Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის შეტაკებებს მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა


ეგვიპტეში უსაფრთხოების სფეროს და საავადმყოფოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშაბათს კაიროში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის მომხდარ შეტაკებებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა ასზე მეტი პირი. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქრისტიანების ჯგუფმა მნიშვნელოვანი გზატკეცილი გადაკეტა, კაიროს გარეუბანში გასულ კვირაში ეკლესიის დაწვის გაპროტესტების მიზნით. ეკლესიის დაწვის ინციდენტი მოჰყვა ქრისტიან კაცსა და მუსულმან ქალს შორის სასიყვარულო ურთიერთობის გამო ატეხილ უთანხმოებას. სამშაბათს მუსულმანთა ჯგუფი დაუპირისპირდა ქრისტიანებს, რომლებსაც გზატკეცილი ჰქონდათ გადაკეტილი. ორი მხარე რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხუბობდა, ცეცხლსასროლი იარაღის, ხელჯოხების და დანების გამოყენებით. კოპტი ქრისტიანები - რომლებიც ეგვიპტის 80 მილიონი ადამიანისგან შემდგარი მოსახლეობის 10 პროცენტს წარმოადგენენ - წლების განმავლობაში ჩივიან, რომ დისკრიმინაციას განიცდიან. რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ამ ბოლო შემთხვევის ფონია სახალხო ამბოხება, რომელსაც გასულ თვეში ვეტერანი, ავტოკრატი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG