Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 10 მარტი 2011


”ვმო-ს კოზირი” – ”24 საათი” ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება. ავტორი წერს: ”ბერნში მყოფი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქართული მხარე რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ აბრკოლებს, უბრალოდ, მოსკოვის მხრიდან წესების დაცვას ითხოვს. პარლამენტარი ამბობს, რომ ქართული მხარე ბერნში კვლავაც ადასტურებს თავის კონსტრუქციულობას, მაგრამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფუნდამენტურ წესებს ვერ შეცვლის.” - სტატიაში გიორგი კანდელაკის ციტატაა მოხმობილი: ”საქართველოსთვის მთავარი ტვირთების კონტროლია, ხოლო ის საკითხი, თუ ვინ გააკონტროლებს ტვირთებს - მოლაპარაკების საგანი. ჩვენი მიზანია ყველა იმ ტვირთის მონიტორინგი, რომელიც შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.”

”რეზონანსის” კორესპონდენტი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ეკითხება. ცინცაძე საერთაშორისო კონტექსტს განმარტავს და ამბობს: ”ბუნებრივია, საქართველო ვერანაირად ვერ მისცემს ხმას რუსეთის გაწევრიანებას არსებული სტატუს კვოს შენარჩუნების ფონზე. ერთადერთი გამოსავალი არის საღი აზრის ფარგლებში ურთიერთკომპრომისი. ჩემი აზრით, რაზეც შეიძლება საქართველო დათანხმდეს, ეს იქნება რუსეთის ბაზრის გახსნა საქართველოს ნებისმიერი პროდუქციისთვის და საბაჟოებზე საერთაშორისო მონიტორინგი.”

”ყველა სიახლეში” ”ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერთან, სოზარ სუბართან ინტერვიუ ქვეყნდება: ”მოსახლეობის მასშტაბური პროტესტის მიზეზი შეიძლება გახდეს სოციალური პრობლემები, საყოველთაო უსამართლობა, ის ვითარება, როდესაც სოდ-ი და კუდ-ი მართავენ ქვეყანას სრულიად უკანონოდ, როდესაც ბიზნესს ატერორებენ, როცა პრეზიდენტი ყოველდღიურად იტყუება”. ამავე ინტერვიუში სუბარი ამბობს: ”სისხლისღვრას არ ვაპირებთ, სისხლს მხოლოდ დიქტატორები ღვრიან! თუ ვთანხმდებით, რომ სააკაშვილი დიქტატორია, მაშინ ბრძოლაც შესაბამისად მტკიცე და აგრესიული მეთოდებით გვმართებს. სააკაშვილი უნდა ვაიძულოთ, რომ დათმოს მიტაცებული ძალაუფლება.”

”ახალი თაობის” პირველი გვერდი: ”სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს. სექტემბერში შეიძლება არჩევნები დაინიშნოს” - ამ სათაურით გაზეთში სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუს წაიკითხავთ. ის ამბობს: ”მე არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ სააკაშვილი მივიდეს დასკვნამდე, რომ მისთვის ყველაზე უპრიანი და დასავლეთისთვის შედარებით მისაღები თანამდებობა სამომავლოდ იყოს პარლამენტის თავმჯდომარეობა. ეს არ გახლავთ ცარიელ ადგილზე წარმოშობილი ეჭვი. გარდა რამდენიმე სხვა მინიშნებისა, მე მახსოვს ბატონი პრეზიდენტის უკანასკნელი გამოსვლა პარლამენტში, სადაც მან შეაგულიანა პარლამენტარები, რომ მომავალი პარლამენტი კიდევ უფრო მეტი უფლების მქონე იქნება, ვიდრე დღევანდელი და ისე არ გეგონოთ, ჩემსავით ერთხელ შემოივლის პარლამენტში მომავალი პრეზიდენტიო. ის ყოველ კვირას მოვა თქვენთან საკითხების შესათანხმებლადო. არა მგონია, რომ ეს რეცეპტი სააკაშვილმა საკუთარ თავს გამოუწერა, როგორც პრემიერმა. მან უმალ პრემიერ-მინისტრი საკუთარ ველზე წარმოიდგინა, ვიდრე ეს შეიძლებოდა წარმოგვედგინა მისი პრემიერობის პირობებში.”

”საქართველოს რესპუბლიკა” ორიოდე დღის წინ პრეზიდენტის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაზე გამოთქმულ მოსაზრებებზე წერს: “ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ მთავრობამ ბევრი დრო დაკარგა და აღნიშნა, რომ გარკვეული პროგრამები დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო. აბსოლუტურად ვეთანხმები! ადრე იყვნენ ეგენი ყანაში გასაყრელები. და მარტო მთავრობა კი არა, პარლამენტიც, ე.წ. ოპოზიციაც და მთელი უსაქმური ე.წ. სახელმწიფო აპარატი. ადრე უნდა დაეკავებინათ ხელში ოროყიანი თოხები მიკროფონების ნაცვლად ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ”მოღვაწეებს” და დარწმუნებული ვარ, არავითარი ”სურსათის ვაუჩერები” საჭირო არ გახდებოდა”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.

ეკა ბესელია, ხელმძღვანელი სამოქალაქო მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ”ალიას” პატიმარ ოთარ როგავას გარდაცვალების შესახებ ელაპარაკება: ”ზუგდიდში 6 მარტს გადაასვენეს პატიმრობაში მყოფი როგავა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, ის გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში, საპყრობილეში იმყოფებოდა. ასევე, წინასწარი ინფორმაციით, რაც გადამოწმებას საჭიროებს, მისი დაკავება უკავშირდებოდა ”ენვერის” სახელწოდებით ცნობილი სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ეჭვმიტანილებს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG