Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ შეიარაღება, მერე - ემბარგო და განადგურება


ლიბია
ლიბია
ლიბიაში შექმნილი ვითარება სულ უფრო მეტად აიძულებს დასავლეთს, უფრო აქტიური სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯებით ალაგმოს მუამარ კადაფი, რომელიც ავიაციის, არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით ცდილობს აღადგინოს კონტროლი ოპოზიციის ხელში გადასულ ქალაქებზე. სამხედრო ჩარევას არა, მაგრამ იარაღის ემბარგოს რეჟიმის ამოქმედებას ლიბიის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რუსეთმა, რომლის სამართლებრივი წინაპარი, საბჭოთა კავშირი, თავის დროზე უხვად ამარაგებდა კადაფის რეჟიმს შეტევითი შეიარაღებით. თუმცა ერთი დიქტატორული რეჟიმისათვის იარაღის ემბარგოს დაწესება სულაც არ უშლის რუსეთს ხელს ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები განალაგოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რასაც დასავლეთის მხრიდან ჯერ არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
ასე იყო ეს ერაყში, ბალკანეთში და ასე შემდეგ, სადაც სწორედ ფრენისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადებით დაიწყო ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია...

ექსპერტების შეფასებით, ლიბიის კრიზისი მიუახლოვდა იმ წერტილს, როდესაც საერთაშორისო დიპლომატიამ ადგილი უნდა დაუთმოს საერთაშორისო სამხედრო ჩარევას. საამისოდ პირველი პირობა უკვე არსებობს. არაბულმა ლიგამ შაბათს მხარი დაუჭირა ფრენისათვის აკრძალულ ზონად ლიბიის გამოცხადებას. ჯერი ახლა გაეროზეა, რომელმაც საერთაშორისო მანდატი უნდა მისცეს ნატოს სარდლობას ასეთი საავიაციო ოპერაციის დასაწყებად. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ფრენისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადებით დაიწყო ბოლო ათწლეულების ყველა მსხვილი საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მრავალეროვნული სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ლიბიაშიო, - ამბობს „ეჟენედელნი ჟურნალის” სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ გოლცი:

”ასე იყო ეს ერაყში, ბალკანეთში და ასე შემდეგ, სადაც სწორედ ფრენისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადებით დაიწყო ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია. მეორე მხრივ, ნათელია, რომ ნატოს ქვეყნები ამჯერად სხვა, უფრო მსხვილი სამხედრო ოპერაციისათვის მზად არ არიან. ეს ნიშნავს, რომ მუამარ კადაფის ხელიდან გამოეცლება თავისი მთავარი სამხედრო უპირატესობა - შესაძლებლობა განახორციელოს საავიაციო იერიშები საკუთარ ხალხზე. ეს არის და ეს.“
ამ სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი რუსული წარმომავლობისაა, მაგრამ ის შეძენილია საბჭოთა კავშირის დროს...

შეერთებული შტატები, რომლის თავდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ „რთულ ამოცანას“ უწოდებდა ლიბიაში ფრენის აკრძალვის რეჟიმის უზრუნველყოფას, მიესალმა არაბული ლიგის გადაწყვეტილებას. ამგვარი სანქციის პრინციპული წინააღმდეგია რუსეთის ფედერაცია, თუმცა მოსკოვმა მხარი დაუჭირა ეკონომიკურ სანქციებს და საბრძოლო იარაღის ემბარგოს მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ. არადა, ლიბიის მთავარი იარაღის მიმწოდებელი ქვეყანა ათწლეულების მანძილზე იყო საბჭოთა კავშირი და შემდეგ მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი. ამ სამხედრო-ტექნიკურ გარიგებას ადასტურებს ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ამსახველი კადრები, რომელზეც კარგად ჩანს, თუ როგორ იყენებენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მომხრე სამხედრო ფორმირებები რუსული წარმოების შეიარაღებას, აცხადეს მოსკოვში მცხოვრები სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ გოლცი:

„ვფიქრობ, რომ ამ სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი რუსული წარმომავლობისაა, მაგრამ ის შეძენილია საბჭოთა კავშირის დროს. კადაფის აქვს ჩვენი სამხედრო ტექნიკის ძველი მოდელები, მან შეძლო რუსეთისაგან ცოტაოდენი სამხედრო ტექნიკა სულ ახლახან შეეძინა, როდესაც სანქციები იქნა გაუქმებული.“
რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიტანა ისეთი შეტევითი შეიარაღება, უკიდურესად საშიში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგონისათვის,როგორიცაა სისტემა „ურაგანი“, „სმერჩი“, „ს- 300“ და „ტოჩკა უ“...

ცოტაა ეს შეიარაღება თუ ბევრი, ფაქტი უცვლელია: ამ იარაღით კადაფი გზიდან იცილებდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, ამ იარაღს აწვდიდა ლიბიის რეჟიმი ექსტრემისტულ ისლამისტურ დაჯგუფებებს და ამ იარაღით ე.წ. ჯამაჰირიის დამცველი სამხედრო ძალები არა მხოლოდ შინაურ მოწინააღმდეგეებს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ძალებსაც მიაყენებენ გამანადგურებელ დარტყმას. სავარაუდოდ, მუამარ კადაფის ხელთ არ უნდა ჰქონდეს უფრო თანამედროვე ტიპის შეტევითი შეიარაღება, ისეთი, როგორიცაა ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემები ანდა რეაქტიული დანადგარები. სამაგიეროდ, მოსკოვმა „ტოჩკა-უს“, „ურაგანისა“ და „სმერჩის“ განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყო.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თებერვლის ბოლოს რადიო თავისუფლების სათავო ოფისში ყოფნის დროს განაცხადა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოს ცალმხრივ ინიციატივას, არ გამოიყენოს ძალა ოკუპირებული ტეროტორიების ძალით დასაბრუნებლად, რუსეთმა „ქრონოლოგიური მილიტარიზებით“ უპასუხა.

„რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიტანა ისეთი შეტევითი შეიარაღება, უკიდურესად საშიში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგონისათვის,როგორიცაა სისტემა „ურაგანი“, „სმერჩი“, „ს- 300“ და „ტოჩკა უ“. ეს უკანასკნელი, როგორც იცით, შეიძლება აღიჭურვოს არა მხოლოდ ჩვეულებრივი ქობინით (თუმცა ისედაც საშიშია, შედგება 50-მდე კასეტური ბომბისაგან), არამედ ბირთვული ქობინითაც. თუ რისთვის სჭირდება რუსეთს „ტოჩკა უ“ სამხრეთ კავკასიაში, სრულიად გაუგებარია.“
ეს არის შედეგი მოსკოველი მოხელეების დასკვნისა, მოხელეებისა, რომლებსაც რაღაც სურთ დაუმტკიცონ საქართველოს ხელისუფლებას...

რუსეთმა საქართველოს მიერ ამ ფაქტზე განგაშის ატეხას თავიდან წაუყრუა, მოგვიანებით კი, 4 მარტს, ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, დაადასტურა „ტოჩკა უ“-ს არსებობა ცხინვალის რეგიონში, თუმცა იქვე დასძინა, „რუსეთმა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი წვრთნების მიზნით განათავსაო“. მაგრამ როგორი მიზნითაც უნდა იყოს ასეთი საშიში იარაღი შეტანილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იგი აუცილებლად გაისვრის. მით უფრო, რომ ამ ტაქტიკური რაკეტების კვალი გორსა და მის მიმდებარე სოფლებს დღემდე აჩნია.

„ეს არის შედეგი მოსკოველი მოხელეების დასკვნისა, მოხელეებისა, რომლებსაც რაღაც სურთ დაუმტკიცონ საქართველოს ხელისუფლებას“, - ამბობს მოსკოველი ანალიტიკოსი ალექსანდრ გოლცი. თუმცა ექსპერტს იმდენად არა მოძველებული „ტოჩკა უ“-ს განლაგება აშინებს ცხინვალის რეგიონში, რამდენადაც ის ფაქტი, რომ ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის გასცდა „რაციონალურის ფარგლებს“, რის გამოც „ნებისმიერი, ყველაზე შემზარავი სისულელეც კი შეიძლება იქნეს ჩადენილი.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG