Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის პრესის მიმოხილვა


” გუშინდელი მიწისძვრის შედეგად, მეცნიერების ინფორმაციით, დედამიწის ღერძი 10 სანტიმეტრით გადაიხარა. იაპონიაში ათასობით ადამიანია დაღუპული. მსოფლიო შოკშია. ”

„რეზონანსი“ ასევე აქვეყნებს მცირე სვეტს, რომლის სათაურია: „იაპონიაში მიწისძვრის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა“. ამის შესახებ ერთ-ერთი ქართული სააგენტოსთვის იაპონიაში საქართველოს ელჩს უცნობებია. ’9 ბალიანი მიწისძვრა იაპონიაში’- წერს „24 საათი“. გაზეთის ინფორმაციით, მსხვერპლი ”მუდმივად იზრდება, რადგან მაშველებმა მხოლოდ დაიწყეს ნანგრევების გაწმენდა”. გაზეთი წერს, რომ დაკარგულია რამდენიმე ათასი ადამიანი და მილიონობით ადამიანი სახლ- კარის გარეშეა დარჩენილი. „24 საათის“ ინფორმაციით, ღამეს ადამიანები სავაჭრო ცენტრებში ათევდნენ. ცუნამიმ, რომლის სიმაღლე, გაზეთის ცნობით, ათ მეტრს აღწევდა, შთანთქა მთლიანად გემი, რომელზეც 200 ადამიანი ყოფილა; ასევე დაკარგულა ორი მატარებელი, რომლის მგზავრთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
„რეზონანსის“ სხვა მთავარი თემები დღეს ინფორმაციას შეეხება. ერთ შემთხვევაში საუბარია მედიამფლობელთა პასუხისმგებლობაზე, მთელი ბუღალტრული აღრიცხვა გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის გახადონ. გაზეთის ინფორმაციით, დეტალების გარკვევა მიმდინარეობს მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონის ფორმულირებებთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია ახალ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიასაშუალების ფლობის უფლება ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას არ ექნება. მეორე სტატია, ასევე ინფორმაციას შეეხება, უფრო სწორად, ინფორმაციის გამოთხოვას, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ ერთი თვე მოანდომა. ორგანიზაციას თბილისის, ბათუმის, მესტიის მუნიციპალიტეტებისთვის და ასევე პრეზიდენტის ფონდისთვის ოფიციალურად მიუმართავს შეკითხვით, რამდენი თანხა დაიხარჯა საახალწლო კონცერტებზე და, ასევე, ვინ დაგეგმა კონცერტები და რა კრიტერიუმებით დაიხარჯა თანხა. ბოლო ორ შეკითხვაზე ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია; ერთი, რაც გარკვეულა, არის ის, რომ მთლიანად საახალწლო კონცერტებზე პრეზიდენტის ფონდიდან და ქალაქების მუნიციპალიტეტებიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯულა. როგორც აღვნიშნეთ, ამ ინფორმაციის მოძიებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ერთი თვე დასჭირვებია. ორგანიზაცია წერს, რომ, კანონით, მათ ეს ინფორმაცია ათი დღის ვადაში უნდა მიეღოთ.

სიძულვილის ენაზე სტატიას აქვეყნებს „რეზონანსი“, უფრო სწორად, გაზეთი ეხმაურება ’თბილისის სომეხთა ასამბლე-ის’ განცხადებას კონკრეტულ მედიასაშუალებების მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ ჯავახეთი მოხსენიებული ყოფილა როგორც „დანაღმული ტერიტორია“. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მსგავსი ფრაზების ხმარებას პროფესიული სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს. ერთ-ერთ ინტერნეტ-ტელევიზიას სომეხთა ასამბლეის განცხადების შემდეგ, ასე ვთქვათ, ბოდიში მოუხდია და პირობა დაუდვია, რომ აუცილებლად გაუშვებს ეთერში მასალას, რომელიც მანამდე გასულ მასალას დააბალანსებს.

ისევ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ისევ „რეზონანსი“. გაზეთი წერს, რომ გონიოში 221 ოჯახს მიწაზე საკუთრების უფლება ერთდროულად გაუუქმდა. „რეზონანსის“ ინფორმაციით, 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეს მიწები მოსახლეობას საზეიმო ვითარებაში კამერების წინ ლევან ვაშალომიძეს გადაუცია. მოგვიანებით გარკვეულა, რომ ტერიტორია კურორტული ზონაა. გაზეთი კითხულობს: მაშინ რატომ გადასცეს 2008 წელს ეს ნაკვეთები აჭარის მთავრობის მეთაურებმა მოქალაქეებს, თუ საკურორტო ზონის სტრატეგიული განვითარების გეგმა მათ არ ცნობდა? საქმეში ადგილზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჩართულა, რომელიც, „რეზონანსის“ ინფორმაციით, მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას გაუწევს. ასევე ჩართულა საქმეში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული კიდევ ორი ორგანიზაცია. „რეზონანსი“ კი წერს, რომ საკითხზე კვლევას აწარმოებს და უახლოეს მომავალში მკითხველს ამ ფაქტის გარშემო მეტ ინფორმაციას მიაწვდის.

’საქართველოთი აღფრთოვანებული მსოფლიოს პირველი დეველოპერი’- ასათაურებს წინა გვერდზე დღევანდელი „24 საათი“ სტატიას, რომელსაც სურათის სახით ახლავს ფოტო, რომელზეც ამერიკელი მულტი მილიარდერი დონალდ ტრამპი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ხელს ართმევენ. გაზეთი წერს, რომ გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს მხრიდან „სილკ როუდ ჯგუფსა“ და ამერიკული მხრიდან ტრამპ ტაუერს შორის, რომლის ძალითაც თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება. დასაწყისისთვის, გაზეთის ცნობით, ტრამპი ამ საქმეში 250 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. გაზეთი ციტირებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ბათუმი იქნება გრანდიოზული ქალაქი: ”ის დაემსგავსება ისეთ ცენტრებს, როგორიც არის დუბაი და სინგაპური.”

გაზეთი ასევე აქვეყნებს ციტატებს თავად დონალდ ტრამპის სიტყვიდან: ”მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორია, ხოლო „ტრანსპარანსი ინტერნეიშენალის“ მიხედვით, ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ.” დონალდ ტრამპი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო ასევე ნომერ პირველია ბიზნესის კეთების სიიოლის მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ” ნომერ მეორე, რაც ცოტა მაღელვებს, უსაფრთხოების მიმართულებით. ამას უნდა მივხედოთ. ასეთი რამ თქვენ არ გახასიათებთ. მომავალ წელს საქართველო ამ კუთხითაც იქნება ნომერ პირველი.”

’სააკაშვილს დემოკრატის ნიღაბი უნდა ჩამოვგლიჯოთ’- აქვეყნებს 9 მარტს „ახალი თაობა“ ინტერვიუს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც ამბობს, პრეზიდენტი სააკაშვილი ძალაუფლებას ნებით არ დათმობს, რამაც, შესაძლოა, საზოგადოების ძლიერი პროტესტი გამოიწვიოსო. კონფლიქტოლოგის აზრით, პრეზიდენტს რუსული მტრის ფაქტორი სწორედ ძალაუფლების გასამყარებლად სჭირდება. ზაქარეიშვილის თქმით, საზოგადოების მუხტს ვერც ოპოზიცია გრძნობს, როცა საუბრობს რევოლუციურ განწყობებზე. რევოლუციურმა ტალღამ გადაიარაო, ამბობს ზაქარეიშვილი, და მისი აზვირთება შესაძლოა მხოლოდ არჩევნების დროს მოხდესო.

„ელიტარული კორუფცია სახეზეა - ‘საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო’ “, - წერს წინა გვერდზე „რეზონანსი“ 9 მარტს. გაზეთის თქმით, „გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, ქვეყანაში კორუფციის დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ეს მხოლოდ დაბალი დონის კორუფციას ეხება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის თქმით, ელიტარული კორუფციის მხრივ, ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესებულია:

” დაბალ დონეზე სერიოზული პოლიტიკა არის ჩატარებული, მაგრამ ელიტარული კორუფცია არსებობს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ხშირ შემთხვევაში ამის დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ, სირთულეების მიუხედავად, რაღაც კონკრეტული ფაქტები არსებობს”, - ამბობს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

„ჯორჯია - მიწათმოქმედების ქვეყანა“ - აქვეყნებს სტატიას „24 საათი“ 9 მარტს. სტატიის ძირითადი ნაწილი პრეზიდენტ სააკაშვილის ციტატებია. ის სოფლის მეურნეობაზე საუბრობს.

” ბერძნულად „საქართველო“ მიწათმოქმედების ქვეყანას ნიშნავს”, - ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც წუხს, რომ თავის ნებაზე მიშვებულმა ამ დარგმა საკუთარი თავის ტრანსფორმირება ვერ შეძლო. ახლა საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერთოსო: ”ჩვენ გვეგონა, რომ ეს დარგი თავისით განვითარდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფოს აქტიური, მიზანმიმართული და პირდაპირი ჩარევის გარეშე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, კონკრეტული შედეგების მიღწევა ნაკლებად შესაძლებელია.”
XS
SM
MD
LG