Accessibility links

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ახორციელებს პროექტს „ბავშვთა საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების ხელშეწყობა ქართულ მედიაში“. ამ პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდა უკვე გაიმართა ქუთაისში, გორში. დაგეგმილია ბავშვთა უფლებების დამცველთა შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

2008 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა კვლევა: “ბავშვთა საკითხების გაშუქება და მედიაეთიკა საქართველოში”... გამოიკვეთა საკმაოდ შემაშფოთებელი სურათი, რომელიც მას მერე არ შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გორსა და ქუთაისში ამ თემაზე ჩატარებულ დისკუსიაში.

მაია ქურციკიძის თქმით, ბავშვთა საკითხების გაშუქება სენსიტიურია, რადგან ბავშვს თავის დაცვა არ შეუძლია. ამიტომაცაა, რომ ქართული მედია განსაკუთრებით სცოდავს სწორედ ბავშვთა საკითხების გაშუქებისას… და განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, სადაც კონტროლი მედიაზე უფრო ძლიერია და სადაც დამოუკიდებელ პრესას ხშირად სენსაციური მასალების ხარჯზე უხდება არსებობა.

”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქართულ მედიაში ძირითადი აქცენტი, სამწუხაროდ, კეთდება სენსაციურ სიუჟეტებზე, რაღაც თემების სკანდალური ელფერით გაშუქებაზე, რაც მძიმდება მაშინ, როცა საქმე ეხებათ ბავშვებს. ცოტა ხნის წინ მთელი ციკლი აიგო გადაცემებისა დაღუპულ ბავშვზე. თურმე საზოგადოება ყოფილა დაინტერესებული იმის გაგებით, თუ ვინ იყო ბავშვის ნამდვილი მამა. ბრაზილიურ სერიალს დაამსგავსეს ამ ბავშვის ისტორია”, ამბობს მაია ქურციკიძე.

ამიტომაცაა, რომ პროექტი ”ბავშვთა საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების ხელშეწყობა ქართულ მედიაში”, პირველ რიგში, რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დაინტერესებას ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების დაცვის თემით. ბავშვების თემა მედიისთვის საინტერესოა მრავალი მიზეზის გამო: ბავშვებს შეუძლიათ საინტერესო ინფორმაციით მოგვამარაგონ, მოზრდილი ადამიანებისგან განსხვავებული ხედვა აქვთ. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ისეთი თემები, როგორიცაა განათლება, აღზრდა, თამაშები, აგრესია, ბავშვისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოზრდილისთვის და, ბოლოს, ბავშვის მიმართ მედიის ინტერესი, გარკვეული თვალსაზრისით, აძლიერებს ბავშვს - ის გრძნობს, რომ მისით ან მისი თანატოლით მოზრდილები დაინტერესდნენ... ბავშვი, უბრალოდ, უკეთესი ხდება... მაგრამ ძალიან ხშირია, როცა არაპროფესიონალიზმი უფრო მეტად ავნებს ბავშვს, ვიდრე ეხმარება.

არადა, აქცენტები შეიძლება სულ სხვანაირად დაისვას ხოლმე, მოვლენა განზოგადდეს, რათა მან უფრო ძლიერად იმოქმედოს მაყურებელზე, მკითხველზე. გორში გამართული დისკუსიის დროს მაია ქურციკიძემ ჟურნალისტებს, პედაგოგებს, არასამთავრობო სექტორში ჩართულ ბავშვთა უფლებების დამცველებს კვლევების შედეგები გააცნო. მისი თქმით, ქართულ მედიაში 2 სტერეოტიპი გამოიკვეთება - ბავშვი, რომელსაც ენის მოჩლექით უნდა ელაპარაკო, რადგან პატარაა და არა აქვს თავისი აზრი, შეხედულება, და, მეორე, ბავშვები, როგორც რაღაცის მსხვერპლნი.

ბავშვი, თავისი მისწრაფებებით, შეხედულებებით, ბავშვი, როგორც პიროვნება, იშვიათად ჩანს. ასეთი ბავშვი ქართულ მედიას თითქმის არ აინტერესებს. არადა, მედიას ბავშვისგან შეუძლია ისწავლოს კიდეც ისე, რომ ბავშვების გაიდეალება თავიდან აიცილოს - ბავშვებს ხომ ირონია, უნიჭობის, სიყალბის მიმართ მგრძნობელობა ახასიათებთ. მოზრდილებს შეუძლიათ ”გამოიყენონ” ბავშვის ეს უნარი და ბავშვები საზოგადოების აღმრზდელის როლშიც კი წარმოიდგინონ ხანდახან. მაგრამ ამისათვის, პროექტის ორგანიზატორთა აზრით, ჟურნალისტებს არა მარტო ბავშვთა უფლებების კონვენციის, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ცოდნა, არამედ ემპათიურობა და ბავშვის ბუნების შეგრძნებაც მოეთხოვებათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG