Accessibility links

მარია პლიევა: ჩვენს მაგივრად მშვიდობაზე არავინ ილაპარაკებს


მარია პლიევა

მარია პლიევა

მარია პლიევა ცხინვალელი ჟურნალისტია. იგი ცნობილ სამოქალაქო აქტივისტ თემურ ცხოვრებოვთან ერთად დამოუკიდებელ გაზეთ „21–ე საუკუნეს” აკეთებდა. ამჟამად, ფინანსური პრობლემების გამო, გაზეთის გამოცემა შეწყვეტილია, მარია პლიევა კი ცხინვალში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარ ბლოგზე წერს. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს, კოკოითის ხელისუფლება კი თავისუფალი ჟურნალისტების მიმართ შეუწყნარებელია და მათ მიმართ რეპრესიებს ახორციელებს.

„ხელისუფლების მხრიდან ჩემი ბლოგის შესახებ გამოხმაურება ყოველთვის ნეგატიურია. მათ თვალში მე ვარ ადამიანი, რომელსაც არა აქვს პატრიოტული გრძნობები, მე განხეთქილების შემტანი ვარ საზოგადოებაში და ვარცხვენ ჩვენს სამშობლოს მსოფლიო საზოგადოების წინაშე. მე რეპრესირებულ ჟურნალისტად მივიჩნევ საკუთარ თავს. ეს წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება. უკვე დიდი ხანია, რაც წმინდა ჟურნალისტური მიმართულების სტატიებსა და რეპორტაჟებზე აღარ ვმუშაობ. ეს იმის გამო მოხდა, რომ თითქმის ყველამ, ვინც კი ცხინვალში ახალ ამბავს ქმნის, ჩემთან ურთიერთობა აკრძალა. ისინი მარტო კომენტარების მოცემაზე კი არა, საერთოდ შემთხვევით შეხვედრაზეც კი უარს ამბობენ და გამირბიან. და თუ პროფესიონალ ჟურნალისტს არა აქვს შესაძლებლობა, რომ დაბალანსებული სტატია დაწეროს, სადაც მრავალი მოსაზრება იქნება ასახული, მაშინ ეს ჟურნალისტი უკვე ვეღარ არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი. გარდა ამისა, ხშირია მუქარა, ზეწოლა, გარჩევები ჩვენი პარლამენტის დეპუტატების მხრიდან, ინფორმაციის და ბეჭდვითი სიტყვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ჩემი იმიჯი ნეგატიური ყოფილიყო.“

მარიამ ბოლო ბლოგი დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ოთარ გასიევის ცემის შესახებ დაწერა. მინისტრს კაბინეტში პარლამენტის წევრი, ცხინვალში ცნობილი საველე მეთაური ბალა ბესტაუთი შეუვარდა და, სამსახურიდან მეუღლის გათავისუფლების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იმ დროს, როცა დე ფაქტო რესპუბლიკის მედია ამ ფაქტზე დუმილს ამჯობინებდა, ინფორმაცია მარია პლიევას ბლოგზე გაჩნდა, ეს ბლოგი კი რუსული საინფორმაციო გამოშვებებისთვის წყაროდ იქცა. მარიას აზრით, იმ დროს, როცა ცხინვალში ბევრი რამ იმალება და ჟურნალისტების შევიწროება ხდება, მისი, როგორც ბლოგერის, საქმიანობა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე ვთვლი, რომ ჩემი საქმე ძალიან საჭიროა. თუ ჩემნაირები არ იქნებიან, მაშინ არც ჩვენს სახელმწიფოს და არც საზოგადოებას მომავალი არ ექნება, იმიტომ რომ დამოუკიდებელი მედიის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, უფლებადამცველების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე, ვერც ერთი სახელმწიფო - მით უმეტეს, აუღიარებელი - ვერ ივლის პროგრესის გზაზე. ამის გარეშე ვერც ერთი საზოგადოება ფეხზე ვერ დადგება. მქონდა რთული მომენტები. მიფიქრია, ეს ყველაფერი მიმეტოვებინა და მეცხოვრა მშვიდად, მაგრამ მერე მე აზრს უკვე ვეღარ ვხედავდი ჩემს საქმეში.“

ერთი პერიოდი მარია ცხინვალში ჩასვლასაც ვერ ახერხებდა, რადგან იქ სამოქალაქო აქტივისტების დევნა იმის გამო დაიწყეს, რომ ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. მაშინ გაზეთის რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა მოღალატედ გამოაცხადეს და სასტიკად სცემეს. ზეწოლის მიუხედავად, თემური და მარია ქართველ კოლეგებთან შეხვეედრებს აგრძელებენ.

„მე მიმაჩნია, რომ თუ ქართული საზოგადოების წევრებს არ შევხვდებით, ვერასოდეს გავუგებთ ერთმანეთს და მთელი ცხოვრება ომი გვექნება. ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის, გარკვეულ საკითხებში გაგების და კონტაქტების უქონლობას აგრესიამდე მივყავართ, აგრესია ზიზღს იწვევს, ზიზღს ომი მოსდევს. ამ შემთხვევაში ჩვენს ომებს და კონფლიქტებს დასასრული არ ექნება. მე კი მინდა, რომ ჩემი შემდგომი თაობა მაინც ცხოვრობდეს მშვიდობიან პერიოდში. ჩემს თაობას არ გაუმართლა. 6 წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ომის მეტი არაფერი მინახავს. მე არ მინდა, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენს მაგივრად არავინ ილაპარაკებს მშვიდობაზე. ზუსტად ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ შუამავლების გარეშე მშვიდობაზე. ამიტომ ველაპარაკები ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს და ამიტომაა ასეთი შეხვედრები აუცილებელი.“

ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის, „გოუ–ჯგუფისა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში, ქართველი და ოსი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრები გრძელდება. მარია პლიევას აზრით, პირდაპირი დიალოგის გარეშე კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG