Accessibility links

logo-print
დროებითი საცხოვრებელი ფართებიდან დევნილთა ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 9 მარტს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა გაეროს მხრიდან ერთგვარი პასუხი გამოდგა იმ კრიტიკულ წერილზე, რომელიც ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტერესმა სამოქალაქო სექტორის ქართველი აქტივისტებისაგან 17 თებერვალს მიიღო. წერილში ქართველი უფლებადამცველები აღნიშნავდნენ, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილთა ძალადობრივი გზით გასახლება ნაწილობრივ გაამართლა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ანტონიო გუტერესისადმი გაგზავნილი წერილის შედეგს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამ ძირითად პუნქტში აქცევენ. პირველი, ჟენევამ დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით ქართველ არასამთავრობოებთან დიალოგი დაიწყო; მეორე, 9 მარტს დიალოგის პირველ შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს 2 კვირაში არასამთავრობო ორგანიზაციები გაეროს გადასცემენ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის განხორციელების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტს; დაბოლოს, მესამე, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დევნილთა მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მზად არიან მომავალშიც ითანამშრომლონ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დევნილთა მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი იქნება.

”ჩვენი მიზანი, ამ წერილის მიზანი იყო ის, თუ რამდენად ინფორმირებულნი არიან ეს საერთაშორისო ორგანიზაციები იმ გაუსაძლისი პირობების შესახებ, რომელშიც ეს დევნილები იმყოფებიან, იმის შესახებ, ამ განსახლებით დევნილების მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა. მონიტორინგის უფრო კონკრეტული, უფრო მკაცრი პირობების შემთხვევაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად შევძლებთ რაღაცნაირად გავაუმჯობესოთ დევნილების მდგომარეობა”, აღნიშნა კოალიციის ”სამოქალაქო განვითარებისათვის” წარმომადგენელმა თამარ კიკნაძემ.

დევნილთა ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ საქართველოს არასამთავრობო სექტორის ინიციატივას კი მხარს 21 ორგანიზაცია უჭერს. ეს ორგანიზაციები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ პირსა თუ უწყებას, ჩაერთონ მათ საქმიანობაში და წინადადებებითა და მოსაზრებებით მოამარაგონ ისინი.

”ისე შემუშავდა სახელმწიფო სტრატეგია, მოქმედებათა გეგმა, რომ ძალიან ბევრისთვის ეს იყო უცნობი და განსაკუთრებით დევნილებისთვის. ამიტომ ამ ადამიანების ხმა უნდა მივიტანოთ იქ, სადაც თითქოს ფიქრობენ, მუშაობენ და ცდილობენ. და უნდა ვაიძულოთ ეს მხარეები, რომ ყველაფერი შეისმინონ და ისე გააკეთონ, როგორც ნამდვილად დევნილებს სჭირდებათ. ძალიან კარგია, რომ კარი შეიღო გაეროში, მის უმაღლეს კომისართან, რომ ეს ამბავი მივაწვდინოთ, ეს ამბავი გავაგებინოთ და დავუსაბუთოთ და გავაზიარებინოთ.”

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია შენიშნავს, მორიგი შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობაში დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, როგორც წამყვანი სააგენტო დევნილთა საკითხებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვისა და დახმარების საქმეში საქართველოს მთავრობის პარტნიორად ითვლება. სამინისტრო „გლუკის“ რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესშიც. ქართველ არასამთავრობოთა გაღიზიანების მიზეზი გახდა 2011 წლის 2 თებერვალს სამოქმედო გეგმის მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაში „გლუკის“ მიერ წარდგენილი მოსაზრებები. ამ მოსაზრებათა თანახმად, 2010 წლის ზაფხულის გამოსახლებასთან შედარებით, 2011 წლის იანვარში დევნილთა გამოსახლების პროცესი უკეთ წარიმართა და არ მომხდარა საერთაშორისო სამართლის ან საერთაშორისო სტანდარტების არსებითი დარღვევა. ამ შეფასებიდან ორიოდ კვირაში ჟენევაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ანტონიო გუტერესის სახელზე ქართველი არასამთავრობოების მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ „გლუკის“ როლი საქართველოში ხელისუფლების უკანონო ქმედებების გამართლებაში მდგომარეობს, რითაც ორგანიზაციის რეპუტაცია ეჭვქვეშ დგება. წერილის პასუხად „გლუკის“ საქართველოს წარმომადგენლობაში დიალოგის დაწყება წარმატებად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ნიშნავს თუ არა ეს „გლუკის“ მიერ დევნილთა განსახლების მონიტორინგის პროცესის არასრულფასოვნებისა და ზოგადად შეცდომების აღიარებასაც? ამ შეკითხვაზე კავკასიის ქალთა ქსლის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი ამბობს:

”ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გაუმჯობესდეს ძალიან კონკრეტული, გაუბედურებული ადამიანების მდგომარეობა. ამიტომ მე არ შევიდოდი ასეთ პოლემიკაში. ჩვენს ინფორმაციაზე მსმენელი და მკითხველი თვითონ გააკეთებს დასკვნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ „შეღებული კარის“ პრინციპი და გავაგრძელოთ დიალოგი, რომ ძალიან კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ.”

„შეღებული კარის“ პრინციპი მისაღებია გაეროსთვისაც. თუმცა უფრო კონკრეტულად 9 მარტს გამართული შეხვედრის მიზნებსა და შინაარსზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თბილისის წარმომადგენლობაში არაფერს ამბობენ.
XS
SM
MD
LG