხვედრის შემდეგ და რას უნდა ველოდეთ 9 მარტს დანიშნული მორიგი შეხვედრიდან?

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლიათ, ანუ საქართველო კვლავინდებურად მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი უზრუნველყოფს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების "გამჭვირვალობას“. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ერთი თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ”ატლანტიკურ საბჭოში” გამართულ შეხვედრაზე განაცხადა:

მგონია, მოსკოვს ესმის, რომ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეს და რომ ეს არ არის რაღაც ისეთი, რომ უნდა დაელოდოს ჩვენი მხრიდან თბილისზე მოქმედებას, რადგან ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ ...
„საზღვრები და საბაჟო გამშვები პუნქტები უნდა იყოს გამჭვირვალე. სამწუხაროდ, ამ დროისათვის ორი საბაჟო პუნქტი რუსეთსა და საქართველოს შორის - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - გაუმჭვირვალეა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ცივილიზებული ორგანიზაციაა და ის რუსეთსაც მეტად ცივილიზებულს გახდის. ჩვენც ეს გვსურს, მაგრამ, იმავდროულად, დაცული უნდა იყოს ორგანიზაციაში მიღების წესები.“

ნიკა გილაურს ორგანიზაციაში მიღების წესები შემთხვევით არ უხსენებია. იმის გამო, რომ რუსეთი ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ეკონომიკის ექსპერტთა შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთს ვმოში საქართველოს გვერდის ავლით მიიღებენ. ექსპერტთა ნაწილმა კი გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველოზე ზეწოლას პარტნიორი ქვეყნები მოახდენდნენ, დასახელდა ამერიკის შეერთებული შტატებიც, თუმცა 4 მარტს პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ საკითხი საქართველოსა და რუსეთის მთავრობების გადასაწყვეტია:

“პროცესი მიმდინარეობს. მე არ მინდა წინასწარი დასკვნების გაკეთება, რადგან ჩვენ ამ პროცესში ჩართულები არ ვართ, მაგრამ მგონია, მოსკოვს ესმის, რომ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეს და რომ ეს არ არის რაღაც ისეთი, რომ უნდა დაელოდოს ჩვენი მხრიდან თბილისზე მოქმედებას, რადგან ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას თბილისში ესმის და სურს თანამშრომლობის გზით მოაგვაროს ეს საკითხი ისე, რომ აქცენტი კონკრეტულ ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე გაკეთდეს და არ გადააქციოს ის უფრო ფართო დებატების საგნად. შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი მიმდინარეობს, თუმცა არ ვიცი სადამდეა ის მისული ან სადამდე მივა.“

რუსეთი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ვმო-ში გაწევრიანებით, მაგრამ არაიმდენად, რომ გეოპოლიტიკური ვითარება მთლიანად შეცვალოს...
რუსეთის შეთავაზებას, მოლაპარაკებები შვეიცარიაში განახლდეს, პირველი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, თუმცა 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს, საქართველოს მთავრობის პოზიციის კორექტირების თაობაზე არაფერი უთქვამს.

თუმცა წინა მოლაპარაკებებიდან ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება თანხმობის სანაცვლოდ რუსეთისგან ორ რამეს ითხოვს: პირველი ქართულ ნაწარმზე ემბარგოს გაუქმებაა, მეორე კი - რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ლეგალური საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების შერევით, შეცდომას უშვებს.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ვმო-ში გაწევრიანებით, მაგრამ არაიმდენად, რომ გეოპოლიტიკური ვითარება მთლიანად შეცვალოს. საჭიროა ამ საკითხის წმინდა ეკონომიკურ პლასტში გადაყვანა. ავიღოთ ასეთ თემა: რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისათვის. ეს ამ შემთხვევაში იქნებოდა ადეკვატური მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველას“, უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ამასთან, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღებას აფერხებს. რუსეთის სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ევგენი ფიოდოროვის თქმით, მომხრეთა გამრავლებას მარტივი ახსნა მოეძებნება:

„იცით, რატომ ალაპარაკდა მთელი მსოფლიო იმაზე, რომ უნდა დაეხმარონ რუსეთს გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი? იმიტომ, რომ ჩვენ აქა-იქ ბაზრების დახურვა დავიწყეთ. მაგალითად, დავხურეთ ხე-ტის ბაზარი და მაშინვე ფინეთი გახდა მთავარი მხარდამჭერი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღებისა. ამ ნაბიჯს ჰქონდა მყისიერი ეფექტი. საკითხისადმი დამოკიდებულება ორიოდე კვირაში ჩამოყალიბდა.“

ეკონომიკის ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის დიდი და, შესაბამისად, მიმზიდველი ბაზრის დაკარგვა მართლაც სერიოზული იარაღია, რასაც მოსკოვი ეფექტიანად იყენებს კიდეც. ამ გარემოების გამო, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ბოლომდე ხისტი პოზიციის შენარჩუნება გაუჭირდება.

„ოფიციალურად თუ არაოფიციალურად სხვადასხვა ქვეყნები ეცდებიან ჩვენთან მოლაპარაკებების გამართვას, რათა გარკვეული საკითხები დავთმოთ რუსეთთან მიმართებაში და ნაკლებად ხისტი პოლიტიკა ვაწარმოოთ რუსეთის ვმო-ში მიღებასთან დაკავშირებით“, უთხრა დავით ნარმანიამ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG