Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები კადაფის გადადგომისკენ მოუწოდებენ


ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც დღეს ლიბიაში შექმნილ კრიზისზე მსჯელობის მიზნით შეიკრიბნენ, განაცხადეს, რომ ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ ხელისუფლება „დაუყოვნებლივ“ უნდა დათმოს. ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ ბრიუსელში გამართული სამიტის ბოლოს კადაფის უწოდა „ლიდერი, რომელიც თავისსავე ხალხს ესვრის“. ევროკავშირის ლიდერების თქმით, ლიბიაში მიმდინარე შეტაკებებისგან მოქალაქეების დასაცავად ისინი „ყველა შესაძლებლობას“ განიხილავენ. ამასთან, მათი განცხადებით, სამოქალაქო პირების დაცვის მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებას გაეროს და არაბული სახელმწიფოების ნებართვა დასჭირდება. ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, ლიბიის აღმოსავლეთის ქალაქ ბენღაზიში გამაგრებულ ოპოზიციას ისინი მოლაპარაკების „ლეგიტიმურ მონაწილედ“ მიიჩნევენ. მანამდე, სამიტის მსვლელობისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, საფრანგეთი და ბრიტანეთი მხარს უჭერენ ლიბიაში მიზანმიმართული საჰაერო დარტყმების განხორციელებას - იმ შემთხვევაში, თუ კადაფი თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს ან საჰაერო დაბობმვას მიმართავსო. პარალელურად, ლიბიაში კადაფის ძალებმა საზღვაო და სატანკო შეტევა განახორციელეს აღმოსავლეთის ქალაქ რას ლანუფში გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ. არის ცნობები მსხვერპლის შესახებ - თუმცა კადაფის ძალები ქალაქში არ უშვებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
XS
SM
MD
LG