Accessibility links

logo-print

ქალთა საერთაშორისო დღე


ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ერაყში

ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ერაყში

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ასი წელი შეუსრულდა. თავიდან ეს დღე სოციალისტის, გერმანელი კლარა ცეტკინის ინიციატივით აღინიშნა დანიაში, კოპენჰაგენში, მსოფლიოს ერთ მეექვსედში კი, ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში, ის სახელმწიფო დღედ გადაიქცა. ევროპაში და, საერთოდ, დასავლეთში, იქნებ იმის გამო, რომ ასი წლის წინანდელი ძირითადი მოთხოვნები ქალებს აღუსრულეს, ის თითქოს დავიწყებას მიეცა.

არაერთ ქვეყანაში - მათი რიცხვი ასამდეა - ეს დღე კვლავ აღინიშნება, ბევრგან ის დასვენების დღეა. 8 მარტს კაცები კვლავაც ყვავილებით ასაჩუქრებენ ქალებს. იქ კი, სადაც პირველად აღნიშნეს ეს დღე და სადაც უზარმაზარი დემონსტრაციები იმართებოდა ქალთა სოლიდარობის აღსანიშნავად, რვა მარტი აღარ ახსოვთ. მართალია, არის მოსაზრება, რომ ამერიკელი ფეიქრები არიან ჭეშმარიტი დამფუძნებლები 8 მარტისა (ეს ისტორია 1857 წელს დაწყებულა), მაგრამ ის მაინც კლარა ცეტკინთან დაკავშირებულ დღედ რჩება. თუმცა არის სხვა ცნობაც. აი, რას ამბობს ნიუ იორკის ბერნარის კოლეჯის ისტორიის პროფესორი, როზალინდ როზენბერგი:

„მე 1908 წლით დავათარიღებდი, როცა ნიუ იორკის ქვემო ისტსაიდის საფეიქრო ფაბრიკის 15 ათასმა მუშა ქალმა, რომლებიც დაბალი ხელფასით და საშინელი სამუშაო პირობებით იტანჯებოდნენ, სამუშაო მიატოვეს და საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს.“

ადრე, მეორე მსოფლიო ომამდე, 8 მარტი აშშ-ში დასვენების დღე იყო. შემდეგ ის გაუქმდა, ვიდრე 1975 წელს გაერო არ მიანიჭებდა საერთაშორისო დღის სტატუსს, რის მერეც ქალთა დღე კვლავ დასვენების დღე გახდა. ფაქტმა, რომ 8 მარტი უკავშირდებოდა სოციალისტურ იდეებს, ფაქტმა, რომ ის განსაკუთრებით კომუნისტურ დღედ იქცა, საბჭოთა კავშირის ფაქტორის გამო, ქალთა დღეს კაპიტალისტურ აშშ-ში პოპულარობა დაუკარგა. და არამარტო იქ. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ქალთა - განსაკუთრებით უქონელი ოჯახის შვილების - დამცველი ჯგუფი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა, 8 მარტს კატეგორიულად შეაქციეს ზურგი და გააუქმეს როგორც დასვენების დღე, რადგან კომუნისტური წარსულის გადმონაშთად მიიჩნიეს. ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტში შედარებით ძლიერმა სოციალისტურ-კომუნისტურმა ჯგუფმა სცადა 8 მარტის აღდგენა, მაგრამ მცდელობა ჩაიფუშა. სახელმწიფოები განსხვავებულად უყურებენ საკითხს, მაგრამ სხვა, არასამთავრობო თუ მისთანა ორგანიზაციები ქალთა დღეს არ ივიწყებენ. მაგალითად, ამ დღეს 48 ქვეყანაში აწყობენ აქციას, სახელწოდებით „შემომიერთდი ხიდქვეშ“. მისი მონაწილეები აღნიშნავენ 8 მარტის ასი წლისთავს და შეეცდებიან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქალთა უფლებების დარღვევის მიმართ საზოგადოების ყურადღება გააძლიერონ. კეიტ ნიუსტედტი, დირექტორი ბრიტანეთის ორგანიზაციისა „ქალები ქალებისთვის“, ამბობს:

„ისეთ ქვეყნებში, როგორიც აშშ-ია, ან დანია, ან ბრიტანეთი, სადაც მე ვცხოვრობ, არაერთ სფეროში ქალთა უფლებების მხრივ წინსვლა დიდია. წარმოუდგენელია, რომ არ გვქონდეს არჩევის უფლება, ან არ გვქონდეს საკუთარი სახლის ქონის უფლება, ან სახლიდან ჩვენი სურვილისამებრ გასვლის უფლება. მაგრამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქალებს ბევრად ნაკლები უფლებები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არჩევის უფლებისთვის იბრძოდა ასი წლის წინ.“

ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, ყველას ახსენდება მსოფლიოს მაჰმადიანური ნაწილი, სადაც ქალების უუფლებობა დაკანონებულია. მოულოდნელი სტატისტიკა გამოაქვეყნა ევროპის კომისიამ. ევროპის კავშირში, ამ ცნობის თანახმად, ქალები საშუალოდ 17 ნახევარი პროცენტით ნაკლებ გასამრჯელოს იღებენ, ვიდრე კაცები ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის. ყველაზე დიდი განსხვავება ქალთა და კაცთა ანაზღაურებაში - 30 პროცენტი - ესტონეთშია. საუკეთესოდ იტალიელი ქალები გრძნობენ თავს, ისინი მხოლოდ 5 პროცენტით ჩამოუვარდებიან კაცებს. რა ხდება საქართველოში? ჩვენი კორესპონდენტი, მზია ფარესიშვილი, ქუჩაში გავიდა და სახელდახელო გამოკითხვა მოაწყო. განათლების სფეროში ქალი და კაცი იქ თანასწორია, კაცი კი ახერხებს შემოსავალი უკეთესი ჰქონდეს, მაგრამ, ხელფასი, ყოველ შემთხვევაში, სკოლაში, სადაც ერთი გამოკითხული ქალი მუშაობს, თანაბარი აქვთ. მეორე ქალი, რომელსაც გაესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი, თავს დაჩაგრულად არ გრძნობს. ის პროფესიით გერმანისტია, მაგრამ მენეჯერად მუშაობს კოსმეტიკურ კომპანიაში და კმაყოფილია შემოსავლით. მესამე გამოკითხული არ ფიქრობს, რომ კაცი მეტს იღებს, ვიდრე ქალი, მას მიაჩნია, რომ ქალისთვის სამუშაოს შოვნაც კი უფრო იოლია, ვიდრე კაცებისთვის.
XS
SM
MD
LG