Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მოსკოვშია


დმიტრი მედვედევი და ჯოზეფ ბაიდენი
დმიტრი მედვედევი და ჯოზეფ ბაიდენი
„გადატვირთვის“ პოლიტიკის განვითარებას ემსახურება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო ვიზიტი მოსკოვში, სადაც ის ფინეთიდან ჩავიდა და საიდანაც მოლდავეთში გაფრინდება. დღეს ვაშინგტონელი სტუმარი პრეზიდენტ მედვედევს შეხვდა, ხვალ კი უკვე პრემიერ-მინისტრს მოელაპარაკება.

თეთრმა სახლმა ბაიდენის მოსკოვში ჩასვლამდე განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტს იმედი აქვს, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაში ობამასეული „გადატვირთვის პოლიტიკა“ განავითაროს. ორ ქვეყანას ამ ეტაპზე უთანხმოება აქვს, პირველ რიგში, აშშ-ის გეგმის გამო, განათავსოს ევროპაში ანტისარაკეტო სისტემა. ბაიდენის თანაშემწემ სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ტონი ბლინკენმა თქვა, რომ ბაიდენისთვის ეს ვიზიტი შესაძლებლობაა გამოიყენოს „გადატვირთვის“ პოლიტიკის რესურსი და მოელაპარაკოს რუს კოლეგებს, როგორ შეუძლია ორივე ქვეყანას წინ წავიდეს.

ბაიდენის ვიზიტამდე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი, „სტარტის“ სახელით ცნობილი ხელშეკრულება კანონმდებლებმა დაამტკიცეს. „სტარტი“ მოსკოვსა და ვაშინგტონს მათი ბირთვული არსენალების შემცირებას ავალდებულებს. ორივე ქვეყანა უნდა შეეცადოს გადალახოს აზრთა სხვადასხვაობა ანტისარაკეტო სისტემის საკითხში. ვაშინგტონი თვლის, რომ ასეთი სისტემა ევროპაში სჭირდება, რათა მტრული ქვეყნების შესაძლებელი თავდასხმები მოიგერიოს. ბარაკ ობამამ თავისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის მიერ დაწყებული საქმე, ევროპაში ანტისარაკეტო ფარის აგების გეგმა, შეცვალა, რითაც რუსეთს გაუწია ანგარიში. მოსკოვი ამგვარ სისტემას თავისი უსაფრთხოების ხელყოფად მიიჩნევს. მაგრამ საპასუხოდ ობამამ კრემლის მხარდაჭერა მოიპოვა ირანისთვის სანქციების დაწესების საქმეში. ბაიდენი თვლის, რომ ამ საკითხში შეთანხმება აშშ-სა და რუსეთს შორის სტაბილურობასა და ნდობას განამტკიცებს. მისივე თქმით, აშშ-ს სურს წლის ბოლომდე მოაგვაროს რუსეთთან ყველა, ამ სფეროსთან დაკავშირებული, საკითხი. ეს ბაიდენმა რუსეთის პრესას განუცხადა შეკითხვაზე, რომელ სფეროში ესწრაფვის ვაშინგტონი, პირველ რიგში, საკითხის მოგვარებას. ბაიდენი მიიჩნევს, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს ჩარჩოებში ცდილობენ ამ სფეროში თანამშრომლობის გეგმა დასახონ. რუსეთს სურს, რომ მანაც შეძლოს ასეთი სისტემის გაკონტროლება. მედვედევმა შარშან გამოთქვა გაფრთხილება, რომ რუსეთიც განათავსებდა მსგავს სისტემას, თუ საჭირო გახდებოდა. ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა მასპინძელთან, მედვედევთან, ოთხშაბათს გორკიში შედგა. მათ ზემოხსენებული თემები განიხილეს. ბაიდენმა აღნიშნა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. სტუმარმა ისიც თქვა, რომ ის ყოველთვის დიდ პატივს სცემდა რუსეთს და ბარაკ ობამას გამარჯვებისთანავე მათ ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება დასახეს. ოთხშაბათს ჯოზეფ ბაიდენმა, ცოლთან და შვილიშვილთან ერთად, ყვავილები მიიტანა უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, ალექსანდრეს ბაღში. შემდეგ ის სტუმრობდა სკოლკოვოს, მოსკოვის მახლობლად მდებარე არეალს, სადაც კრემლს აშშ-ის „სილიკონ უელის“ მსგავსი ცენტრის შექმნა სურს. იქ მან განაცხადა, რომ რუსეთის სწრაფვა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობისკენ, ასევე მედვედევის სურვილი, განაახლოს რუსეთის ეკონომიკა,ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერობის განვითარებას წაადგება. რუსეთთან თავისუფალ და გამჭვირვალე ვაჭრობას რომ ამერიკული კომპანიებისთვის ხეირის მოტანა შეუძლია, ეს გვესმისო, თქვა მან. ბაიდენის თანახმად, აშშ აპირებს ხელი შეუწყოს რუსეთის საინვესტიციო კლიმატის განვითარებას და მას კორუფციის დაძლევაში დაეხმაროს.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაც თემაა მოსკოვში მოლაპარაკებებისა. ბაიდენი თვლის, რომ რეალურია რუსეთის იქ შესვლა უკვე წელს. ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის ამ საერთაშორისო უწყებაში გაწევრიანებას, მაგრამ, როგორც ცნობილია, საქართველო არ ემხრობა ამას და თავის პირობებს აყენებს.
მოსკოვში ბაიდენის სტუმრობისას აშშ-ის საავიაციო ქარხანა „ბოინგსა“ და რუსეთის „აეროფლოტს“ შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც რუსეთის მიერ „ბოინგ 777-ის“ ტიპის კიდევ რვა თვითმფრინავის შესყიდვას გულისხმობს. „აეროფლოტმა“ განაცხადა, რომ თვითმფრინავებს სოჭის ოლიმპიადის დროს, 2014 წელს, და საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დროს, 2018 წელს, მოიხმარს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენი აპირებს ყურადღების გარეშე არ დატოვოს მოსკოვში უფლებადამცველები და მათ ზოგიერთ წარმომადგენელსაც გაესაუბრება. ის აპირებს ასევე სიტყვით გამოვიდეს მოსკოვის უნივერსიტეტში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG