Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის თანმხლები პირი დააკავეს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ოლეგ შარიფოვი დიპლომატია და შესაბამისი იმუნიტეტით სარგებლობს. სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენს” სამინისტროში განუმარტეს, რომ შარიფოვს დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არა აქვს, დანარჩენი კი, სამართალდამცავი უწყებების პრეროგატივაა. გაზეთმა ”ნიუ-იორკ პოსტმა” 8 მარტს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის თანმხლები პირი ოლეგ შარიფოვი, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, მას შემდეგ დააკავეს, რაც 34 დოლარად ღირებულ საფულეს იარლიყი შეუცვალა და მის შეძენას 10 დოლარად ცდილობდა. დღეს სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკო მჭედლიშვილმა, განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის დაკავებისას მოხდა მცირე გაუგებრობა, რომელიც სწრაფად გაირკვა და ის გაათავისუფლეს. მჭედლიშვილის ცნობით, დროებით დაკავებული პირი სახელმწიფო დაცვის თანამშრომელია და აშშ-ში მთავრობის ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG