Accessibility links

logo-print
”შეფიცულთა რაზმები აღუდგებიან წინ ნებისმიერ უკანონობას, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით ჩაიდენს”, - აცხადებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. - ”როდესაც ეს რაზმები ყველგან იქნება, ვერ შეძლებენ ოპონენტების დაშინებას”. - ნინო ბურჯანაძე ამავე ინტერვიუში სამომავლო აქციებზეც ლაპარაკობს: ”თუ პასუხისმგებლობით იქნება აქციები მომზადებული, სააკაშვილი ვერ გაბედავს ტყვიის გასროლას და თუ ამას იზამს, უარესი დაემართება, ვიდრე კადაფის, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს”, - ამბობს ბურჯანაძე და ინტერვიუს ასე ასრულებს: ”ჩვენ აქამდე ვმოქმედებდით დევიზით ”დემოკრატია დღეს”, ახლა ვლაპარაკობთ სამი ”გ”-ს პრინციპით: გადარჩენა, გარღვევა და განვითარება”.

”ალიაც” წერს ”სახალხო კრების” ”შეფიცულთა” თბილისის ორგანიზაციის დაფუძნების ამ დღეებში დაგეგმილი პრეზენტაციის შესახებ და ბეჭდავს ინტერვიუს ”სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრ გია ბურჯანაძესთან: ”ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოცემულ სიტუაცისა და ვითარებაზე. როდესაც ”სახალხო კრება” მზად იქნება კოორდინირებული მოქმედების დასაწყებად, ”შეფიცულთა” უპირველესი ფუნქცია იქნება მიტინგების, დემონსტრაციებისა თუ მანიფესტაციების დაცვა იმავე ზონდერებისგან და ხელისუფლების მიერ შემოგზავნილი პროვოკატორებისგან”.

”საქართველოს რესპუბლიკა”, ინტერვიუ გოგი ხუციშვილთან: ”ახლა ოპოზიციაც გრძნობს, რომ პროცესის დუღილის მაღალ წერტილამდე მიყვანა და ყველაფრის კვლავ უშედეგოდ დასრულება მათ სასარგებლოდ არ იქნება და ოპოზიციას კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს. მიუხედავად ამისა, ისინი დღეს მაინც აცხადებენ, რომ ქვეყანაში რევოლუციური ტალღა აუცილებლად აგორდება და რევოლუცია მოხდება. მე რევოლუციის მომასწავებელ ნიშნებს ვერ ვხედავ.”

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე მთავარ ადგილს იკავებს სათაური - ”სააკაშვილი ოპოზიციისთვის სისხლიან სცენარს ამუშავებს”. ეს არის ინტერვიუ ირინა სარიშვილთან. ის ხელისუფლებისთვის წაუგებელ ორ ვერსიაზე ლაპარაკობს და აგრეთვე ამბობს: ”ასევე შეიმჩნევა ისიც, რომ სააკაშვილი საგარეო ფაქტორებსაც, ანუ პოლიტიკურ მოტივაციასაც, ამზადებს ოპოზიციასთან გასასწორებლად, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დასაცავად აქციის დარბევის გათამაშება სააკაშვილს არ აწყობს. მას აშკარად სჭირდება იმის დემონსტრირება, რომ ოპოზიციის უკან დგას საქართველოს მტრული ძალა და სწორედ ამის გამო ეძლევა მას საშუალება დაარბიოს აქცია”, - ამბობს ირინა სარიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”პოლიტარითმეტიკა” - ასეთი სათაურის სტატიით ეხმაურება ”24 საათი” მოსახლეობის ბიომეტრიული აღწერის საკითხზე - კერძოდ, მის ფინანსურ ასპექტზე - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დისკუსიას. ”24 საათთან” საუბარში ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ამბობს, რომ „თუკი ხარჯებში არსებული ცდომილება უბრალო ტექნიკური შეცდომა იყო, ეს სავალალოა, რადგან გამოდის, რომ პარტია, რომელიც ქვეყანას მართავს, ელემენტარულ არითმეტიკაში ვერ ერკვევა. იმ შემთხვევაში კი, თუ თანხა შეგნებულად არის გაზრდილი, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მსგავსი ტიპის ხარვეზები ადვილი აღმოსაჩენია.”
XS
SM
MD
LG