Accessibility links

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ დისკუსიები მეოცე საუკუნის ქართულ კულტურაზე დაიწყო ლიტერატურით და კინოხელოვნებით გააგრძელა. გოეთეს ინსტიტუტში მოეწყო რიგით მეორე დისკუსია, რომელსაც ამჯერად ”ეზოპეს ენა ქართულ კინოში” დაარქვეს. აღმოჩნდა, რომ დისკუსიის სახელწოდებამ არაერთია ადამიანი გააღიზიანა: რატომ ”ეზოპეს ენა”, განა იგავისებური ფორმები მთელი ქართული კინოსთვის იყო დამახასიათებელი? რატომაა, მაგალითად, იგავი ოთარ იოსელიანის ”იყო შაშვი მგალობელი” ან, თუნდაც, ლანა ღოღობერიძის ფილმები?.. იმ ხალხს, ვისაც საბჭოთა კავშირში მოუხდა ცხოვრება, დისკუსიის სახელწოდება არ გაჰკვირვებია - ეს უკვე დამკვიდრებული ტერმინია ქართულ კინოკრიტიკაში, საბჭოთა კინოთეორიაში... დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ქართული კინო იგავისებური ფორმებით ახერხებდა ცენზურის ”მოტყუებას”. აი ახალგაზრდები კი დაკონკრეტებას მოითხოვდნენ. დისკუსიის მოდერატორმა, კინოდოკუმენტალისტმა ლია ჯაყელმა თავიდანვე აღნიშნა, რომ ძალიან გაახარა ხალხით გადაჭედილმა დარბაზმა გოეთეს ინსტიტუტში და, პირველ რიგში, სწორედ ახალგაზრდების სიმრავლემ.

არსებითად წინა დისკუსიაზეც, როცა ქართული საბჭოთა ლიტერატურისა და საზოგადოების, ასევე ლიტერატურისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე იმსჯელეს, ახალგაზრდებით სავსე იყო დარბაზი. მაგრამ კინოს საბჭოთა კულტურაში ხომ განსაკუთრებული ადგილი ეკავა - ჯერ კიდევ ლენინმა თქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებააო... თითქმის ისეთივე როლი ჰქონდა მას რევოლუციის შემდეგ, როგორც ტელევიზიას. და კიდევ უფრო გაძლიერდა კინოს ზემოქმედების ძალა და, შესაბამისად, მნიშვნელობა ხმის შემოსვლასთან ერთად. ხელისუფლებამ უკვე პირდაპირ დაიწყო ჩარევა კინოს წარმოების პროცესში. უფრო მეტიც, მოგვიანებით სტალინს საბჭოთა კინოს პირველი პროდიუსერიც კი შეარქვეს. ამიტომაც ლია ჯაყელმა ხაზგასმით აღნიშნა, რამდენადაც მწერალს შეეძლო თავისი ნაწარმოები უჯრაში შეენახა მომავალი თაობებისთვის, ფილმის გადაღება ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხერხდებოდაო.

ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებასთან ეს მუდმივი კონტაქტი კინოს ენას თავისებურებას ანიჭებდა. ის, რაც, მაგალითად, ქართულ კინოში ხდებოდა, ცოტა არ იყოს ჰგავს ირანულ კინოში შექმნილ სიტაუციას დღესდღეობით, როცა მთელი კინემატოგრაფი, ფაქტობრივად, ალეგორიებზე, მრავალმნიშვნელოვან სახეებზე არსებობს და ვითარდება... და ვითარდება ძალზე საინტერესოდ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იმ ცნობილი რუსული სიმღერისა არ იყოს, ”მხოლოდ გალიაში მეტყველებენ თუთიყუშები. ტყეში მათ ენა ავიწყდებათ”, გამოდის, რომ სწორედ ”გალიაში” გრძელდებოდა ახალი მხატვრული ფორმების ძიება, ხოლო როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, როგორც კი ცენზურა - უფრო სწორად, სახელმწიფო ცენზურა - გაქრა, კინოს პრობლემები შეექმნა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რეალობის ასახვის გამოცდილება კინოს არ ჰქონდა? საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად ქართული კინოს ენაც - ”ეზოპეს ენა” - მოკვდა?

დისკუსიაზე ქართული საბჭოთა კინოს განვითარების განსხვავებული ეტაპები გაიხსენეს. და ისიც თქვეს, რომ შედარებითი თავისუფლების მოპოვებასთან ერთად, იგრძნობოდა რეალობის ასახვის სურვილი, სინამდვილესთან დაახლოების სურვილი - თუნდაც 50-იანი წლების მიწურულს და 60-იანი წლების დასაწყისში, ეგრეთ წოდებული ”ოტტეპელის” დაწყების დროს, როცა თენგიზ აბულაძემ ”სხვისი შვილები” გადაიღო, ლანა ღოღობერიძემ - ”ერთი ცის ქვეშ”... სხვათა შორის, დისკუსიაში მონაწილეობა თავად ლანა ღოღობერიძემაც მიიღო, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ფილმში შესული ერთი ნოველა, ”თავადის ქალი მაია”, ვერ მოხვდა იმ ასლში, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში უჩვენეს - ”თავადის ქალი” საბჭოთა ეკრანზე არ უნდა გამოეხატათ ისე, რომ თანაგრძნობა გამოეწვია მაყურებელში... დისკუსიაზე მრავალი ასეთი მაგალითი გაიხსენეს. გვიამბეს იმაზე, თუ რა არ მოსწონდათ ქართველ და რა არ მოსწონდათ რუს ცენზორებს მოსკოვში... რატომ შეექმნა პრობლემები საქართველოში, მაგალითად, ოთარ იოსელიანის ”გიორგობისთვეს” და რატომ გამოვიდა ადვილად საბჭოთა ეკრანებზე... და რა ხდებოდა ქართულ კინოში ხელისუფლების სათავეში შევარდნაძის მოსვლის შემდეგ, როცა კინო შედარებით განთავისუფლდა ადგილობრივი ცენზურის ზემოქმედებისგან. იმხანად, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე ფილმს შეუქმნა ცენზურამ ბარიერი - ეკრანებზე არ გამოვიდა გელა კანდელაკის ფილმი ”უბედურება” და ეკრანებზე გამოვიდა, მაგრამ ძალზე უჩვეულო სახით, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი ”ცხელი ზაფხულის სამი დღე”... თავად მერაბ კოკოჩაშვილმა გვიამბო პრობლემებზე, რომელიც ამ ფილმს შეექმნა.

”იგავის ენა”? რა თქმა უნდა, ამ ფილმს არა აქვს იგავის ენა... ყოველ შემთხვევაში, ტრადიციული გაგებით. თუმცა მერაბ კოკოჩაშვილი დისკუსიის დროს დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ცენზურასთან ეს კონტაქტი ქართველ რეჟისორებს აიძულებდა გადაკვრით ეთქვათ სათქმელი.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ მოგვიანებით ეს დისკუსია ინტერნეტით გაავრცელა, რაც სრულიად საკმარისი გახდა მის გასაგრძელებლად. ახლა უკვე არამარტო ახალგაზრდებმა გამოთქვეს ეჭვი ტერმინისა და დისკუსიის სათაურის მიმართ - ”ეზოპეს ენა ქართულ კინოში”... დისკუსია სოციალურ ქსელებშიც გაგრძელდა... სასიხარულოდ. და ამ ორგანიზაციის მიზანიც ხომ ეს იყო: ვიმსჯელოთ ჩვენს წარსულზე და არ შეგვეშინდეს სტერეოტიპების ნგრევის.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG