Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ოპოზიციის ძალებზე კადაფის მომხრეთა ზეწოლა გრძელდება


ლიბიაში მუამარ კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა გრძელდება. გადამწყვეტი უპირატესობა კვლავაც არც ერთ მხარეს არ მოუპოვებია. მთავრობის ძალები კვლავაც ზეწოლას ახორციელებენ ოპოზიციაზე, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე სტრატეგიულ ადგილებს აკონტროლებს.

კორესპონდენტების ინფორმაციით, ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ დასავლეთის ქალაქ ალ-ზავიაში მთავრობის ძალები ტანკებიდან ისვრიან, აფეთქებენ ჭურვებს და საჰაერო თავდასხმებსაც ახორციელებენ ოპოზიციონერთა პოზიციებზე. ამგვარი შეტევა უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. შეტაკებების გამო ალ-ზავიასთან ახლოს მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო დაიხურა.

კადაფის მომხრე მებრძოლები აცხადებენ, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში ბენ-ჯავადიდან ოპოზიციის ძალები განდევნეს და ახლა ქალაქს თავად აკონტროლებენ. კადაფის ძალები საჰაერო იერიშებს ახორციელებენ ნავთობტერმინალის მქონე ქალაქის, რას ლანუფის, მიმდებარე ტერიტორიებზეც.

შეტევების მოგერიებას ოპოზიციის ძალები ანტისაჰაერო ქვემეხების გამოყენებით ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კადაფის მომხრეთა რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თუმცა პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ დაბომბვათა დიდი ნაწილი ისეთი სიმაღლიდან ხორციელდება, რომელსაც ოპოზიციის ხელში არსებული იარაღი ვერ შესწვდება.

საფრთხეს ის ფაქტორიც აძლიერებს, რომ რომელიმე საჰაერო თავდასხმამ ან, უბრალოდ, შეცდომით ნასროლმა რაკეტამ შეიძლება რას ლანუფში მდებარე ბუნებრივი აირის შემნახველ ობიექტზე აფეთქებათა სერია გამოიწვიოს, რასაც 15 კილომეტრის სიშორეზე მყოფი ადამიანების დაღუპვა მოჰყვება.

თუმცა ოპოზიციის ძალები მაინც განაგრძობენ ამ ადგილებში გამაგრებას. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კადაფის მომხრეები ტოქსიკურ ობიექტებზე თუ მიიტანენ იერიშს, ეს რეჟიმის მიერ ჩადენილი „შურისძიების ბოლო აქტი“ იქნებაო:
„ღვთის ნებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ დავამარცხებთ ტირანს. არც მისი და არც ტანკების და თვითმფრინავების არ გვეშინია. ღვთის ნებით, ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მან.

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, შეთანხმდნენ, რომ კადაფის ძალების მხრიდან სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ძალადობის პასუხად გასატარებელ ზომებს დაგეგმავენ.

შესაძლო ზომები მოიცავს თვალთვალს, ჰუმანიტარულ დახმარებას, იარაღზე გაეროს მიერ დაწესებული ემბარგოს განხორციელებას და ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვას.

ამ უკანასკნელი ზომის - ფრენის აკრძალვის - დანერგვას საერთაშორისო თანამეგობრობას თავად ლიბიელი მეამბოხეები სთხოვენ, რათა დასრულდეს მუამარ კადაფის ძალების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ გამანადგურებელი საჰაერო იერიშების განხორციელება.

დასავლეთის ძალებს შორის ფრენის აკრძალვას ყველაზე აქტიურად ბრიტანეთი და საფრანგეთი უჭერენ მხარს. ფრენის აკრძალვის მხარდაჭერისა და ლიბიის ოპოზიციის ოფიციალურად აღიარებისკენ ევროკავშირს ევროპარლამენტის გავლენიანმა წევრებმაც მოუწოდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრენის აკრძალვა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდეს და არა აშშ-ის მეთაურობით წარმოებული კამპანიის შედეგად.

ფრენის აკრძალვის შესაძლებლობა გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე განიხილა, თუმცა ვეტოს უფლების მქონე რუსეთი იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.

თავის მხრივ, მუამარ კადაფი აცხადებს, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მართლაც მიიღებს ლიბიის თავზე ფრენის ამკრძალავ გადაწყვეტილებას, ლიბიელები მზად იქნებიან დასავლეთის ქვეყნებს შეებრძოლონ.

კადაფი კვლავ იმეორებს, რომ აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ცდილობენ ლიბიის ნავთობის რეზერვებს დაეპატრონონ. თუმცა, ამავე დროს, ის იმასაც აცხადებს, რომ ლიბიაში ამბოხების უკან უცხოელი, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ტერორისტები დგანან - რომლებიც ახალგაზრდებს ნარკოტიკებს ურიგებენ და მათ „ტვინებს ურეცხავენ“.

ევროკავშირი ლიბიაში სამხედრო მისიის გაგზავნაზე მსჯელობს, ხალხის ევაკუაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქების მიზნით.
XS
SM
MD
LG