Accessibility links

ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება


ვიდეოკონფერენცია ნატოს საინფორმაციო ცენტრში

ვიდეოკონფერენცია ნატოს საინფორმაციო ცენტრში

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისში თბილისსა, ბრიუსელსა და ქაბულს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მასპინძლობა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ დიპლომატიის საკითხებში სტეფან ბაბტსმა გასწია. ქალთა როლი კონფლიქტების მოგვარებაში - ეს იყო ვიდეოკონფერენციის მთავარი თემა. ქართველმა და ავღანელმა ქალებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სურვილები გაუზიარეს.

1325 - ასე უწოდებენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც კონფლიქტების მოგვარებაში ქალთა როლის გაზრდას გულისხმობს. რეზოლუცია 2000 წელს მიიღეს და მას გაეროსა და ნატოს წევრი ყველა ქვეყანა იზიარებს. ქალთა ჩართულობა სამხედრო ძალებში, ეს რეზოლუციის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მისიაა: ქალებისა და ბავშვების დაცვა კონფლიქტურ ზონებში, მათთვის უფლებების მინიჭება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა, ეს ის საკითხებია, რომელთაც 1325 უზრუნველყოფს.

ქალები და ბავშვები ომის მსხვერპლნი არიან, მაგრამ ისინი მხოლოდ მსხვერპლის როლში არ უნდა ევლინებოდნენ საზოგადოებას. მათ განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშონ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, - ამ სიტყვებით გახსნა ვიდეოკონფერენცია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ დიპლომატიის საკითხებში სტეფან ბაბტსმა:

”შეიარაღებული კონფლიქტები და პოსტკონფლიქტური სიტუაციები ყველაზე დიდ დარტყმას სწორედ ქალებსა და ბავშვებს აყენებს. მათ აღარ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ხოლო ამ ყველაფრის თავში დგას სექსუალური ძალადობა ქალებსა და მოზარდებზე. გარდა ამისა, ქალები ძალიან იშვიათად იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არადა, ცხადია, რომ მათი გამოცდილება და შეხედულება უკიდურესად აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში”, - ამბობს სტეფან ბაბტსი.

ვიდეოხიდის გადაღმა, სადაც ქაბულელი ქალები - ძირითადად, სტუდენტები და პედაგოგები - სხედან, სიჩუმეა. თავსაბურავიანი ქალები ხმის ამოღებას ერიდებიან. მე რა უნდა ვთქვა საკუთარ თავზე, საკუთარ თავზე საუბარი არ შემიძლიაო, თავს ხრის ერთ-ერთი ავღანელი პედაგოგი, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ კითხვაზე, თუ რა კეთდება ავღანეთში იმისათვის, რომ ქალებმა საკუთარი უფლებები დაიცვან, აი, რას პასუხობს:

”ჩემი მიზანია, რომ ჩემ გარშემო მყოფ ქალებს დავეხმარო. მე მასწავლებელი ვარ და ვცდილობ საკუთარ მოსწავლეებს დავეხმარო, რომლებიც ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. მე ყველაფერს ვცდილობ ამისათვის.”

ქაბულელი ქალებისაგან განსხვავებით, ხმის ამოღებას არ ერიდებიან თბილისში შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც ისინი ამბობენ, საქართველოში უკანასკნელ წლებში გენდერული თანასწორობის საკითხებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა, როგორც ნანა მჟავანაძე, ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრის დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, გენდერული პრობლემა საქართველოში კვლავ აქტუალურია:

”ძალიან ადვილია დავაბრალოთ ქალებს, რომ ისინი არიან პასიურები. ეს არასწორია, რადგან უამრავი მიზეზი იწვევს ქალთა მხრიდან ნაკლებ ინიციატივას. ჩვენ დღეს ვართ იმ სტადიაზე, როცა ჯერჯერობით ჩვენმა ხელისუფლებამ ქალებისათვის ვერ მოიცალა. კი, მიღებულ იქნა გენდერული თანასწორობის კანონპროექტი, მაგრამ ეს მაინც არ არის ის ძალა, რომელიც ქალებს უფრო გაუშლის ასპარეზს და უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს”, - ამბობ ნანა მჟავანაძე.

როგორც ხელისუფლებამ, ასევე სამოქალაქო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ქალის როლის გაძლიერებას სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხატია დეკანოიძე, პოლიციის აკადემიის რექტორი, და ის ამ მისიაში დიპლომატიური გზის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

”რასაკვირველია, ომსა და კონფლიქტურ სიტუაციებში ქალის როლი მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების ნაწილის და არა, ვთქვათ, როგორც მხოლოდ დედის და ოჯახის ნაწილის. ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხი კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისა უნდა იყოს დიპლომატიური გზა. ასე რომ, ნებისმიერი ხერხით, ეს სახალხო დიპლომატიის გზა იქნება თუ სხვა საშუალებები, ქალის როლისა და ფუნქციების გაზრდა შესაძლებელია.”

ავღანელ ქალებს შორის ყველაზე მამაცი ქაბულის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ-ერთი სტუდენტი გამოდგა. თბილისს, ბრიუსელსა და ქაბულს შორის გამართული ვიდეოხიდის მიწურულს მან ხმამაღლა ჩამოთვალა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ავღანელ ქალებს აქვთ მისაღწევი, რაშიც მათ ხელისუფლება უნდა დაეხმაროს:

”პირველი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ავღანელი ქალებისათვის უნდა გააკეთოს, ეს განათლების ხელმისაწვდომობაა. მეორე, მათ ქალების უფლებები უნდა დაიცვან და, მესამე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ავღანელი ქალების ჩართულობა პოლიტიკურ აქტივობაში”, - აღნიშნავს ავღანელი სტუდენტი.

XS
SM
MD
LG