Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WTO-ს, ოპოზიციის აქტივობებისა და დონალდ ტრამპის კვირა


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებათა დაწყება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში და ოპოზიციის აქტივობები გასული კვირის ძირითადი მოვლენებია.

გასული სამუშაო კვირის მთავარ მოვლენად იქცა რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკების დაწყება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. ბევრი ფიქრობდა, რომ დასავლელი პარტნიორები თბილისზე ზეწოლას მოახდენდნენ და რუსეთი საქართველოს თანხმობას იოლად მიიღებდა. ევროკავშირს და აშშ-ს არაერთხელ ღიად გამოუთქვამთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის დროული გაწევრიანების სურვილი. ეს სურვილი და მხარდაჭერა რუსეთს კვირის დასაწყისში მოსკოვში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა:

”შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წარმომადგენლებთან ჟენევაში, რათა ეს პროცესი წინ წავწიოთ. ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ რეალურ პროგრესს.”

რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრის შემდეგ რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ იური უშაკოვმა ჟურნალისტების წინაშე შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერ-მინისტრს აცნობა, რომ ვაშინგტონი თბილისთან განიხილავდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს და ისიც ითქვა, ხელის შეშლა საჭირო არ არისო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს დღეს რუსეთისთვის არ მიუცია პირდაპირი პირობა, რომ საქართველოსთან ამ საკითხს მოაგვარებს.

უფრო მეტიც, რუსეთში ბაიდენის ჩასვლამდე პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ საკითხი საქართველოსა და რუსეთის მთავრობების გადასაწყვეტია და რომ ვაშინგტონი თბილისზე ზემოქმედებას არ აპირებს.

აშშ-ის ასეთი პოზიციის ფონზე საქართველომ რუსეთისგან მოლაპარაკების განახლების შესახებ ოფიციალური მიწვევა მიიღო. 9-10 მარტს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში მხარეთა შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლებმა ერთმანეთს პოზიციები გააცნეს. შეგახსენებთ, საქართველოს პოზიცია უცვლელია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი ამბობს:

„ქართული მხარის მოთხოვნა არის ერთადერთი, ეს არის საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზაცია მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან.“

რუსეთი კი ამას საკითხის პოლიტიზებას უწოდებს და საქართველოს ქართული პროდუქციისთვის ჩაკეტილი რუსეთის ბაზრის შესაძლო გახსნაზე მიანიშნებს.
რუსეთში ქართული ღვინის დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ ”როსპოტრებნადზორის” უფროსი გენადი ონიშჩენკო ალაპარაკდა. მან რუსეთის მედიას განუცხადა, რომ თანახმაა ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს, ოღონდ სათანადო კონტროლის გავლის საფუძველზე.

საქართველოში აცხადებენ, რომ ეს საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ ისედაც გადაწყდება, ამ ორგანიზაციის მთავარი მისია სწორედ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერების მოშლაა. რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს თითქმის არაფერს სთავაზობს:

”იმწუთში, როგორც კი ჩვენ ვიტყვით რომ ეს საბაჟო-გამშვები პუნქტები ჩვენ არ გვაინტერესებს, რეალურად ვაფიქსირებთ იმ ვითარებას, რაზეც რუსეთი საუბრობს - ახალი რეალობა.”

ბერნში რუსეთ-საქართველოს შორის გამართული მოლაპარაკება კი იმით დასრულდა, რომ მხარეები შემდგომი შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ.

გასულ კვირაში აქტივობა შეიმჩნეოდა ოპოზიციურ ძალებში, მაგრამ არა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ეგრეთ წოდებულმა “ოპოზიციურმა რვიანმა” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგი წარუდგინა.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ”ოპოზიციური რვიანის” ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც მათ სხვა დანარჩენ მოთხოვნებთან ერთად ხელისუფლებას წარუდგინეს, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესის შეცვლაა, რომლის მიხედვითაც, სიების შედგენა ბიომეტრიული პარამეტრების შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე უნდა მოხდეს. ხელისუფლების კალკულაციით, სიების მსგავსი წესით შედგენა დაახლოებით 190 მილიონი ლარი დაჯდება, ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ხარჯი სამჯერ აღემატება მათ მიერ გამოთვლილ ხარჯს. ”ოპოზიციური რვიანის” ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა 7 მარტს ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულების გაანგარიშების შედარებითი დახასიათება გააცნო საზოგადოებას. ჩვენი პროექტი ერთ წელზეა გათვლილი, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ ხარჯები რატომღაც შვიდ წელზე გაწერა, ამბობს ირაკლი მელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

”ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა კალკულაცია, რომლის მიხედვითაც, ბარათების თვითღირებულებაში შეიტანა შვიდი წლის ხელფასები, ოფისების სამეურნეო, საკომუნიკაციო ხარჯები. ასევე არასწორად არის დათვლილი ადამიანების რაოდენობა, რაც ამ პროექტის განხორციელებას სჭირდება. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ხარჯები რეალურ ხარჯებთან შედარებით სამჯერ დიდია”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი არგუმენტები 9 მარტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ოპოზიციურ რვიანთან“ გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბიომეტრიული პირადობის მოწმობების საფუძველზე საარჩევნო სიის შედგენაზე მხოლოდ თბილისში თანხმდება იმ პირობით, თუ ამას დონორი ორგანიზაციები დააფინანსებენ.

საუბარი შეიძლება იყოს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე, გვითხრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა. მისი განმარტებით, საარჩევნო სიის ბიომეტრიული მონაცემებით შედგენა შეიძლება განვიხილოთ როგორც საპილოტე პროექტი:

”თუ დონორების მიერ შესაბამისი დაფინანსება იქნება ამ მიზნით გამოყოფილი, შესაძლებელია საცდელი, საპილოტე პროგრამის სახით ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიები შედგეს თბილისის მასშტაბით.”

ასეთი მიდგომის მთავარ არგუმენტად მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკის უქონლობა სახელდება.

კიდევ ერთი ოპოზიციური აქტივობის შესახებ: გასულ კვირაში წარმომადგენლობითი სახალხო კრების სათათბირო დარბაზმა, რომლის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძეა, ჭადრაკის სასახლეში „შეფიცულთა რაზმი“ დააფუძნა. დარბაზის გადაწყვეტილებით, შეფიცულებს მსახიობი გია ბურჯანაძე უხელმძღვანელებს. წესდების მიხედვით, უიარაღო „შეფიცულები“ დაიცავენ და გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაზარალებულ პირებს. „შეფიცულთა რაზმის“ დაფუძნება ფიცის დადებითა და შეფიცულთა კომიტეტებისათვის დროშების გადაცემით დასრულდა.

გასული კვირის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემად შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პენსიების 100 ლარამდე გაზრდის შესახებ და, ასევე, მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ მილიარდერს დონალდ ტრამპს შეხვდა. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საქართველოში ტრამპის სახელს ორი დიდი კომპლექსის მშენებლობა დაუკავშირდება. ბათუმსა და თბილისში ”ტრამპტაუერის” მშენებლობისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
XS
SM
MD
LG