Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაუწყებლობის შესახებ კანონს მომავალ კვირაში უყრიან კენჭს


”მაუწყებლობის შესახებ კანონში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანისთვის პარლამენტს დღეს მეორე მოსმენით უნდა ეყარა კენჭი, თუმცა კენჭისყრა მომავალ სესიამდე, ანუ მომდევნო კვირისთვის, გადაიდო. კენჭისყის გადადების მიზეზად დასაზუსტებელი საკითხი - კერძოდ, მედიასაშუალების ფინანსური აუდიტის საკითხი - დასახელდა. ამ დებულების დამატებას კანონში ქრისტიან- დემოკრატები ითხოვენ.

აუდიტი უნდა იყოს საერთაშორისო ფინანსური საბუღალტრო აღრიცხვის წესებით მომზადებული ...
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელიც პლენარულ სესიას უძღოდა წინ, უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებებსა და დამატებებს კენჭი ეყაროს მომავალ კვირაში - მას შემდეგ, რაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი იმ მოთხოვნებს შეისწავლის, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობას აქვს. საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს მედიამაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციებმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური აუდიტი წარუდგინონ.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე თავისი პარტიის მოთხოვნებზე საუბრობს:

”მთავარია აუდიტი, რომელსაც წარადგენს და ვალდებულება აქვს, რომ წარადგინოს მაუწყებელმა კომისიაში. ეს აუდიტი უნდა იყოს საერთაშორისო ფინანსური საბუღალტრო აღრიცხვის წესებით მომზადებული.”

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ კანონს“ პირველი მოსმენით 7 იანვარს უყარა კენჭი. პირველი კენჭისყრის შემდეგ იურიდიული კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონში ცვლილებები შევიდა და გადაწყდა, რომ მედიასაშუალების ფლობა ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას საერთოდ აეკრძალოს. ასევე პროექტიდან ამოიღეს პუნქტი, რომელიც მედიასაშუალების მფლობელ კომპანიას 10 პროცენტიანი წილის ოფშორულ ზონაში ფლობის უფლებას უტოვებდა.

მეორე კენჭისყრის წინ კი საპარლამენტო უმცირესობა, მედიამფლობელების ვინაობის გარდა, როგორც ზემოთაც ითქვა, ორგანიზაციის ფინანსურ გამჭვირვალობასაც ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ამ ახალი მოთხოვნის გათვალისწინება დამატებით კონსულტაციებს მოითხოვს:

”ჩვენ რეალურად შევთანხმდით ყველა დებულებაზე, რაც უკავშირდება მედიამესაკუთრის ვინაობის გამჭვირვალობას, მედიასაშუალების ფინანსურ გამჭვირვალობას. უბრალოდ, ვინაიდან ეს არის ახალი ფორმულირებები, საჭირო გახდა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელახალი მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ კომიტეტის სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ჩატარდება და, ალბათ, ამის შემდეგ საბოლოო ფორმულირებები გავა პლენარულ სხდომაზე.”

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში კონსულტაციების შემდეგ უნდა გადაწყდეს როგორი ფორმულირებით შევა უმცირესობის მიერ მოთხოვნილი პუნქტები კანონმდებლობაში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG