Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელი სომხები მედიის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ


თბილისელ სომეხთა ასამბლეა
თბილისელ სომეხთა ასამბლეა
თბილისელ სომეხთა ასამბლეა მედიის წარმომადგენლებს სიძულვილის ენის გაღვივების ხელშეწყობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ უკანასკნელ ხანებში მედიის ცალკეულ საშუალებებსა თუ ინტერნეტსივრცეში შუღლის ენის გახშირებული ფაქტები ვლინდება. მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისელ სომეხთა საჩივრის სიაში აღმოჩნდნენ, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

თბილისელ სომხებსა და ქართული მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს შორის განხეთქილების ვაშლად ”Youtube”-ზე ვინმე არბუგოადმინის მიერ 19 თებერვალს ატვირთული ე.წ. ”ჯავახეთის ჰიმნი” გახდა.

პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ჯავახეთში მიდის ”ქართველიზაცია”. აი, ეს ტერმინია მოხსენიებული და ამას წერენ სომეხი ბლოგერები ოფიციალურად საიტზე ...
ელექტრონული მედიის წარმომადგნლები აღნიშნულ ჰიმნს ორი კვირის შემდეგ, 3 მარტს, გამოეხმაურნენ და, გარდა “იუთუბზე” ატვირთული კლიპისა, სომეხი ბლოგერების მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ევროსაბჭოსა და გაეროს გენერალური მდივნების სახელებზე გაგზავნილ პეტიციასაც გამოეხმაურნენ, სადაც ბლოგერები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯავახეთში მცხოვრები სომხების ჩაგვრის შეწყვეტას ითხოვენ. ქართული მედიის წარმომადგენლები გადმოსცემენ რა ევროსტრუქტურებში გაგზავნილი პეტიციის შინაარს, აღნიშნავენ, რომ პეტიციის ავტორები მოითხოვენ სომხური მოსახლეობის კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიებზე სომხური ენისათვის რეგიონალური სტატუსის მინიჭებას. მოთხოვნებს შორისაა სომხური სკოლების ”ქართველიზაციის” პროცესის შეწყვეტა, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება...

ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელსაც თბილისელ სომეხთა ასამბლეა სიძულვილის ენის გაღვივებაში სდებს ბრალს, ინტერნეტ-ტელევიზია ITV.ge -ა. „იუთუბზე“ განთავსებულ ჰიმნსა და სომეხი ბლოგერების მიერ გაგზავნილ პეტიციას მათ საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს. სიუჟეტის ავტორი ხათუნა კაციტაძე კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ თბილისელი სომხები არა მათთან, არამედ სომეხ ბლოგერებთან უნდა არკვევდნენ პრობლემებს:

”პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ჯავახეთში მიდის ”ქართველიზაცია”. აი, ეს ტერმინია მოხსენიებული და ამას წერენ სომეხი ბლოგერები ოფიციალურად საიტზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჟურნალისტებში იწვევს ინტერესს, რომ ჩაეძიონ და მასალა გააკეთონ”, - ამბობს ხათუნა კაციტაძე.

ყველა ჩვენთაგანისათვის კატეგორიულად მიუღებელია მცდელობა იმისა, რომ მოხდეს სომეხთა წარმოჩინება ერად, რომელსაც პრეტენზია აქვს ქართველი ხალხის უმდიდრეს კულტურასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ...
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ITV-ge-ზე განთავსებულ სიუჟეტს ინტერნეტმომხმარებელთა დიდი რაოდენობა გამოეხმაურა, რომლებიც სომხების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. თბილისელი სომხების ასამბლეა მთავარ პრობლემად ზუსტად სიუჟეტის კომენტარებში გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ, ქსენოფობიურ ფრაზებს მოიაზრებს. ანალოგიური პრეტენზია აქვთ მათ პრესა.გე-ზე გამოქვეყნებული მასალის კომენტარებზეც, სადაც, მაგალითად, ვკითხულობთ: ”სომხები ჩვენს მიწაზე ჩამოსახლებული პარაზიტები არიან, რომლებიც ტექნიკურად გვანადგურებენ”, ან კიდევ: ”თუ მართლა ომი მოხდა მანდ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ჩემს მეზობელ სომეხ რობერტას გამოვკლავ სახლში”...

პრესა გე-ს ჟურნალისტი შორენა გოგოლაძე ამბობს, რომ სტატიაზე გამოქვეყნებულ კომენტარებზე ის პასუხს ვერ აგებს:

- გამოიწვია თუ არა თქვენ მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა სიძულვილის ენის გაღვივება? (თბილისელ სომეხთა ასამბლეა, ავტ.)
- გამოიწვია, გამოიწვია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ჩემი დამსახურებაა. რადგან თქვენი საჩივარი შემოვიდა ამ მასალაზე, ამ მასალაში დაწერილია ამ ადამიანების (ბლოგერების ავტ.) ქმედებებზე. თუკი საჩივარს წერთ, მაშინ ამ ადამიანების ქმედებებზე თქვენ გაგვეცით პასუხი. (შ.გ)

თბილისელ სომეხთა პასუხი, რომელიც ოფიციალურ განცხადებაში აისახა და რომელსაც რამდენიმე სომხური ორგანიზაცია აწერს ხელს, საზოგადოებას ირენა ოგანჯანოვამ გააცნო. ერთ-ერთი ამონარიდი აღნიშნული განცხადებიდან, აი, ასე ჟღერს:

პირდაპირ ფაშისტური რიტორიკაა დაფიქსირებული, რასაც ამბობდა ჰიტლერი ებრაელებზე, ზუსტად ანალოგიურ რაღაცას წერენ მომხარებლები, რომ სომხების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ...
”ყველა ჩვენთაგანისათვის კატეგორიულად მიუღებელია მცდელობა იმისა, რომ მოხდეს სომეხთა წარმოჩინება ერად, რომელსაც პრეტენზია აქვს ქართველი ხალხის უმდიდრეს კულტურასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ამგვარი პათოსი ორ ისტორიულ მოკავშირესა და მეგობარს შორის შუღლის გაღვივების მცდელობას წარმოადგენს და იგი იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული და სომხური სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის კოლაფსით.”

როგორც თბილისელ სომეხთა ასამბლეაში აცხადებენ, გაურკვეველი წარმომავლობის ბლოგერების მიერ გაგზავნილ პეტიციებსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ატვირთულ ჰიმნებს სომეხი ხალხის რეპუტაცია არ უნდა ეწირებოდეს.

ეს არის მარგინალთა ჯგუფი, რომლებიც ჰიმნებისა და გერბების შექმნით ერთობა და სწორედ ამიტომ ნამდვილად არ ღირს მსგავს არასერიოზულ ქმედებებზე აურზაურის ატეხა, მიაჩნია ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს და ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაზე მეტად საფიქრალი ის სულისკვეთებაა, რითაც მედიაში გავრცელებული მასალებია გაჟღენთილი:

”სულისკვეთებაში ვგულისხმობ აღტაცებას, ასე ვთქვათ, პატრიოტიზმით, რომელიც ხანდახან (ოღონდ არა ჟურნალისტების ხელში) ”ზოოლოგიურ პატრიოტიზმად” იქცევა ხოლმე. ვგულისხმობ იმ კომენტარებს, რაც ახლავს პრესა.გე-ზე გამოქვეყნებულ მასალას. იქ პირდაპირ ფაშისტური რიტორიკაა დაფიქსირებული, რასაც ამბობდა ჰიტლერი ებრაელებზე, ზუსტად ანალოგიურ რაღაცას წერენ მომხარებლები, რომ სომხების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. გასაგებია, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ ინტერნეტსაიტებს იმისათვის ჰყავთ ადმინისტრატორები, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი ფრაზებისაგან გაიფილტროს”, - ამბობს დავით პაიჭაძე.

თბილისელ სომეხთა ასამბლეის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ინტერნეტ-ტელევიზია ITV.ge-დან სიუჟეტი, სახელწოდებით ”ჯავახეთი - დანაღმული რეგიონი” და მას მოყოლებული კომენტარები მოიხსნა. რაც შეეხება პრესა.გე-ს, იქ დაინტერესებულ მკითხველს ახლაც შეუძლია, მაგალითად, ასეთი კომენტარის წაკითხვა: ”ყველა სომეხს ურთიერთობის დროს უნდა ანიშნო, რომ სომეხია (!!!!!!), რომ თავის თავს ბევრი უფლება არ მისცეს(!!!).”
XS
SM
MD
LG