Accessibility links

logo-print

პუტინს რუსეთსა და აშშ-ს შორის ვიზების გაუქმება სურს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა დღეს მოსკოვს მოუწოდა, გააუმჯობესოს ბიზნესის კლიმატი და შეარბილოს პოლიტიკური კონტროლი. მანვე თქვა, რომ კორუპცია და სასამართლოს სფეროში დარღვევები ინვესტიციების მთავარ შემაფერხებელია.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს მოსკოვში სტუმრად მყოფ ბაიდენს შესთავაზა, რუსეთმა და აშშ-მა „ისტორიული ნაბიჯი“ გადადგან და სავიზო რეჟიმი გააუქმონო: „რუსეთმა და აშშ-მა სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე მანამდე რომ მოილაპარაკონ, სანამ ამას ევროკავშირთან გავაკეთებთ - ეს რუსეთ-ამერიკის კავშირების განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯი იქნებოდა. ეს აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ ყველა ძველ სტერეოტიპს დაანგრევდა. ჩვენი წარსულის მნიშვნელოვან თავს გადავფურცლავდით და ყველაფერს თავიდან დავიწყებდით“ - განაცხადა მან. რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაუქმების შესახებ მოლაპარაკება უკვე წლებია გრძელდება, ხელშესახები პროგრესის გარეშე. ბაიდენი რუსეთს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის „გადატვირთვის“ პოლიტიკის გაღრმავების მიზნით სტუმრობს. ოთხშაბათს ის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შეხვდა და განაცხადა, თეთრი სახლის მიერ წარმოწყებული „გადატვირთვის“ პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდა, სკეპტიკოსების მოსაზრებების მიუხედავადო. პუტინთან შეხვედრამდე ბაიდენი ესაუბრა უფლებადამცველებს - რომლებიც პუტინს ორი ვადით პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში თავისუფლების მკვეთრ შეზღუდვაში სდებენ ბრალს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვეტერანი უფლებადამცველები - ლიუდმილა ალექსეევა და ოლეგ ორლოვი, „მემორიალის“ დირექტორი.ბაიდენი დღესვე სიტყვით გამოვიდა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში.
XS
SM
MD
LG