Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


საქართველოს შესახებ გასულ კვირაში უცხოეთის გაზეთებში დაიბეჭდა არაერთი წერილი, რომლებშიც, პირველ რიგში, საქართველოზე საერთო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე რევოლუციებისა და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის ფონზე იყო ლაპარაკი. „სტრატფორ კომენტარი“ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის რუსეთში ვიზიტზე წერს და აანალიზებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, იმას, თუ რატომ სჭირდებათ ერთმანეთი და რაში ედავებიან ისინი ერთმანეთს. მათ ურთიერთობის „გადატვირთვა“ ორი მიზეზით დაიწყეს, წერენ სტატიის ავტორები. პირველი ისაა, რომ აშშ იმდენად სახიფათოდ ჩაერთო ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ აზიის საკითხებში, რომ რუსეთის მხარდაჭერა დასჭირდა. მეორე კი ის, რომ რუსეთი იმდენად მშვიდად შეუდგა დასავლეთის გავლენის შევიწროებას საბჭოთა გავლენის ყოფილ სფეროში, განსაკუთრებით უკრაინასა და კავკასიაში, რომ მისთვის შესაძლებელი გახდა შეეცვალა ტაქტიკა დასავლეთთან. რუსეთს, „სტრატფორ კომენტარის“ თანახმად, ახლა შეუძლია მშვიდად გადავიდეს აგრესიულიდან თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობაზე დასავლეთთან იმისდა მიხედვით, თუ რისი საჭიროება ექნება, ბრძოლისა თუ დასავლეთის გამოყენებისა. „უოლ სტრიტ ჯორნალი“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით - „რევოლუციიდან დემოკრატიამდე“, რომლის დედააზრი ისაა, რომ უფრო რთული პერიოდი რევოლუციების შემდეგ იწყება. მას თავიდანვე, როცა ეგვიპტესა და ტუნისზე წერს, მოჰყავს მაგალითი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა, რომელთაგან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გარდა, რომლებიც ამჟამად ნატოს და ევროპის კავშირის წევრები არიან, ვერც ერთმა ვერ შექმნა სტაბილური დემოკრატიული სისტემა. უკრაინა, საქართველო და ყირგიზეთი, რეგიონის სამი ფერადი რევოლუციის ქვეყნები მოჰყავს ნიმუშად გაზეთს და წერს, ამ რევოლუციების არსზე კამათი გრძელდებაო. ავტორები წერენ, რომ საქართველოს ვარდების რევოლუციიდან შვიდი წელი გავიდა, უკრაინის ნარინჯისფერიდან ექვსი, ყირგიზეთის ტიტებისა კი ხუთი წლის წინ მოხდა, მაგრამ სამივე ეს სახელმწიფო „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ კვლავაც „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყნებად არიან შეფასებული. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ამ სტატიის ავტორებმა იციან, რომ სამივე ქვეყანას განსხვავებული გზა ჰქონდა. ისინი საქართველოზე წერენ, რევოლუციის შემდეგ საქართველო განვითარების გზას დაადგა, მაგრამ შემდეგ წაიფორხილა შიდა ძალადობრივი მღელვარებისა და რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამოო. საქართველოს მთავრობის დასავლური ორიენტაციის ფონზე (ავტორები ინფორმირებული არიან კორუფციასთან ბრძოლაში მისი წარმატების შესახებ), სასამართლო სისტემის სფეროში შეყოვნებული რეფორმების და სუსტი ოპოზიციის პირობებში, საქართველო მათ რიგებშია, ვისაც დემოკრატიის საგრძნობი დანაკლისი აქვს. ავსტრიის გამოცემა „შტანდარტი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. შეკითხვაზე, რას უმადლის საქართველოს მთავრობა, რომ მყარად ზის სავარძელში, თავის გენიალურობას თუ ოპოზიციის სისუსტეს, ვაშაძე უპასუხებს, რომ ოპოზიცია არ არის სუსტი, რომ ის კარგადაა ორგანიზებული პარლამენტს შიგნით და გარეთ. მყარად იმიტომ ვსხედვართ, ამბობს ვაშაძე, რომ მოქალაქეებმა ჩვენ მანდატი მოგვცესო. ქართველები, არ ვიტყოდი რომ ბედნიერი, მაგრამ საკმაოდ კმაყოფილი არიან მუშაობით, რომელიც მთავრობამ ომის დასრულების შემდეგ გასწია. საგარეოპოლიტიკურად ჩვენ, პირველ რიგში, შევაჩერეთ რუსეთის იერიში, მიეღწია დაკავებული ტერიტორიების აღიარებისთვის მსორფლიოში. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოს ომთან კავშირი არ ჰქონდა, რომ ეს ომი რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი აგრესია იყო. კორესპონდენტს მოჰყავს საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნა და ეპასუხება ვაშაძეს, იქ უფრო გაწონასწორებული შეფასებააო. თუ ანგარიშს ზუსტად წაიკითხავთ, ის ადასტურებს საქართველოს პოზიციის 99 პროცენტს, ერთი პროცენტი კი პოლიტიკური კონიუნქტურააო, ამბობს ვაშაძე ინტერვიუში, რომლის სათაურადაც გამოტანილია მისივე სიტყვები - „რუსეთი ინსტინქტით მოქმედებს“. ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრს უთქვამს, თუკი შევხედავთ დაკავებულ ტერიტორიებს, ეთნიკური წმენდის შედეგებს, 1990-იანი წლებიდან დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის მტერიაო. მაგრამ, აზუსტებს ვაშაძე, არ გვსურს რუსეთს ეს ეტიკეტი მივამაგროთ - გულწრფელად გვჯერა, რომ კრემლი და მისი მომავალი მმართველობა მიხვდება, რომ ორმხრივ ინტერესებშია ნორმალური ცივილიზებული ურთიერთობა ლიბერალურ, დემოკრატიულ და ტერიტორიულად მთლიან საქართველოსთანო.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ბიზნესმენ დონალდ ტრამპის შეხვედრაზე და იმაზე, რომ ნიუ იორკში გაფორმდა შეთანხმება ორი ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობაზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა- საქართველოში. შეთანხმება დაამტკიცა სააკაშვილმაც. ცათამბჯენებს უშუალოდ ტრამპი არ ააშენებს. გაზეთის თანახმად, მშენებლობა 2013 წლისთვის იგეგმება და ნებისმიერი რეალური მშენებლობა, თუკი ის დაიწყება, „სილკ როუდ გრუპის“ მმართველი თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის მეთვალყურეობით განხორციელდება, იუწყება „ნიუ იორკ ტაიმსი“.

გარიგება, რომლის მოცულობასაც პარტნიორები 300 მილიონ დოლარად აფასებენ, ორ პროექტს მოიცავს. ესენია ცათამბჯენი „ტრამპ ტაუერ თბილისი“, რომელიც აიგება „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე, თბილისის ცენტრში, და ცათამბჯენი „ტრამპ რივიერა“, რომელიც ნაწილია „სილკ როუდის“ მიერ დაგეგმილი კომპლექსისა ბათუმში. გაზეთშივე წაიკითხვათ, რომ ტრამპი საქართველოში თავისი სახელის გამოყენების ლიცენზიას გასცემს, მისი კომპანია კი უძრავი ქონების ორი ობიექტის მართვას განახორციელებს. ტრამპი ამ ეტაპზე არ აპირებს პროექტებში საკუთარი ფულის ჩადებას. „გვსურს თუ არა ინვესტიციის განხორციელება, მოგვიანებით გადავწყვეტთ“, უთქვამს მას, იუწყება „ნიუ იორკ ტაიმსი“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG