Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელი მეამბოხეები ქალაქების დაკარგვას უარყოფენ


საჰაერო დაბომბვა ლიბიაში
საჰაერო დაბომბვა ლიბიაში
კვლავ საგანგაშო ცნობები მოდის ლიბიიდან, სადაც კვირას მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა მძიმე შეიარაღება და ავიაცია გამოიყენეს მეამბოხეთა ძალებისაგან ქალაქების გასათავისუფლებლად. დასახლებულ პუნქტებში სამხედრო ძალის გამოყენება დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა, თუმცა განაცხადა, რომ ალიანსი არ ისახავს მიზნად სამხედრო ჩარევას ლიბიაში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ლიბიაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა იორდანიის ყოფილი მინისტრი აბდელილა ალ ხატაბი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრ მუსა კუსასთან სატელეფონო საუბარში მოითხოვა, შეწყდეს „უწესრიგო“ თავდასხმები სამოქალაქო პირებზე და გააფრთხილა, რომ სასამართლოს წინაშე წარდგებიან ყველანი, ვინც საერთაშორისო კანონებს არღვევს. გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის ლოიალურმა ძალებმა კვირას ტანკები, ყუმბარსატყორცნები და შვეულმფრენები გამოიყენეს მეამბოხეების ხელში მყოფ ლიბიის ქალაქებზე კონტროლის აღსადგენად.

ღმერთს ვფიცავ, ღმერთს ვფიცავ, ღმერთს ვფიცავ, რომ შევალთ ტრიპოლიში...
ბრძოლები მიმდინარეობს ტრიპოლიდან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ ზავიაში. ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალედ კაიმმა კვირას პრესკონფერენციაზე ტრიპოლიში ისაუბრა ზავიაში არსებული ვითარების თაობაზე, რომელსაც მეამბოხეთა ძალები აკონტროლებენ:

„ქალაქი კონტროლის ქვეშაა. არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელიც ზოგიერთ სახლსა და ბინაშია გამაგრებული და ადამიანებს ფარად იყენებს, საკუთარი ოჯახის წევრებს იყენებს, როგორც ცოცხალ ფარს, და ამ ვითარებას თავად ადგილობრივები მოუვლიან. არმიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიტანოს იერიში ასეთ ბინებსა და სახლებზე.“

დასახლებულ პუნქტებში სამხედრო ძალის გამოყენება დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა, თუმცა განაცხადა, რომ ალიანსი არ ისახავს მიზნად სამხედრო ჩარევას ლიბიაში.

დაკავებულ ქალაქებზე კონტროლის დაკარგვას არ ადასტურებენ კადაფის მოწინააღმდეგე სამხედრო ძალების წარმომადგენლები. მეამბოხეთა რაზმების წევრებმა კვირას „როიტერთან“ საუბარში განაცხადეს, რომ მალე შევლენ ტრიპოლიში და იზეიმებენ გამარჯვებას.

„აქ ორი ამბავია. უეჭველია, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი გვიყურებს ახლა ჩვენ, ამიტომ მას მინდა ვუთხრა ორი რამ: ღმერთს ვფიცავ, ღმერთს ვფიცავ, ღმერთს ვფიცავ, რომ შევალთ ტრიპოლიში. სირტე [მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქი, -კ.ლ.] არ არის პრობლემა, სირტეში ჩვენ იოლად შევალთ. მთავარი მიზანი ტრიპოლია და როდესაც ჩვენ შევალთ ტრიპოლიში, თქვენ დაინახავთ ლიბიის ჭეშმარიტ სულს. ღვთის ნებით, ჩვენ გავმართავთ ზეიმს მწვანე მოედანზე.“

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა დედაქალქ ტრიპოლიდან 200 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ მისრატაში, სადაც კადაფის მომხრე ძალებმა მოახერხეს შეჭრა, თუმცა რამდენიმე საათში ამბოხებულებმა ისინი უკუაქციეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG