Accessibility links

logo-print

იაპონიაში, ატომურ სადგურზე, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა


იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე დღეს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. აფეთქდა მესამე რეაქტორი. ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა ექვსი ადამიანი. მთავარი კონტეინერი ამ აფეთქების შედეგად არ დაზიანებულა. კვირას, ატომური სადგურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რადიაციის დონე უსაფრთხოების ლიმიტს ასცდა, თუმცა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ”პირდაპირ საფრთხეს” არ წარმოადგენდა. შაბათს მომხდარმა აფეთქებამ პირველი რეაქტორის სახურავი დააზიანა. პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის განცხადებით, ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავაც შემაშფოთებელია და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს დაზიანების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საინფორმაციო სააგენტო "კიოდოს" ცნობით, დღეს მიიაგის პრეფექტურის მიმდებარე სანაპიროზე ცუნამის დროს დაღუპულთა 2000 ცხედარი ნახეს გამორიყული. იაპონიაში ამ დღეებში დაახლოებით 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თითქმის ორი მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს პროგნოზით, მომავალი სამი დღის განმავლობაში შვიდბალიანი მიწისძვრის 70%-იანი საშიშროება არსებობს. "ნიკეის" ფასი ორშაბათს 6%-ით დაეცა, დოლართან მიმართებით გაუფასურდა იაპონური იენი. მკვეთრად შემცირდა ”სონისა” და ”ტოიოტა მოტორის” აქციათა ფასებიც. ამას წინ უძღოდა ის, რომ ”იაპონიის ბანკმა” საბანკო სისტემაში გაუშვა რეკორდული რაოდენობის თანხა - 180 მილიარდი დოლარი ბაზარზე რყევების შესამსუბუქებლად.
XS
SM
MD
LG