Accessibility links

WTO-ში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერისთვის საქართველოს პირობები უცვლელია


პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერისთვის საქართველოს მიერ დასახელებული პირობები უცვლელია. თბილისში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პირველ ყოვლისა, საუბარია მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების გამჭვირვალობასა და თბილისის მიერ მათ კონტროლზე. მანჯგალაძის თქმით, საქართველოს ეს პოზიცია ცნობილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. ამასთან, ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ ”პოზიციაზე მოლაპარაკების წინ საუბარი მიღებული არ არის და სწორი არ იქნება.” მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე თბილისი და მოსკოვი მოლაპარაკებას ამ კვირაში განაახლებენ შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში.
XS
SM
MD
LG