Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ქალი, ევროპელი დამკვირვებლების თვალით


კარალეთის „ქალთა სოლიდარობის ცენტრში“ ევროპის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ფოტოგამოფენა მოაწყეს
კარალეთის „ქალთა სოლიდარობის ცენტრში“ ევროპის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ფოტოგამოფენა მოაწყეს
კარალეთის „ქალთა სოლიდარობის ცენტრში“ ევროპის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ფოტოგამოფენა მოაწყვეს. გამოფენილი იყო 13 ფოტოპორტრეტი. გამოფენის სახელწოდება იყო „ქართველი ქალი“, ამ ფოტოებზე კი კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალები იყვნენ გამოსახულნი. ევროპელმა მონიტორებმა ასე მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ ქალებს. როგორც ცნობილია, ევროპის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში. მონიტორინგის გარდა, მისიის ზოგიერთი წარმომადგენელი ფოტოხელოვნებითაც არის გატაცებული. კატი ჰოეტგერი გერმანიიდანაა ჩამოსული და სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისში მუშაობს. დღევანდელ გამოფენაზე მისი სამი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. კატის დაკვირვებით, ქართველი ქალი ძლიერი ხასიათით გამოირჩევა.
„პატრულირებისას ვხვდები უამრავ ქალს ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართველი ქალები ძალიან ძლიერნი არიან და აქ ცხოვრებას სწორედ ისინი უძღვებიან“, – ამბობს კატი ჰოეტგერი.

ფინელ დამკვირვებელ პაივი ნიკილას ფოტოაპარატი მუდმივად თან დააქვს. დიდი ხანია ფოტოხელოვნებით არის გატაცებული. იგი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მშვიდობის მშენებლობის საქმეში ქალთა რესურსი თითქმის არ არის გამოყენებული, თუმცა, მისი აზრით, ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში გამოსწორდება.
„ქალები ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია, რომ ქალები მეტად იყვნენ ჩართულნი სამშვიდობო და მოლაპარაკების პროცესში. ჩვენთვის, ევროკავშირის მეთვალყურეებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია რეალობა და ყოველდღიური ცხოვრება საქართველოში, რომ ჩვენც და სხვა, მამაკაცმა მეთვალყურეებმაც გაიგონ, როგორია ქალების ცხოვრება“, – აცხადებს პაივი ნიკილა.
გამოფენაზე მისული კარალეთელი ქალები აღნიშნავდნენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის გარდა, მათი საზრუნავი სოფლის მეურნეობის განვითარებაცაა.

ქალთა სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენელი ლარისა ქევხიშვილი ამბობს, რომ გორის რაიონში სოფლად მცხოვრები ქალები აგვისტოს ომის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მაინც ახერხებენ პრობლემების დაძლევას.
„ძალიან დაჯაფულია სოფლად მცხოვრები ქალი, მაგრამ ესეც მის სიძლიერეზე მეტყველებს, მის განათლებაზე, მის განვითარებაზე და უდიდეს სურვილზე, რომ ფეხზე დადგეს თავისი ოჯახი და ამ ოჯახებისგან შექმნილი სახელმწიფო“, – ამბობს ლარისა ქევხიშვილი.
კარალეთში ევროპელი დამკვირვებლების ფოტოები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი.
XS
SM
MD
LG