Accessibility links

logo-print
წარმომადგენლობითი სახალხო კრების სათათბირო დარბაზმა, რომლის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძეა, ჭადრაკის სასახლეში „შეფიცულთა რაზმი“ დააფუძნა. დარბაზის გადაწყვეტილებით, შეფიცულებს მსახიობი გია ბურჯანაძე უხელმძღვანელებს. წესდების მიხედვით, უიარაღო „შეფიცულები“ დაიცავენ და გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაზარალებულ პირებს. „შეფიცულთა რაზმის“ დაფუძნება ფიცის დადებითა და შეფიცულთა კომიტეტებისათვის დროშების გადაცემით დასრულდა.

„მე, გია ბურჯანაძე, ვხდები შეფიცულთა ერთობის წევრი და უფლისა და ხალხის წინაშე ვფიცავ, დავიცვა ჩვენი სამშობლოს, საქართველოს, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები...“ - შეფიცულების ფიცის ტექსტი, რომელიც სახალხო კრების დარბაზის წევრმა მსახიობმა გია ბურჯანაძემ წაიკითხა, ელიზბარ ჯაველიძეს ეკუთვნის. მცირე ზომის ტექსტში ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაზეა საუბარი, თუმცა მთავრდება ის ერთგულების ფიცით:

„არასდროს გადავუხვევ არჩეულ გზას, არ ვუღალატებ ჩემს თანამოაზრეებს და ვიბრძოლებ მანამ, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ გაიმარჯვებს და არ იზეიმებს. ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ!“

ფიცის დადების შემდეგ გია ბურჯანაძემ შეფიცულთა რაიონული კომიტეტების ხელმძღვანელებს დროშები გადასცა. რაზმი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით იმოქმედებს. რადიო თავისუფლების შეკითხვას, რის მიხედვით შეარჩიეს შეფიცულები, გია ბურჯანაძემ ასე უპასუხა: „გულით და იმის მზაობით, რომ ადამიანებს დაუდგებიან გვერდში!“

ჭადრაკის სასახლეში, ფიცის დადების პარალელურად, დარიგდა შეფიცულების წესები, რომელთა მიხედვითაც, „შეფიცულების საქმიანობა ემყარება სამართლის უზენაესობის, კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების პრიორიტეტული დაცვის, ჰუმანიზმისა და პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებს.“ „შეფიცულთა რაზმის“ შექმნა მოიწონა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც სახალხო კრების ერთ-ერთი ინიციატორი და სათათბირო დარბაზის აღმასრულებელი საბჭოს წევრია:

„უსამართლობის წინააღმდეგ ცარიელი ხელებით, მაგრამ სამართლიანობით იბრძოლებენ გულანთებული ადამიანები, რომლებიც ნამდვილად დიდი ძალაა! ამ უიარაღო ადამიანებს აქვთ ყველაზე ძლიერი იარაღი მსოფლიოში - ეს არის სიმართლისათვის ბრძოლა, რომლისაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია.“

შეფიცულთა რაზმებს, ისევე როგორც სახალხო კრების წინააღმდეგობის კომიტეტებს, ექნებათ ეგრეთ წოდებული „ცხელი ხაზი“, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამა თუ იმ კანონდარღვევაზე სწრაფი რეაგირება. სახალხო კრების სათათბირო დარბაზის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ შეფიცულები 24 საათის განმავლობაში ხალხის სამსახურში იქნებიან.

„მთავარია ადამიანებს ჩავუსახოთ იმის იმედი, რომ როცა უსამართლოდ მოექცევიან, ამ ჯგუფებისგან დახმარებას მიიღებენ. შუაღამით რომ მოხდეს რამე, პირველი ამ „შეფიცულთა რაზმების“ წევრები უნდა გაჩნდნენ. სადაც წინააღმდეგობის კომიტეტებს ვქმნით, ყველგან იქნება ასეთი პატარ-პატარა ჯგუფი, რომელიც აღმოუჩენს როგორც სამართლებრივ, ასევე მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერას. ეს, საბოლოო ჯამში, სერიოზულ პროცესებს ააგორებს“, უთხრა ნონა გაფრინდაშვილმა რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG