Accessibility links

logo-print
კალიფორნიულმა კომპანია „სენსამ“ ახლახან დაიწყო ახალი საინტერესო პროდუქტის გამოშვება, რომელმაც შეიძლება გადატრიალება მოახდინოს წონის დაკლების სფეროში. კომპანიამ გამოიგონა მეთოდი, რომელიც თავის ტვინს არწმუნებს, შეაჩეროს ზედმეტი ჭამა.

გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენ ზედმეტს ვჭამთ. ამის მიზეზი თავის ტვინია, რომელიც ასეა მოწყობილი. ადამიანი თავისი ევოლუციის ისტორიის მანძილზე საკვების დეფიციტს განიცდიდა. ამიტომ გადარჩენის უზრუნველსაყოფად ადამიანები მიეჩვიენ, იმდენი ეჭამათ, რამდენიც შეეძლოთ, როცა კი ამის საშუალება იყო. სამწუხაროდ, ამას უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, როცა საკვები უხვად მოიპოვება და მდიდარია კალორიებით, ისე, როგორც ეს დღევანდელ პირობებშია.

დოქტორმა ალან ჰირშმა, მეცნიერმა და ექიმმა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვლევდა, რა გავლენას ახდენს სუნი და გემო ტვინის ფუნქციონირებაზე, შენიშნა, რომ პაციენტები, რომლებიც ავადმყოფობის ან ტრავმის გამო კარგავდნენ ყნოსვისა და გემოს შეგრძნებას, სწრაფად იმატებდნენ წონაში. როგორც ჩანს, გარკვეული სუნები და გემოები თავის ტვინს მადის კონტროლში ეხმარება.

ალან ჰირშმა ასობით შემთხვევა შეისწავლა და მრავალწლიანი კვლევის შემდეგ შეიმუშავა ფაქტობრივად უსუნო და გემოს არმქონე საკვების დანამატები, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ძლიერ გავლენას ახდენს თავის ტვინში მადის კონტროლის ცენტრზე. ჰირშმა ამ დანამატებს „ტასტანტები“ უწოდა. ამის შემდეგ მან ჩაატარა ფართო მასშტაბის ექსპერიმენტი, რომელშიც „ტასტანტების“ მოქმედება გამოცადა.

შედეგი ერთობ შთამბეჭდავი გამოდგა. ექვსი თვის განმავლობაში 1436 ქალი და მამაკაცი „ტასტანტების“ კრისტალებს აყრიდა ყველაფერს, რასაც კი ჭამდა. მათ საშუალოდ 15 კილო დაიკლეს წონაში, ანუ მთელი წონის თითქმის 15 პროცენტი.

ამ შედეგის მისაღწევად საცდელ პირებს არ დასჭირვებიათ არავითარი ვარჯიშები თუ დიეტის დაცვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ „ტასტანტები“ არ იწვევს არავითარ თანმდევ ეფექტს.

დოქტორ ჰირშის თქმით, ახალი პროდუქტი საშუალებას იძლევა, მიირთვათ ყველაფერი, რაც თქვენს მადას დააკმაყოფილებს. შეჭამთ თქვენს საყვარელ საჭმელს, ოღონდ უფრო ნაკლებს, ვიდრე ჩვეულებრივ, და ისე, რომ პატარა პორციებიც გაკმაყოფილებთ.

ჰირშს ეკუთვნის გამოკვლევები სუნისა და მეხსიერების კავშირზე. ზოგჯერ არაფრით გამორჩეული სუნი იმდენად ცხადად გვახსენებს ხოლმე წარსულს, ზოგჯერ სრულიად დავიწყებულ მოვლენებს, როგორც არცერთი სხვა გრძნობა.

ჰირშის აზრით, ნოსტალგიური სუნების მიერ გაცოცხლებული დეტალები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც გრძნობები, რომლებსაც ეს სუნები გვახსენებს. მაგრამ ჩვენი მეხსიერება ამ მოგონებებს სახეს უცვლის და მათ ერთგვარ ვარდისფერ ფილტრში ატარებს, რის შედეგადაც ისინი ჩვენში „კეთილ მოგონებებად“ ცოცხლდება.

ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვობის მოგონებებს, ვინაიდან ისინი ეხება იმ პერიოდს, როცა ზრდასრული ასაკის პერიოდის პასუხისმგებლობები და შიშები არ გვაწუხებდა. ამიტომ ბუნებრივია ადამიანის ტენდენცია, გააიდეალოს ეს მოგონებები.

ნოსტალგიის გამომწვევი სუნების შესასწავლად ჰირშმა ჩაატარა ცდა. ჩიკაგოს ქუჩებში ათასზე მეტ ადამიანს ეკითხებოდნენ, რა სუნები აღუძრავდა მათ ბავშვობის მოგონებებს.

აღმოჩნდა, რომ ბავშვობის მოგონებებში პირველ ადგილზეა ნამცხვრები და პურეული. მეორეზე - შაშხი, კატლეტები და მაკარონეული. 1930 წლამდე დაბადებულთა შორის ბუნების სუნები უფრო ჭარბობს, ვიდრე ქალაქის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს 30-იან წლებში მზარდი ურბანიზაციის ანარეკლი შეიძლება იყოს.
XS
SM
MD
LG