Accessibility links

logo-print

ქალები მშვიდობის მშენებლობის საქმეში


ქალთა დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გორში

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გორში

ქალთა მოძრაობა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ძალებს იკრებს. მოძრაობის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს ორგანიზაციის მუშაობაში როგორც დევნილთა დასახლებებიდან, ისე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან.

ანალოგიური ორგანიზაცია ცხინვალშიც არსებობს. ქართველი და ოსი ქალები საზღვარგარეთ პერიოდულად იკრიბებიან და სამშვიდობო პოლიტიკაზე მსჯელობენ. ქალთა სამშვიდობო მოძრაობა ტრენინგ-სემინარების მეშვეობით მოძრაობის წევრ ქალებს ლიდერობისთვის ამზადებს, რათა შემდგომში უკვე მათ შეძლონ ორგანიზაციის ახალი წევრების მომზადება.

ნანა საბანაძე 90-იანი წლების კონფლიქტისდროინდელი დევნილია. ცხინვალიდან გამოსული ქალბატონი საკუთარ ადგილს ქალთა სამშვიდობო მოძრაობაში ხედავს. მისი აზრით, კარგად მომზადებული ლიდერები, რომლებიც პირდაპირ კონტაქტში შედიან მეორე მხარეს მცხოვრებ ქალბატონებთან, დიდ სარგებელს მოუტანენ კონფლიქტების მოგვარებას.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერი მანანა მებუკეა. ორგანიზაცია ყოველდღიურად ახალი წევრებით ივსება. მანანა მებუკის აზრით, მოძრაობის მიერ მომზადებული ლიდერები აუცილებლად უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რათა გადაწყვეტილების პროცესში სამშვიდობო პოლიტიკის ლობირება გასწიონ.

ცხინვალში ანალოგიურ ორგანიზაციას ლირა ცხოვრებოვა ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციის წევრები ქართველ კოლეგებს პერიოდულად ხვდებიან და სამშვიდობო პროექტებზე მსჯელობენ. ცხინვალელი ჟურნალისტის მარია პლიევას აზრით, ქალთა სამშვიდობო მოძრაობა ჯერ არ არის იმდენად ძლიერი, რომ მან გადამწყვეტი როლი ითამაშოს მშვიდობის მშენებლობის საქმეში.
ქართველმა მშვიდობისდამცველმა ქალებმა საკუთარი ამბიციები უკვე გაახმაურეს. მათი სურვილია პოლიტიკაში მოვიდნენ და აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.
XS
SM
MD
LG