Accessibility links

logo-print
არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობის დაცვის ეროვნულმა ცენტრმა” ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შესრულებული ოჯახში ძალადობის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა, რომელშიც 1250 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, 2010 წელს საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. მიღებული შედეგების მიხედვით, გაირკვა, რომ საქართველოში ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლია. ამ მხრივ კი, ყველაზე მძიმე სიტუაცია კახეთის რეგიონშია.

მიზანი კვლევისა, რომელიც ”ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან” ერთად განხორციელდა, საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა დროული გამოვლენა და მათთვის დახმარების აღმოჩენა იყო, ამბობს ირის პეტაი, პროექტის ხელმძღვანელი, ”უმთავრეს მისიად კი ძალადობის მსხვერპლთა ნდობის მოპოვება დავისახეთო.”

საქართველოში ყოველი მესამე ქალი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლია. ასეთი შედეგით დასრულდა კვლევა, რომელშიც 1250 - 18-დან 78 წლის ასაკამდე - ქალი ღებულობდა მონაწილეობას. მოძალადენი უმეტეს შემთხვევაში ქმრები არიან, მათ შემდეგ 17 % მამებზე მოდის, 8 კი ყოფილ ქმრებზე. როგორც კვლევამ აჩვენა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლებში ცხოვრობენ.

ჯილდა ხარიტონაშვილი ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის კახეთის რეგიონალური კომიტეტის ხელმძღვანელია. სწორედ კახეთი აღმოჩნდა, საქართველოს ის რეგიონი, რომელშიც ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა ცხოვრობს. ამის მიზეზი ალბათ სხვადასხა ფაქტორებში უნდა ვეძებოთო, ამბობს ჯილდა ხარიტონაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში და ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად კახეთის რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების დიდ რაოდენობას ასახელებს: ”აი, მაგალითად, ყვარლის რაიონში ძალიან ბევრნი არიან ლეკები, უდინები, ოსები... ეთნიკურ ჯგუფებს სხვანაირი ტრადიციები აქვთ და იქ უფრო ხშირია ოჯახური ძალადობა. ქართულ ოჯახებში კიდევ უფრო სხვანაირი პრობლემა იჩენს თავს - ეს არის ეკონომიური სიდუხჭირე”, - ამბობს ის.

მნიშვნელობა არა აქვს ქალაქში ცხოვრობ თუ სოფელში, მთავარია როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, ამბობს მარინა თაბუკაშვილი, ფონდ ”ტასოს” წარმომადგენელი. ხალხმა მოძალადეების წინააღმდეგ პირი უნდა შეკრასო, ასეთია მისი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქალებსა და ბავშვებზე ძალადობენ: ”კი, მესმის, ყველას ეშინია, მე არ მომხვდეს ის მუშტიო, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ მთელმა სოფელმა შეკრას პირი და იმ ადამიანს დილით „გამარჯობა“ არ უთხრას. ყველამ ძალიან კარგად იცის რომელ ოჯახში სცემენ ქალს... ყველაფერი რომ დამთავრდება და მოძალადეს გაიგულებენ, მერე შედიან მეზობლის ქალები წამლებითა და ბამბებით, რომ ქალი მოაბრუნონ”, - ამბობს მარინა თაბუკაშვილი.

ესტონეთის მხარე წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოში 2006 წლიდან მოქმედებს კანონი ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. აღნიშნული კანონის ამოქმედებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნოდარ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი. ოჯახში ძალადობა საპატრულო პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამბობს ის და იმ უფლება-მოვალეობებს ხსნის, რომლითაც საპატრულო პოლიცია ოჯახური ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს: ”პოლიციის მიმართ ნდობა მატულობს. უკვე აღარ უნდა ძალადობის მსხვერპლს, რომ იყოს დაუცველი და, შესაბამისად, პოლიციასთან მიმართვიანობამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა. პოლიციას უკვე საკმაოდ დიდი ფუნქცია აქვს დაკისრებული. მას შეუძლია, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას გააკეთოს მსხვერპლის იდენტიფიკაცია, გასცეს შემაკავებელი ორდერი და თუკი ძალადობის მსხვერპლი დაფიქსირდა, მას უკვე შეუძლია ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული სოციალური თუ სამართლებრივი დახმარების ყველა ბერკეტითა და მექანიზმით”, - ამბობს ნოდარ სააკაშვილი.

საინტერესოა ოჯახური ძალადობის ფაქტების ოფიციალური ქრონიკა, ანუ რაზე მეტყველებს სტატისტიკა. თუკი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს დავეყრდნობით, 2010 წელს საქართველოში მხოლოდ 182 მსგავსი შემთხვევაა დაფიქსირებული. “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევისაგან განსხვავებით, კახეთი, როგორც ამ მხრივ ყველაზე რთული რეგიონი, ოფიციალურ მონაცემებში საერთოდ არ ფიქსირდება. ლია ჩარექიშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი, ამის მიზეზს ხსნის:

ნატო შავლაყაძე, ”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსლის” ხელმძღვანელი, ამბობს, რომ, გასულ წლებთან შედარებით, დღეს უფრო მეტად ცდილობენ ქალები ოჯახურ ძალადობას თავი დააღწიონ და საკუთარი ტკივილი სხვასაც გაანდონ: ”მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ამ პრობლემაზე მსჯელობა და ფიქრი დაიწყო, ამან მისცა ადამიანებს უფრო მეტი გამბედაობა ეღიარებინათ, რომ მათ ოჯახში ძალადობა ხდება და ისინი არ არიან დამნაშავეები იმაში, რაც მათ ოჯახში ტრიალებს”, - ამბობს ნატო შავლაყაძე.

ოცამდე ქალის ამბავი იქნება მოთხრობილი წიგნში, სახელწოდებით ”ხმა მდუმარეთა”, რომელსაც აპრილის ბოლოს “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ცენტრი” ესტონეთის მხარდაჭერით გამოსცემს და რომელშიც ძალადობის მსხვერპლი ქალები შეეცდებიან დუმილი დარღვიონ.
XS
SM
MD
LG