Accessibility links

ქართული მხარე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვს


ერგნეთი

ერგნეთი

დღეს ქართული მხარე ერგნეთში 14 დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდა. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრას არ დასწრებია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი. ქართულ მხარეს სამხარეო პოლიციის უფროსი შალვა ტრამაკიძე წარმოადგენდა. ოსური მხრიდან შეხვედრას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი ესწრებოდა.

ერგნეთის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით ტარდება. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე შეხვედრაზე ბოლო პერიოდში დაკავებული 14 მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდა. ოფიციალურად მათი ვინაობა არ სახელდება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლების მცხოვრებლები არიან. კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, 24 თებერვალს დემეტრაშვილი, 2 მარტს სოფელ კოდასთან სხირტლაძე, ხოლო 8 მარტს სოფელ ახმაჯთან ერთბაშად 9 ადამიანი - თვაურთა და ბეგაშვილთა გვარების წარმომადგენლები - დააკავეს. ყველა ისინი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს. შეხვედრის შემდეგ ქართულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა კი აღნიშნა, რომ, კონკრეტული შედეგის არარსებობის მიუხედავად, მოლაპარაკება კონსტრუქციულად მიმდინარეობდა და მხარეები დაკავებულთა გაცვლის შესახებ კონსულტაციას გააგრძელებენ. მისი თქმით, ქართული მხარე ამჟამად 10 დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

შეხვედრას ეუთოს წარმომადგენელი გეიდრიუს ჩეკოულისიც ესწრებოდა. მისი თქმით, მხარეებს შორის ცხელი ხაზის ეფექტური მუშაობა ეგრეთ წოდებულ საზღვარზე დაძაბულობას მოხსნის. გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოების დროს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებლებს მინდვრებში უსაფრთხოდ გასვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებლიე დამრღვევები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ამ მემორანდუმს ბოლო პერიოდში ორივე მხარე ასრულებდა. რადიო თავისუფლების კომპეტენტური წყაროს ცნობით, ოსური მხარე, გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ, დაკავებული ქართველების გათავისუფლებას გეგმავს. გარდა ამისა, მოლაპარაკება წინა ხანებში დაკავებული პირების გაცვლის თაობაზეც გაგრძელდება. როგორც ცნობილია, 21 თებერვალს მხარეებმა 7–7 პირი გაცვალეს. მაშინვე გადაწყდა, რომ მოგვიანებით გაცვლა კიდევ ერთხელ მოხდებოდა. ქართული მხარე წინა ხანებში დაკავებული მიდელაშვილისა და რაზმაძის გადაცემას, ოსური მხარე კი თედეევისა და ხურანოვის გათავისუფლებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG