Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რუსეთში რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტი


გალინა კოჟევნიკოვა
გალინა კოჟევნიკოვა
გალინა კოჟევნიკოვას ხმას ჩვენს ეთერში ხშირად გაიგონებდით. ის იყო რუსეთში დაფუძნებული, „სოვად“ წოდებული, ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე. „სოვა“ აქტიურად ებრძვის ქსენოფობიას, ავლენს რასისტულ ნიადაგზე მკვლელობისა და თავდასხმების აქტებს. კოჟევნიკოვა 36 წლისა გარდაიცვალა მოსკოვში მძიმე ავადმყოფობის შედეგად. მის კოლეგებს კოჟევნიკოვას სიკვდილი დიდი დანაკლისად მიაჩნიათ ქსენოფობიასთან ბრძოლის საქმეში.

რუსეთში, სადაც ცნობილი ადამიანების მცირე ნაწილი თუ გამოდის აშკარად რასიზმის წინააღმდეგ, გალინა კოჟევნიკოვა გამონაკლისი იყო. ის, როგორც ითქვა, „სოვას“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ორგანიზაცია 2002 წელს დაფუძნდა მოსკოვში. „სოვას“ მსგავსი და მისი ამოცანის მქონე ჯგუფები რუსეთში ძალიან ცოტაა. „სოვა“ აგროვებდა და ავრცელებდა ინფორმაციას ქსენოფობიური და რასისტული თავდასხმების შესახებ რუსეთში. ისტორიკოსი ვიაჩესლავ ლიხაჩოვი, რომელიც რუსეთის ნაციონალისტური ჯგუფების საქმიანობას იკვლევს, კოჟევნიკოვას ახასიათებს როგორც გულწრფელ, შესანიშნავ ადამიანს:

ულტრამემარჯვენეები ღიად გადავიდნენ ანტისახელმწიფოებრივ ტერორზე, მიზნობრივ ტერორზე. ამით მათ მიზნად დაისახეს მთელი ქვეყნის დესტაბილიზება, პანიკის დათესვა ...
„მართალია, სამუშაო იყო, მაგრამ ეს მისთვის უფრო პირად საქმეს, ანტიფაშისტურ საქმიანობას წარმოადგენდა, ვიდრე პროფესიულად მოტივირებულ აქტიურობას. ცნობილია, რომ ნეონაცისტები მას პირადად სერიოზულად დაემუქრნენ არაერთხელ. მან იცოდა, რა სფეროშიც მუშაობდა, იცოდა რასთან ჰქონდა საქმე. ეს მისი ცნობიერი არჩევანი იყო. ეს, შეიძლება ითქვას, მისი ბრძოლა იყო.“

პოსტსაბჭოთა რუსეთში ნაციონალიზმი, რასიზმი, ქსენოფობია აღზევების გზაზე იყო. შეიქმნა არაერთი პატრიოტული, ნაციონალისტური და ნეოფაშისტური გაერთიანება, რომლებიც აგრესიულები იყვნენ არასლავი მოსახლეობის, უკვე რუსეთში მცხოვრები და მოგვიანებით სამუშაოს საძებნელად იქ ჩასული ადამიანების მიმართ. რუსეთში ასეულობით მიგრანტზე მოხდა თავდასხმა, მათ სცემდნენ, ხოცავდნენ და „სოვა“ იყო ის იშვიათი ჯგუფი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ამ შემთხვევებზე, დახმარებას სთავაზობდა მსხვერპლს. კოჟევნიკოვა რუსეთში ულტრანაციონალიზმს დაუნდობლად აკრიტიკებდა. უფლებადამცავ სერგეი მარკელოვისა და ახალგაზრდა ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვას მკვლელობის შემდეგ - ეს 2010 წლის იანვარში მოხდა - მან ღიად განაცხადა, ულტრამემარჯვენეობა მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრებაო:

„საქმე ისაა, რომ ულტრამემარჯვენეები ღიად გადავიდნენ ანტისახელმწიფოებრივ ტერორზე, მიზნობრივ ტერორზე. ამით მათ მიზნად დაისახეს მთელი ქვეყნის დესტაბილიზება, პანიკის დათესვა, რითაც, მათ იმედი აქვთ, სამხედრო გადატრიალების მოწყობას მოახერხებენ.“

რადიკალური ნაციონალიზმის ნომერ პირველ ექსპერტს უწოდებს კოჟევნიკოვას ტატიანა ლოკშინა, „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ მოსკოვის ოფისის დირექტორის მოადგილე.

ის მოუგებდა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ნებისმიერ ოპონენტს კამათს ამ სფეროში - ქსენოფობიისა და ეთნიკურ სიძულველზე დამყარებული ქსენოფობიის სფეროში ...
კოჟევნიკოვას სიკვდილმა დაამწუხრა მოსკოვის დიასპორათა წარმომადგენლები, ისინი, ვინც მას მიგრანტთა უფლებების ნამდვილ დამცველად თვლიდა. რუსეთში ტაჯიკების გაერთიანების თავმჯდომარე აბდულო დავლატოვი თვლის, რომ მათმა თემმა ძლიერი მხარდამჭერი დაკარგა:

„მისი სიკვდილი დიდი დანაკლისია. ის იყო მიგრანტების და არამიგრანტების - მათ შორის, ტაჯიკების, რომლებზეც რასისტული თავდასმხმები განხორციელდა - დიდი დამცველი. დიასპორის წარმომადგენლები თვლიან, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს წევრებს, მაგრამ, ჩემი აზრით, როგორც გალინა იცავდა ტაჯიკ მიგრანტებს, ისე არავინ უდგას მათ მხარში.“

კოჟევნიკოვას ბოლო ანგარიში, „რასიზმი და ქსენოფობია რუსეთში 2010 წელს“, სულ მალე გამოვა.ნატალია ტაუბინა, დირექტორი ფონდისა „საჯარო განაჩენის უფლება“, თვლის, რომ გალინა კოჟევნიკოვა ღრმა მკვლევარი იყო, რომელმაც რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა:

„გალინა იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ ექსპერტთაგანი ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც კარგად ესმოდა ეს პრობლემა და მასზე ღრმად, პროფესიულად, გონივრულად, ისტერიკის გარეშე, არგუმენტებით ლაპარაკობდა. ის მოუგებდა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ნებისმიერ ოპონენტს კამათს ამ სფეროში - ქსენოფობიისა და ეთნიკურ სიძულველზე დამყარებული ქსენოფობიის სფეროში.“

ტაუბინა დასძენს სინანულით, ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე როგორ ვიცხოვრებთო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG