Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზმა ლიბიის ოპოზიცია აღიარა


მარცხნიდან: საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ხვდება ლიბიის "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლებს, ელი ესავის და მაჰმუდ ჯებრილს
მარცხნიდან: საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ხვდება ლიბიის "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლებს, ელი ესავის და მაჰმუდ ჯებრილს
მაშინ, როდესაც ლიბიაში სულ უფრო გააფთრებული ხდება დაპირისპირება მუამარ კადაფის მომხრეებსა და ოპოზიციას შორის, საფრანგეთმა ოფიციალურად ცნო ლიბიის ოპოზიციური „ეროვნული საბჭო“, როგორც ლიბიელი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი. დღეს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მუამარ კადაფის, დაუყოვნებლივ დატოვოს პოსტი. ბრიუსელში შეთანხმდნენ ასევე ეკონომიკური სანქციების გამკაცრებაზე კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ.

კადაფის მოწინააღმდეგეებმა დიპლომატიურ ფრონტზე გარღვევა მოახერხეს და საფრანგეთისგან ოპოზიციური „ეროვნული საბჭოს“ ოფიციალურ ცნობას მიაღწიეს. ნიკოლა სარკოზიმ პარიზში მიიღო ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენელი, რითაც, სარკოზის ოფისის ცნობით, ოფიციალურად აღიარა ლიბიის ოპოზიციური „ეროვნული საბჭო“. საფრანგეთის პრეზიდენტი გეგმავს გაგზავნოს ელჩი ოპოზიციის საყრდენ ქალაქ ბენღაზიში და მიიღოს ოპოზიციის ელჩი პარიზში. ამასობაში, მრავალკვირიანი ბრძოლების შედეგად, ჰუმანიტარული ვითარება ლიბიაში უკიდურესად დაიძაბა. ევროკავშირი ვერ დარჩება გულგრილი იმ დროს, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, - განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ შეხვედრაზე ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ.

„ სიტუაცია ლიბიაში ძალიან საგანგაშოა. ჩვენ ცხადად უნდა გავაგებინოთ ლიბიის მმართველებს, რომ უნდა შეწყდეს სამხედრო ძალის გამოყენება სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. მძიმე შედეგები ელოდება მათ, ვისაც ამაში პასუხისმგებლობა ეკისრება. ამჟამინდელმა ლიდერმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს პოსტი.“

10 მარტს ბრიუსელში გამართულ ნატო-ევროკავშირის შეხვედრაზე იმსჯელეს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ლიბიის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ისახავს მიზნად. რეზოლუციის ამოქმედებას მხარს უჭერენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ასეთი სანქციის წინააღმდეგია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მიიჩნევს, რომ ლიბიის ფრენის აკრძალულ ზონად გამოცხადებას სჭირდება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკისა და არაბული სახელმწიფოების მხრიდან. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ხაზი გაუსვა იმ პირობებს, რომლებიც წინ უნდა უძღოდეს ნატოს ეგიდით ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებას ლიბიაში:

„ნებისმიერი სახის ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, უნდა იცავდეს სამ ძირითად პრინციპს. პირველ ყოვლისა, უნდა არსებობდეს ნატოს აქციის ჩატარების დადასტურებული საჭიროება; მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს მკაფიო სამართლებრივი ბაზა; და მესამე, უნდა არსებობდეს მტკიცე რეგიონალური მხარდაჭერა.“

სანამ საერთაშორისო საზოგადოება ლიბიაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე მსჯელობს, მუამარ კადაფის მომხრე სამხედრო ძალებმა ოპოზიციის მებრძოლთა წინააღმდეგ პირველად გამოიყენა საარტილერიო დანადგარები ქალაქ რას ლანუფის ხელში ჩასაგდებად. ზღვის მხრიდან ქალაქს უტევდნენ სამხედრო გემები, ჰაერიდან კი - რუსული წარმოების სამხედრო მოიერიშეები. ოპოზიციის სამხედრო ძალები რეგულარული არმიის შეტევის მოგერიებას ანტისარაკეტო დანადგარებითა და ქვემეხებით ცდილობდნენ.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ დღეს გასცა ბრძანება, გაყინოს ლიბიის ცენტრალური ბანკის ანგარიშები და ამით გამოაცალოს მატერიალური ბაზა კადაფის რეჟიმს. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ასევე შეუერთდა გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენ წევრებს და გამოსცა დადგენილება, რომელიც კადაფის რეჟიმთან „ყოველგვარ ექსპორტს, ვაჭრობის და ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო დანიშნულების ნედლეულის მიწოდების“ აკრძალვას ითვალისწინებს.

ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ლიბიის სანაპიროსთან გაიგზავნება ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალები, რაც, რასმუსენის თქმით, „ გაზრდის ალიანსის ინფორმირებულებას ლიბიაში შექმნილი ვითარების თაობაზე“ იმით, რომ მოხდება დაკვირვება, „თუ როგორ სრულდება საბრძოლი იარაღის ემბარგოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 1970-ე რეზოლუცია“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG