Accessibility links

logo-print
ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესებისა და გლობალური სასურსათო კრიზისის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება სოციალურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. 10 მარტიდან ერთჯერადი 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგება დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი ამ გამოწვევის დათრგუნვას სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამითაც აპირებს. მიხეილ სააკაშვილმა 8 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანაც და მთავრობაც აგრარული უნდა გახდეს. რა კავშირშია სასურსათო ვაუჩერი და სოფლის მეურნეობის განვითარება ერთმანეთთან და ახლო მომავალში რამდენად პერსპექტიულია სოფლის მეურნეობიდან შემოსავლის მიღების იდეა?

ბოლო დროს მრავალი ექსპერტი ლაპარაკობს იმაზე, რომ ხელისუფლება, ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესებით გამოწვეული სოციალური უკმაყოფილების გამო, არასასურველი პროცესების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაზე დაფიქრდა. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევენ ჯერ 20 ლარიანი ენერგოვაუჩერის დარიგებას, შემდეგ - პრეზიდენტის ინციატივას სექტემბრიდან მინიმალური პენსია 100 ლარამდე გაიზარდოს, ახლა კი 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგებას. ამ სოციალური დახმარების ჯაჭვში კიდევ ერთი რგოლი გაჩნდა, რაზეც 8 მარტს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა. ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის განვითარება და საქართველოს აგრარულ ქვეყნად ქცევა.

დღეს, 9 მარტს, 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად მიაწოდა:

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად დავარიგოთ ეს ვაუჩერი, რადგან სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე მეტად მომატებული ფასი და ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ვაუჩერის დარიგება თითოეული მოქალაქისთვის, ვინც ამ ვაუჩერს მიიღებს და გამოიყენებს უახლოესი დღეების განმავლობაში”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.

შეგახსენებთ, რომ 30 ლარიან ვაუჩერს მილიონამდე ოჯახი მიიღებს. მათ ვაუჩერის განაღდება ლიბერთი ბანკში შეეძლებათ 1 ივლისამდე და ვაუჩერის სხვა პირზე გაჩუქებაც შესაძლებელია. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარების გზით სოციალური ფონის გაუმჯობესებას, ამაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პრეზიდენტის სიტყვებით, გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საქართველომ საკუთარი აგრარული რესურსი უნდა გაზარდოს:

”ახლა ჩვენ ვართ, ამ მსოფლიო პროცესების ფონზე, ნამდვილ შეჯიბრში დროის წინააღმდეგ, შეჯიბრში მსოფლიო ტენდენციების წინააღმდეგ.”

ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მიხეილ სააკაშვილმა შემდეგი გამოსავალი წარმოადგინა:

”ამიტომ ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე. ის, რომ ჩვენ 30 ლარიან სასურსათო ვაუჩერს ვარიგებთ და 20 ლარიან დენის ვაუჩერს, ეს რაღაცა არის. პენსია იზრდება მინიმუმ 100 ლარამდე, - ეს რაღაცა არის. ეს ყველაფერი რაღაც დონემდე მიიყვანს სოციალურ დაცვას ჩვენს რეგიონებში, მაგრამ მთავარი სოციალური დაცვა ეს არის ჩვენი მთავრობის აგრარულ მთავრობად ქცევა და ის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ბევრად მეტი შემოსავალი.”

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მერაბ ჯანიაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ინფლაციის დაძლევას შორის კავშირს ვერ ხედავს, მით უმეტეს, როცა სამომხმარებლო კალათაში შემავალი მრავალი პროდუქტის მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან შეივსოს. ამას გარდა, მერაბ ჯანიაშვილის აზრით, სოფლის მეურნეობა უახლოეს პერსპექტივაში ეფექტის მომტანი ვერ იქნება:

”ეს ისეთი სფეროა, რომელიც ერთ და ორ წელიწადში არ იძლევა შედეგს, სჭირდება 5,7,10 და მეტი წელი, ინვესტიციები და სერიოზული ხელშეწყობა. ამიტომ სოფლის მეურნეობაზე აქცენტის გაკეთება, რომ ინფლაცია შემცირდება, ჩემი აზრით, ძალიან არასწორია, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს მის შესამცირებლად.”

მერაბ ჯანიაშვილისვე აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გარკვეული სახის პროდუქტზე მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, სხვა მომსახურებაზე ფასების მატებას ხელს მაინც ვერ შეუშლის. ასე რომ, მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მცდელობა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეს არის შედეგის მომტანი გზა, უფრო პოლიტიკური პიარის ნაწილია, ვიდრე რეალურ შედეგზე გათვლილი ნაბიჯი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG